ახალი ამბები

ბიწაძე: ეკა გიგაურმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სასაზღვრო პოლიციის რეფორმაში

8 ნოემბერი, 2018 • 3629
ბიწაძე: ეკა გიგაურმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სასაზღვრო პოლიციის რეფორმაში

სასამართლო სხდომაზე, რომელზეც გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ ეკა გიგაურის სარჩელს განიხილავდნენ, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე დასკვნის სახით დაკითხეს.

საქმე ეხება “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თავმჯდომარის საჩივარს, რომლითაც სასამართლოს მიმართა მას შემდეგ, რაც ხაინდრავამ და ადამაშვილმა გიგაური 7 ნოემბერს აქციის დარბევაში მონაწილეობაში დაადანაშაულეს. ისინი ირწმუნებიან, რომ სწორედ აღნიშნულის გამო ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე მიანიჭეს სასაზღვრო პოლიციაში, რომელშიც იმ პერიოდში მუშაობდა.

უწყების ყოფილმა უფროსმა ბიწაძემ მედიასთან საუბრისას ხაინდრავას ბრალდებების საპასუხოდ აღნიშნა, რომ  გიგაური სასაზღვრო პოლიციაში მისი საქმიანობიდან გამომდინარე დააწინაურა.

„…ქალბატონი გიგაური იყო ლეიტენანტი და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი სასაზღვრო პოლიციის რეფორმაში. განსაკუთრებულად მუშაობდა აშშ-ის სასაზღვრო პროგრამასთან და აქედან გამომდინარე, წავახალისეთ და ჩემი წარდგინებით მივმართე მინისტრს, რომ ერთი საფეხურით მოემატებინა წოდება,“ – განაცხადა ბადრი ბიწაძემ.

ბიწაძე გამოეხმაურა ხაინდრავას კიდევ ერთ განცხადებას, თითქოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 2007 წელს პრემიები აქციის დაშლაში მონაწილეობის გამო მიიღეს. მისი თქმით, უწყების თანამშრომლებს პროცესში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ, პრემიები კი სასაზღვროში გაიცემოდა როგორც 2007 წელს, ისე მანამდე და მას შემდეგ.

პროცესზე იმყოფებოდა როგორც ხაინდრავა, ისე არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” თავმჯდომარე გურამ ადამაშვილი. ადამაშვილის თქმით, ვინაიდან აქციის დაშლისა და გიგაურისთვის კაპიტნის წოდების მინიჭების პერიოდი ემთხვევა, მას “ეჭვი” გაუჩნდა, რომ პროცესებში მონაწილეობას ისიც იღებდა.

ეკა გიგაურმა ხაინდრავასა და ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 2015 წელს უჩივლა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში დარბევაში მონაწილეობის ბრალდება ეკა გიგაურის მიმართ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც გაახმიანა. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ამას დოკუმენტებით ხელში ამტკიცებენ, თუმცა ეკა გიგაური კითხვებზე პასუხის გასაცემად სასამართლოში არ გამოცხადებულა.

თეა წულუკიანის გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად ეკა გიგაურიც. მისი თქმით, სამოქალაქო სარჩელი, რომელზეც წულუკიანი ლაპარაკობს, თავად მინისტრის წამოწყებულია.

“ზუსტად იცი, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მე ვუჩივლე თქვენს სატელიტებს. ვიცოდი, რომ თქვენგან იმართებოდნენ, მაგრამ ახლა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში”, – დაწერა მაშინ გიგაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი