ახალი ამბები

გრუ-ს ერთ-ერთი ჯაშუში საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა – bellingcat

23 ნოემბერი, 2018 • 6560
გრუ-ს ერთ-ერთი ჯაშუში საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა – bellingcat

bellingcat-ის დამოუკიდებელი გამოძიების მიხედვით, გრუ-ს (რუსეთის სამხედრო დაზვერვა) ერთ-ერთი ოფიცერის ვინაობა, რომელსაც 2016 წელს მონტენეგროს გადატრიალებაში მონწილეობისთვის ბრალი წაუყენეს, ცნობილია. მეტიც, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რომელზეც bellingcat-სა და Insider-ის ჟურნალისტები მუშაობდნენ, აღნიშნული პირი საქართველოში არაერთგზის იმყოფებოდა, მათ შორის, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში.

2016 წელს მონტენეგროს არჩევნებამდე ქვეყანაში სამართალდამცველებმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაშალეს. როგორც შემდგომ არაერთი დასავლური მედია, მათ შორის, BBC წერდა, გადატრიალების მიღმა ორი რუსი ჯაშუში და გრუ-ს ოფიცერი იდგა. გამოცემა The Telegraph ამბობდა, რომ ოფიცრები მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ გეგმას ასრულებდნენ. სახელმწიფო გადატრიალების დროს კი თავდამსხმელები პრემიერ-მინისტრის, მილო ჯუკანოვიჩის მოკვლას გეგმავდნენ. თუმცა, მოსკოვის გეგმის მთავარი მიზანი მონტენეგროს ნატოში შესვლის ჩაშლა იყო.

მონტენეგრო ნატოში 2017 წელს მაინც გაწევრიანდა, ხოლო აღნიშნული არეულობის ორგანიზებაში ერთ-ერთი დადანაშაულებულის, ედუარდ შიშმაკოვის ვინაობა თავად ინტერპოლმა გაავრცელა. აქამდე მეორე ოფიცრის სახელი და გვარი კი აქამდე უცნობი იყო.

bellingcat წერს, რომ უცნობ ჯაშუშს მონტენეგროს პროკურატურა მისი ფარული იდენტობითა და ვლადიმირ პოპოვის სახელით იცნობდა. ამავე სახელითაა ის შეყვანილი ინტერპოლის ბაზაშიც. თუმცა, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ვლადიმერ პოპოვს სინამდვილეში ვლადიმერ ნიკოლაევიჩ მოისეივი ჰქვია, რომელიც რუსული დაზვერვის ლეიტენანტია.

ანატოლი ჩეპიგასა და ალექსანდრ მიშკინის მსგავსად [სკრიპალების საქმე], კრემლი ირწმუნება, რომ “პოპოვს” არავითარი კავშირი არ აქვს გადატრიალებასთან და ქვეყანაში ტურისტის სტატუსით ჩავიდა.

ვლადიმირ ნიკოლაევიჩ მოისეევი იქამდე, სანამ გრუ-ს თანამშრომელი გახდებოდა, რუსეთის ქალაქ ტიუმენის სამხედო-საინჟინრო ინსტიტუტში სწავლობდა. ცნობილი არ არის, ზუსტად როდის გახდა ის გრუ-ს წევრი, თუმცა, 2005 წლიდან 2009-წლამდე პერიოდში ის საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და ე.წ. სპეცნაზის საჰაერო დანაყოფს შეუერთდა. 2008 წელს “სპეცნაზი” მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში, რომელშიც bellingcat-ის მიხედვით, მოისეივი, დიდი ალბათობით, მონაწილეობდა.

აღნისნულ პირს გრუ-მ გამოგონილი იდენტობა 2009 წელს მისცა, ხოლო 2014 წელს “პოპოვს” იმავე საცხოვრებელ კორპუსში აჩუქეს ბინა, რომელშიც მანამდე რამდენიმე თვით ადრე სკრიპალების საქმეზე ეჭვმიტანილ მიშკინს გადასცეს საცხოვრებელი. მიშკინის მსგავსად, მოისეივის ბინაც მის ცოლსა და შვილებზეა გაფორმებული, ხოლო გრუ-ს ოფიცერის სახელი და გვარი უძრავი ქონების რეესტრში არ ფიგურირებს.

გამოგონილი იდენტობის “პოპოვი” სადაზღვეო კომპანია “მორსკოე სტრახოვანიეს” გამოცემაში “ფოტოკორესპონდენტად” და “ჟურნალისტად” დასაქმდა და აღნიშნულ პოზიციას იყენებდა იმისთვის, რომ 2012-2016 წლებში ევროპაში ემოგზაურა.

bellingcat-მა “პოპოვის” რეალური იდენტობის დასადგენას იგივე მეთოდები გამოიყენა, რაც სკრიპალების საქმეზე ეჭვმიტანილების დროს. კერძოდ კი დაათვარიელა მისი და მისი ოჯახის სოციალური ქსელების ანგარიშები, შეადარა რეესტრში “ვლადიმირ პოპოვისა” და ვლადიმირ მოისეივის მონაცემები და მისი პირადი მანქანის ჯარიმები და მარშრუტები.

რაც შეეხება გრუ-ს ლეიტენანტის მოგზაურობებს, 2011-2013 წლებში “პოპოვი” სოციალურ მედიაში ფოტოებს ცენტრალური და დასავლეთ ევროპიდან ავრცელებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპასა და მათ შორის, საქართველოში, ის სამხედრო თემატიკისთვის მიძღვნილ ტრენინგებს ესწრებოდა. 2017 წელს, მას შემდეგ, რაც “პოპოვზე” ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა, მან სოციალურ ქსელში თავისი ანგარიში წაშალა.

ფოტო: bellingcat

2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, მოისეევი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში, ბულგარეთსა და საბერძნეთში. სურათში ჩანს, რომ გრუ-ს ოფიცერი თბილისსა და ბათუმში 2013-2015 წლებში 4-ჯერ ჩამოვიდა.

2014 წელს ის იმყოფებოდა მოლდავეთში, სადაც ადგილობრივი მედიასაშუალებები მას ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმაში მონაწილეობის მიღებაში ადანაშაულებდნენ. სწორედ ამ დროს მოლდავეთი ევროკავშირთა ასოცირების ხელშეკრულებას აწერდა ხელს, “პოპოვი” კი, სავარაუდოდ, იმ გეგმის ნაწილი იყო, რომელსაც ეს მოლაპარაკება უნდა ჩაეშალა.

ამასთანავე, მოისეევი არაერთხელ ჩავიდა როსტოვშიც, სადაც პრორუსულ უკრაინელ სეპარატისტებთან რამდენიმე შეხვერა ჰქონდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა აკავშირებს და რისთვის ჩადიოდა მოისეევი საქართველოში, ბულგარეთსა და საბერძნებთში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი