მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთი უცდიდა, როდის აღძრავდა საქმეს საქართველოს ხელისუფლება, ახლა კი დამოუკიდებლად მოქმედება დაიწყო:
“მთელი ეს პერიოდი ელოდებოდნენ, რომ შეთანხმებისამებრ, როგორც ჩანს, საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას აღეძრა ჩემზე საქმე, მაგრამ მას შემდეგ, რაც მკაცრად გააფრთხილა ევროკავშირმა და პრინციპში იმდენი ქექეს და მაინც ვერაფერი იპოვნეს, რუსებმა მოიხსნეს ხელთათმანები და თვითონ აღძრეს საქმე და თვითონ აპირებენ ჩემზე ძებნის გამოცხადებას. მე ვფიქრობ, ეს ამ იმპერიის დიდი სისუსტის ნიშანია და ეს სისუსტე უფრო გაძლიერდება მათში. “
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი არ გამორიცხავს გამოაცხადოს ძებნა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე ექსჩინოსანზე, რომლებიც, მათი განცხადებით, 2008 წელს სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე არიან პასუხისმგებელნი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “იტარ–ტასი” ავრცელებს.
ეს ინფორმაცია “იტარ–ტასს” რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა მიაწოდა.
“გამოძიების მასალებით, საქართველოს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა კეზერაშვილმა, შს მინისტრმა მერაბიშვილმა და სხვებმა დაისახეს მიზნად გაენადგურებინათ ოსები, რომლებიც ცხოვრობენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე” – განუცხადა “იტარ–ტასს” მარკინმა.








