ახალი ამბები

პოროშენკომ მხარი დაუჭირა საომარი მდგომარეობის გამოცხადებას უკრაინაში

26 ნოემბერი, 2018 • 2267
პოროშენკომ მხარი დაუჭირა საომარი მდგომარეობის გამოცხადებას უკრაინაში

რუსეთის მიერ უკრაინული გემებისთვის ცეცხლის გახსნისა და მათი დაკავების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მხარს უჭერს სამხედრო კაბინეტის შეთავაზებას უკრაინაში საომარო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ამის თაობაზე ცნობილი გახდა საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც 25 ნოემბერს, ღამით გაიმართა. თუმცა, აღნიშნულს პარლამენტის მხარდაჭერაც სჭირდება.

“მე გადავწყვიტე, დავეთანხმო სამხედრო კაბინეტის შეთავაზებას, რომ საომარი მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს ქვეყანაში რუსეთის სპეციალური ძალების თავდასხმის შემდეგ უკრაინულ გემებზე ქერჩის სრუტესთან ახლოს”, – ციტირებს პრეზიდენტს უკრაინული სააგენტო “უნიანი”.

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის თანხმობა სჭირდება. უმაღლესი რადას სხდომა აღნიშნულთან დაკავშრებით დღეს, 26 ნოემბერს, კიევის დროით 16:00–ზე უნდა დაიწყოს.

პოროშენკოს განცხადებით, საომარი მდგომარეობა არ ნიშნავს ომის გამოცხადებას, თუმცა ეს ნაბიჯი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს.

რა მოხდა აზოვისა და შავ ზღვებს შორის 25 ნოემბერს

კიევის შემდეგ, უკვე მოსკოვშიც ადასტურებენ, რომ 25 ნოემბრის საღამოს რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტესთან ახლოს, შავ ზღვაში, ცეცხლი გაუხსნა, ხომალდები კი დააკავა. ინციდენტის შედეგად, რუსეთის ცნობით, სამი უკრაინელი მეზღვაური დაშავდა, კიევის ინფორმაციით კი – 6.

უკრაინული მხარის ცნობით, 23 მეზღვაური რუსეთს ტყვედ ჰყავს აყვანილი.

აღნიშნული ინციდენტი 25 ნოემბრის დილას დაწყებული პროცესებისგაგრძელებაა. დაძაბულობის ესკალაციაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კიევის ცნობით, “ღიად აგრესიული ქმედებები” რუსეთის მხრიდან პირველად მაშინ განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან[შავი ზღვა] მარიუპოლისაკენ[აზოვის ზღვა] მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულ ბუქსირს განგებ შეეჯახა, შედეგად ბუქსირის რამდენიმე ნაწილი დაზიანდა.

უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ გემების გადაადგილება წინასწარ, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად იყო დაგეგმილი. საპასუხოდ, რუსეთის FSB კიევს ადანაშაულებს “რეგიონში კონფლიქტური ვითარების შექმნასა” და უკანონო შეჭრაში რუსული ტერიტორიული წყლების იმ ზონაში, რომელიც “დროებით დახურულია”.

BBC-ის ცნობით, ინციდენტის შემდეგ, რუსულმა მხარემ ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის ქვეშ ტანკერი ჩააყენა და აზოვის ზღვაში შესასვლელი დაბლოკა, რასაც მოსკოვი უსაფრთხოების ზომებით ხსნის. უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ კიევის კუთვნილი გემები სწორედ ქერჩის სრუტით ცდილობდნენ შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში შესვლას.

აღნიშნულიდან მალევე ადგილზე გამოჩნდა ორი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი, რომლებიც კიების კუთვნილ გემებს აკონტროლებდნენ.  ქერჩის სრუტის მიმართულებით ასევე გაიგზავნა CU-25-ის ტიპის რუსული ბომბდამშენები.

უკრაინული “უნიანის” ცნობით, სრუტის ჩაკეტვის შემდეგ, უკრაინული გემები უკან გაბრუნებას აპირებდნენ, თუმცა მათი მათ რუსული მხარე შეჩერებისკენ მოუწოდებდა და ცეცხლის გახსნით ემუქრებოდა.

2003 წლის შეთანხმების მიხედვით, რომელიც მოსკოვსა და კიევს შორის გაფორმდა, ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა საზიარო ტერიტორიულ წყლებს წარმოადგენს. თუმცა, ბოლო პერიოდში, რუსეთმა დაიწყო ყველა ხომალდის შემოწმება, რომლებიც შედიან ან გადიან უკრაინიდან.

რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლის მარტიდან აქვს ანექსირებული. უკრაინის აღმოსავლეთით კი, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები მოქმედებენ. აქ მიმდინარე საომარ მოქმედებებს 2014 წლიდან დღემდე 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთი ამტკიცებს, რომ სეპარატისტებს პირდაპირ დახმარებას არ უწევს და ადგილზე მხოლოდ რუსი “მოხალისეები” მოქმედებენ.

სააგენტო “უნიანი” მკითხველს სთავაზობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც, სავარაუდოდ, ცეცხლის გახსნის მომენტს ასახავს, თუმცა მისი აუთენტურობა დადასტურებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი