ახალი ამბები

რუსეთმა დაბლოკა ქერჩის სრუტე, პატრულირებენ ბომბდამშენები და ვერტმფრენები

25 ნოემბერი, 2018 • 2881
რუსეთმა დაბლოკა ქერჩის სრუტე, პატრულირებენ ბომბდამშენები და ვერტმფრენები

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთს ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან ახლოს, პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. კიევის ცნობით, რუსული გემი ერთ-ერთ უკრაინულ ბუქსირს განგებ შეეჯახა, შემდგომ კი ზღვაში შესასვლელი ჩაკეტა. საპირისპიროს ამტკიცებს მოსკოვი. ინციდენტი დღეს, 25 ნოემბერს მოხდა.

კიევის ცნობით, “ღიად აგრესიული ქმედებები” რუსეთის მხრიდან მაშინ განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესის პორტიდან[შავი ზღვა] მარიუპოლისაკენ[აზოვის ზღვა] მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, შეჯახების შედეგად ბუქსირის რამდენიმე ნაწილი დაზიანდა.

უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ გემების გადაადგილება წინასწარ, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად იყო დაგეგმილი. საპასუხოდ, რუსეთის FSB კიევს ადანაშაულებს “რეგიონში კონფლიქტური ვითარების შექმნასა” და უკანონო შეჭრაში რუსული ტერიტორიული წყლების იმ ზონაში, რომელიც “დროებით დახურულია”.

BBC-ის ცნობით, ინციდენტის შემდეგ, უკრაინულმა გემებმა გზა განაგრძეს ქერჩის სრუტის მიმართულებით, თუმცა რუსულმა მხარემ სრუტეზე გამავალი ხიდის ქვეშ ტანკერი ჩააყენა და აზოვის ზღვაში შესასვლელი დაბლოკა, რასაც მოსკოვი უსაფრთხოების ზომებით ხსნის. უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ კიევის კუთვნილი გემები სწორედ ქერჩის სრუტით ცდილობდნენ შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში შესვლას.

უწყება ასევე ამბობს, რომ უკრაინულ გემებს, რომლებიც კვლავ რჩებიან ადგილზე, ორი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი აკონტროლებს. რუსული RIA კი იტყობინება, ქერჩის სრუტის მიმართულებით ასევე გაიგზავნა CU-25-ის ტიპის ბომბდამშენები, რომლებიც Reuters-ის წყაროს ცნობით, ადგილზე უკვე პატრულირებენ.

რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლის მარტიდან აქვს ანექსირებული. უკრაინის აღმოსავლეთით კი, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები მოქმედებენ. აქ მიმდინარე საომარ მოქმედებებს 2014 წლიდან დღემდე 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთი ამტკიცებს, რომ სეპარატისტებს პირდაპირ დახმარებას არ უწევს და ადგილზე მხოლოდ რუსი “მოხალისეები” მოქმედებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი