ახალი ამბები

მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ფოტოსურათებიანი სიების საკითხს შეისწავლის

28 ნოემბერი, 2018 • 1167
მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ფოტოსურათებიანი სიების საკითხს შეისწავლის

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატი აცხადებს, რომ შეისწავლის, როგორ აღმოჩნდა პარტიული კოორდინატორების ხელში ამომრჩევლის სურათებიანი სიები.

“ამომრჩეველთა სია და მასში არსებული ინფორმაცია პერსონალური მონაცემებია და მათი დამუშავებისთვის საჭიროა კანონით დადგენილი საფუძვლის არსებობა და პრინციპების დაცვა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების კოორდინატორებს საარჩევნო უბნებთან ხელთ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიები, საყურადღებოა და დამატებით შესწავლას საჭიროებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ტიპის სიებს ეხება საქმე, როგორ მოხდა მათი მოპოვება და როგორ ხდება მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების გამოყენება.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სთხოვს დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები და დამატებითი ინფორმაცია. წინასაარჩევნო პერიოდში ინსპექტორის აპარატს დაწყებული აქვს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული 10-მდე სხვადასხვა საკითხის შეწავლა, მიმდინარეობს არაერთი მოქალაქის განცხადების განხილვა და მზად ვართ, კომპეტენციის ფარგლებში მოვახდინოთ რეაგირება ამომრჩეველთა მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ნებისმიერ ფაქტზე”, – აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, თუ კოორდინატორს აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და მისი მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას, ეს კანონმდებლობის დარღვევა არ არის.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, მთავარია, აღნიშნულ სიებზე პირადი ნომრები არ იყოს დატანილი.

“არსებობს სიის სამაგიდო ვერსია, რომელიც აქვთ მხოლოდ რეგისტრატორებს და არსებობს სიის საჯარო ვერსია, რომელიც არის გაკრული. ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია დამუშავებისთვის და ინფორმაციისთვის ასევე მიწოდებული ჰქონდა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული სიის გადაცემა, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შესაბამისად, თუკი გარეთ რომელიმე კოორდინატორს აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და მისი მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას, ეს კანონმდებლობის მიხედვით დარღვევა არ არის”, – განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიას თან ახლავს ფოტოები, თუმცა პირადობის მოწმობის ნომერი დატანილი არ არის.

ცნობისთვის, საარჩევნო უბნების ნაწილში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კოორდინატორებს ფოტოსურათებიანი სიები აქვთ, სავარაუდოდ, ამომრჩევლის აღსარიცხად. “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლების განცხადებით, ეს ცესკოს სამაგიდო სიებია და მათ უკვირთ, როგორ აღმოჩნდა ისინი კოორდინატორების ხელში. ინფორმაცია ფოტოსურათებიანი სიების არსებობის შესახებ საიამაც გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი