ახალი ამბები

ლონდონის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მავნე საკვების რეკლამა აიკრძალება

23 ნოემბერი, 2018 • 1787
ლონდონის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მავნე საკვების რეკლამა აიკრძალება

ლონდონის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გზებზე მავნე საკვების რეკლამის აკრძალვა იგეგმება. ინიციატივა, რომელიც ქალაქის მერს, სადიქ ხანს ეკუთვნის, ძალაში 2019 წლის 25 თებერვალს უნდა შევიდეს.

BBC-ის ცნობით, კანონპროექტის ფარგლებში, ვეღარ განთავსდება ისეთი საკვებისა და სასმლის სარეკლამო აბრები, რომლებიც დიდი ოდენობით ცხიმს, შაქარსა და მარილს შეიცავენ.

აკრძალვა ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებას შეეხება, რომელიც მთავრობის განკარგულებაში მყოფ სატრანსპორტო უწყებას ექვემდებარება, მათ შორის მეტრო, სარკინიგზო სადგურები და ტრამვაი. შეზღუდვა ასევე შეეხება ტაქსის, მდინარის ტრანსპორტსა და რამდენიმე სხვა საშუალებას.

ლონდონის მერი ამ ინიციატივას ბავშვებში ჭარბი წონის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს.

“მავნე საკვების რეკლამის შემცირებას [პრობლემასთან] ბრძოლაში თავისი როლი აქვს – არა ბავშვებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვის, ოჯახებისა და მომვლელებისთვის, რომლებიც საკვებს ყიდულობენ და კერძებს ამზადებენ”, – აღნიშნა მერმა.

დაგეგმილ აკრძალვას გაერთიანებული სამეფოს “სარეკლამო ასოციაციაში” პრობლემურად მიიჩნევენ მაშინ, როცა ამ კუთხით ქვეყანაში უკვე არის “მსოფლიოში ყველაზე მკაცრი კანონები”.

“ეს შეამცირებს TfL-ს(მთავრობის განკარგულებაში მყოფი სატრანსპორტო უწყების) შემოსავალს, რაც, სავარაუდოდ, ტრანსპორტის ფასებზე მოახდენს გავლენას”, – აცხადებს  ორგანიზაციის დირექტორი სტეფან ვუდფორდი.

ინიციატივა საზოგადოებისთვის ცნობილი მიმდინარე წლის მაისში გახდა. მაშინ ჩატარებული ონლაინ გამოკითხვის რესპონდენტთა 82%-მა იდეას მხარი დაუჭირა. BBC-ის ინფორმაციით, ინიციატივას მხარს ბავშვთა ჯანმრთელობის ექსპერტებიც უჭერენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი