ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქე თვითმფრინავის გატაცების მცდელობის ბრალდებით დააკავეს

10 ივნისი, 2014 •
საქართველოს მოქალაქე თვითმფრინავის გატაცების მცდელობის ბრალდებით დააკავეს

“[ფრენის დროს] ეკიპაჟის მეთაურს მიუვიდა წერილი ერთ-ერთი მგზავრისაგან, რომელიც ქუთაისი-მინსკის რეისის შეცვლას და თვითმფრინავის ევროპის ერთ-ერთ ქალაქში დასმას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი აფეთქებით იმუქრებოდა. თვითმფირნავში 32 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა”, – წერს რია ნოვოსტი.


 

საბოლოო ჯამში, სააგენტოს ცნობით, პილოტმა თვითმფრინავი მაინც მინსკში დასვა, მოლაპარაკების შემდეგ კი საქართველოს მოქალაქე პოლიციას ჩაბარდა. ამის შემდეგ თვითმფრინავიდან სხვა მგზავრებიც გავიდნენ. “რია ნოვოსტის” ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მინსკში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა “ბელავიას” გენდირექტორს, რომელმაც ეს ფაქტი დაუდასტურა. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ბელორუსის უშიშროების სამსახურში იმყოფება:


“ამ ეტაპზე საელჩო მუშაობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაზეც…”, – აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.


აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ასეთია:


“10 ივნისს, 04:59 საათზე ქუთაისი-მინსკის ავიარეისის დროს, აფრენიდან 34 წუთის შემდეგ თვითმფრინავის ეკიპაჟმა ქუთაისის აეროპორტი თვითმფრინავის შესაძლო უკან დაბრუნების შესახებ გააფრთხილა. როგორც ეკიპაჟმა აეროპორტს გადასცა, ბორტზე მყოფი, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი მგზავრი არაადეკვატურად იქცეოდა და მოითხოვდა თვითმფრინავის დასმას ევროპის რომელიმე ქვეყნის აეროპორტში. შექმნილი ვითარების მიუხედავად, თვითმფრინავი დანიშნულების ადგილზე – მინსკის აეროპორტში ჩაფრინდა. რეისის განხორციელებამდე თითოეულმა მგზავრა, მათ შორის ზემოაღნიშნულმა პირმა, წარმატებით გაიარა შემოწმების სტანდარტული პროცედურა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი მგზავრობისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებდა. ამჟამად ზემოაღნიშნული მგზავრი დაკავებულია მინსკის აეროპორტის საავიაციო უშიშროების უწყების მიერ და მიმდინარეობს გამოძიება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი