ახალი ამბები

“იმედის ფესტივალი” სპორტის სასახლის ნაცვლად, ეკლესიის ეზოში გაიმართება

6 ივნისი, 2014 •
“იმედის ფესტივალი” სპორტის სასახლის ნაცვლად, ეკლესიის ეზოში გაიმართება

როგორც “ნეტგაზეთს” ფესტივალის პიარ-მენეჯერმა ლელა ხონელიძემ განუცხადა, მათ სპორტის სასახლის ხელმძღვანელობისაგან წერილობით მიიღეს შეტყობინება იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დღის წინ შენობის ერთ-ერთ ფოიეში მომხდარი ხანძრის გამო შექმნილი ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა ჯერ ვერ მოხერხდა და ამ ეტაპზე იქ ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია. ფესტივალის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ხანძრის თემა მხოლოდ მიზეზია ღონისძიების ჩატარებაზე უარის თქმის საფუძვლად, რადგან მათი აზრით, დღეის მდგომარეობით შენობა სრულიად უსაფრთხოა.


იმედის ფესტიავლი
იმედის ფესტიავლი

ლელა ხონელიძის თქმით, მათ უნდოდათ, რომ შენობაში დამოუკიდებელი ექსპერტი შესულიყო, რომელიც შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიდა და დასკვნას დადებდა, არის თუ არა სპორტის სასახლეში ფესტივალის ჩატარება შესაძლებელი, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.

“ჩვენ არც ერთი ადამიანის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებად არ გვიღირს ფესტივალი, მაგრამ დამოუკიდებელი ექსპერტი, 2-საათიანი ლოდინის მიუხედავად, იქ არ შეუშვეს. მეტიც, ჩვენ ვეუბნებოდით სპორტის სასახლის ადმინისტრაციას, რომ მზად ვიყავით უარი გვეთქვა დარბაზის იმ ერთ სექტორზე, რომლის ფოიეშიც ცეცხლი გაჩნდა, თუმცა, უშედეგოდ…”

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ცნობილია გახდა, რომ სპორტის სასახლეში ღონისძიების ჩატარებას ვერ ახერხებდნენ, მათ ალტერნატიულ ფართზე დაიწყეს ფიქრი და თბილისში მდებარე დაახლოებით 15-მდე ობიექტს მიმართეს, მათ შორის ცირკს, დინამოს სტადიონს, ლოკომოტივის სტადიონს, იპოდრომს, თუმცა აბსოლუტურად ყველა მათგანისაგან უარი მიიღეს ფართის მიქირავების შეთავაზებაზე:

“ყველამ დაასახელა რაღაც მიზეზი, თითქოს ობიექტი უკვე დაკავებულია, რემონტია და ასე შემდეგ”.

ლელა ხონელიძის თქმით, თბილისში ღონისძიების ორგანიზების თვალსაზრისით მათი პრობლემები მხოლოდ ფართის მოძიების თემით არ შემოიფარგლება. მისი განმარტებით, იმედის ფესტივალის ორგანიზატორებს, რომელთაც საქართველოში უცხოელი მუსიკოსებიც ჩამოყავთ, პრობლემები შეექმნათ ქალაქში სარეკლამო ბანერებისა და დროშების განთავსების თვალსაზრისით. ფესტივალის პიარ-მენეჯერის მტკიცებით, ისინი ღონისძიების საორგანიზაციო სამუშაოს უკვე ერთი წელია აწარმოებენ, მათ შორის სპორტის სასახლეს ფართის მიქირავებისათვის საჭირო თანხის 70 პროცენტი უკვე გადაუხადეს. მისი განცხადებით, თავდაპირველად ფესტივალის ორგანიზების საკითხები ძალიან პოზიტიურ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ეს ყველაფერი შეიცვალა და გართულებებიც დაიწყო. ხონელიძის თქმით, იგი თითქმის 95 პროცენტითაა დარწმუნებული, რომ სპორტის სასახლის ფოიეში ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა იმისათვის, რომ ფესტივალისათვის შეეშალა ხელი.

ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? – ამ კითხვაზე პასუხი ლელა ხონელიძეს არ აქვს: “ეს ჩვენც ძალიან გვაინტერესებს”.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სპორტის სასახლეში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს და ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფესტივალთან დაკავშირებით 30 მაისს განცხადება გაავრცელა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ, რომელშიც ნათქვამია:

“მასმედიის და ბილბორდების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია თბილისში, სპორტის სასახლეში ა.წ. 6-7-8 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ორმოცდაათიანელთა რელიგიური ორგანიზაცია ატარებს და ჩამოყავთ ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის ცნობილი მქადაგებლის, ბილი გრემის შვილი, ფრანკლინი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთი ინიციატორი არის საქართველოს საპატრიარქო, რაც მრევლში სერიოზულ გაურკვევლობას იწვევს . როგორც აღვნიშნეთ, ღირსი ფრანკლინ გრემის ჩამოსვლა არის ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მიერ მოწყობილი და ამ ღონისძიებასთან საქართველოს საპატრიარქოს კავშირი არ აქვს.”

ნეტგაზეთის შეკითხვას, ხომ არ უკავშირებს იგი ფესტივალის ორგანიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ხონელიძე პასუხობს, რომ მათ ამის ვარაუდის და ეჭვის საფუძველი არ აქვთ, რადგან საპატარიარქომ თავისი განცხადებით მხოლოდ მათთან ურთიერთობა გამიჯნა და ნეგატიური შეფასება არ გაუკეთებია.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გაბედავა აცხადებს, რომ 6-8 ივნისს  დაგეგმილ საევანგელიზაციო ღონისძიების ჩატარებას ხელს შეუშლის. ფესტივალის მედია-მენეჯერმა ანა ჯალალოვამ კი ნეტგაზეთს პრევენციულ ქმედებებზე საუბრის კონტექსტში უთხრა, რომ ქვეყნის ხელისუფლება, მათ შორის მისი შესაბამისი უწყებები უკვე ერთი წელია, რაც ინფორმირებული არიან იმის თაობაზე, რომ 6-8 ივნისს თბილისში ფესტივალი ჩატარდება.

ფესტივალის პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მუსიკოსები და საეკლესიო გუნდები. მისულ სტუმრებს თავის მოსაზრებას იმედზე გაუზიარებს ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის (BGEA) დირექტორი ფრანკლინ გრემი. ფესტივალზე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც არიან სტუმრები ჩასული.

სახარების რწმენის ეკლესიის ეზოში [თ.ერისთავის 1 (მ. დიდუბე] ამ დროისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. ღონისძიება ეკლესიის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.


რეპეტიცია იმედის ფესტივალის დაწყებამდე
რეპეტიცია იმედის ფესტივალის დაწყებამდე


ლელა ხონელიძის თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ 8 ივნისს, ფესტივალის ბოლო დღეს მაინც, სპორტის სასახლეში შეძლებენ ღონისძიების გამართვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი