ახალი ამბები

ილია მეორემ “იმედის ფესტივალის” ერთ-ერთ ორგანიზატორს საპატრიარქოში უმასპინძლა

10 ივნისი, 2014 •
ილია მეორემ “იმედის ფესტივალის” ერთ-ერთ ორგანიზატორს საპატრიარქოში უმასპინძლა

ნეტგაზეთის კითხვას, ისაუბრეს თუ არა ვიქტორმ გამმა და ილია მეორემ იმ კონტრაქციასთან დაკავშირებით, რომელიც “იმედის ფესტივალის” პარალელურად მიმდინარეობდა მრევლის წარმომადგენლების მონაწილეობით, ასევე, ფესტივალის ორგანიზების კუთხით წარმოქმნილ პრობლემებზე, ლელა ხონელიძემ ასე უპასუხა:

 

“ზოგადად, პატრიარქმა გამოთქვა წუხილი იმის გამო, როგორც ჩატარდა ღონისძიება…

 

ადრეც იყო საუბარი, რომ პატრიარქთან შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა ეს რაღაც პერიოდით გადაიდო და როდესაც ჩვენი ღონისძიება დამთავრდა, საპატრიარქოდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ილია მეორეს სურვილი ჰქონდა ჩვენს მთავარ სტუმართან შეხვედრის. ჩვენი მთავარი სტუმარი ფრანკლინ გრემი მას ვერ შეხვდა, რადგანაც დროში ვერ დაემთხვა ეს ამბავი [ფრანკლინ გრემი საქართველოდან გაემგზავრა] და ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი შეხვდა მას”, – ამბობს ლელა ხონელიძე. ნეტგაზეთმა პატრიარქის მდივანთან, მიქაელ ბოტკოველთან დაკავშირება და შეხვედრის თაობაზე საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირება ვერ შეძლო.

 

ილია მეორისა და ვიქტორ გამის შეხვედრა საპატრიარქოში - 09.06.14
ილია მეორისა და ვიქტორ გამის შეხვედრა საპატრიარქოში – 09.06.14

 

“იმედის ფესტივალი” 6-8 ივნისს სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო, თუმცა 3 ივნისს სასახლის ერთ-ერთ ფოიეში ხანძარი გაჩნდა, რის გამო შენობის ადმინისტრაციამ ორგანიზატორებს ფართის მიქირავებაზე უარი უთხრა. ლელა ხონელიძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ცნობილია გახდა, რომ სპორტის სასახლეში ღონისძიების ჩატარებას ვერ ახერხებდნენ, მათ ალტერნატიულ ფართზე დაიწყეს ფიქრი და თბილისში მდებარე დაახლოებით 15-მდე ობიექტს მიმართეს, მათ შორის ცირკს, დინამოს სტადიონს, ლოკომოტივის სტადიონს, იპოდრომს, თუმცა აბსოლუტურად ყველა მათგანისაგან უარი მიიღეს ფართის მიქირავების შეთავაზებაზე. საბოლოო ჯამში, ღონისძიება სპორტის სასახლის ნაცვლად, დიდუბეში მდებარე სახარების რწმენის ეკლესიის ეზოში გაიმართა, თუმცა ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა მის პარალელურად საპროტესტო აქცია გამართა


7 ივნისს ვიქტორ გამი ეკლესიის ეზოდან გამოვიდა, აქციის მონაწილეებს, მათ შორის გიორგი გაბედავას შეხვდა და ისინი ღონისძიებაზე შეიპატიჟა იმაში დასარწმუნებლად, რომ იქ არაფერი ცუდი არ ხდებოდა, თუმცა მათ ეს წინადადება არ მიიღეს.

 

საპატრიარქო თბილისში მასშტაბური საევანგელიზაციო ფესტივალის ჩატარების საკითხს ჯერ კიდევ 30 მაისს გამოეხმაურა და განაცხადა:

 

“მასმედიის და ბილბორდების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია თბილისში, სპორტის სასახლეში ა.წ. 6-7-8 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ორმოცდაათიანელთა რელიგიური ორგანიზაცია ატარებს და ჩამოყავთ ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის ცნობილი მქადაგებლის, ბილი გრემის შვილი, ფრანკლინი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთი ინიციატორი არის საქართველოს საპატრიარქო, რაც მრევლში სერიოზულ გაურკვევლობას იწვევს . როგორც აღვნიშნეთ, ღირსი ფრანკლინ გრემის ჩამოსვლა არის ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მიერ მოწყობილი და ამ ღონისძიებასთან საქართველოს საპატრიარქოს კავშირი არ აქვს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი