ახალი ამბები

ქარტია აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ქმედებას ჟურნალისტზე ზეწოლად აფასებს

9 ივნისი, 2014 •
ქარტია აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ქმედებას ჟურნალისტზე ზეწოლად აფასებს

ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატის ქმედება ჟურნალისტზე ზეწოლაა:

 

“დღეს, 2014 წლის 9 ივნისს, ბათუმში მოქმედმა ტელეკომპანიამ “ტელეარხი 25” გამოაქვეყნა ჟურნალისტ ჯაბა ანანიძისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის სატელეფონო საუბარი. სატელეფონო საუბრისას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რომელიც ამავე დროს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა, ჟურნალისტს პროკურატურით ემუქრება.

 

ჟურნალისტი ფიქრობს, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ზარი “ტელეარხ 25”-ის ეთერში გასულ საგამოძიებო ფილმს მოჰყვა. ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული ფილმი “უმაღლესი კომფორტით” არხის ეთერში 2014 წლის 8 ივნისს გავიდა.

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირების მედიასთან ურთიერთობის მსგავს ფორმებს და დეპუტატის ზარს ჟურნალისტთან და მის შინაარსს აფასებს მუქარად და ზეწოლის მცდელობად.

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს დეპუტატ მედეა ვასაძის პასუხისმგებლობის საკითხი და მოუწოდებს აჭარის უმაღლეს ორგანოს, უსწრაფესი რეგირება მოახდინოს დეპუტატის ქმედებაზე.

 

ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს, შეისწავლონ ვითარება და იმოქმედონ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ასევე სთხოვს საქართველოს სახალხო დამცველსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ამ შემთხვევით,”–აღნიშნულია განცხადებაში.

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: „ახლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას. ხვალ უნდა დავურეკო პროკურორს და უნდა ვუთხრა, რომ შენ, ჯაბა ანანიძე რომ აფურთხებ ცხვირ-პირში რესპუბლიკის პროკურორს და პროკურატურას, როგორ არ გრცხვენია. აი, რამდეხანს უნდა აჯიჯგნინო საკუთარი თავი მეთქი ვეტყვი პროკურორს და მედეა ვასაძე მეთქი.  

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ჯაბა ცოლი გყავს შენ?

 

ჟურნალისტი: არა

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ახლა რა მინდა გითხრა მე შენ. ქალაქში რა ხმები დადის შენზე იცი?

 

ჟურნალისტი: რა ხმები დადის?

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: იცი რა ხმები დადის? რომ საეჭვო მიხვრა მოხვრა აქვსო ჯაბასო.

 

ჟურნალისტი: რას ნიშნავს საეჭვო მიხვრა მოხვრა?

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი:  აი, ორიენტაციას აყენებენ შენსას ეჭვის ქვეშ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი