ახალი ამბები

საქმეს იმთავითვე ცუდი სუნი ასდიოდა, შეცდომაც იყო – უგულავა ფოტოგრაფების საქმეზე

23 ნოემბერი, 2018 • 1741
საქმეს იმთავითვე ცუდი სუნი ასდიოდა, შეცდომაც იყო – უგულავა ფოტოგრაფების საქმეზე

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ “პალიტრანიუსის” ეთერში 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული და გუშინ, 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამართლებული ფოტოგრაფების საქმეზე ისაუბრა.

უგულავას განცხადებით, საქმეს “იმთავითვე ასდიოდა ცუდი სუნი და შეცდომაც იყო”, თუმცა დღემდე “არ იცის”, რეალურად იყვნენ თუ არა ფოტორეპორტიორები ჯაშუშები.

„ფოტოგრაფების საქმეს იმთავითვე ასდიოდა ცუდი სუნი და შეცდომაც იყო.  მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ შეცდომის შემდეგ, ცალკეულმა პირებმა ივაჟკაცეს იმისათვის, რომ მერე ეს საქმე ხელმძღვანელობისთვის ასე წარედგინათ და არა ისე. ეს ბიუროკრატიის ჩვეულებრივი ინსტინქტია.

…ეს ადამიანები არიან თუ არა ჯაშუშები, მე დღემდე არ ვიცი, იმიტომ, რომ ამ სასამართლოს და პროკურატურას არ ვენდობი. ისევე, როგორც ძალიან ბევრი საქმე მხოლოდ პროპაგანდისტულად არის გამოყენებული”, – აცხადებს ის.

ამასთან, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გამართლებული ფოტოგრაფები მათ საქმეში  უშიშროების საბჭოს  მაშინდელი მდივნის, გიგა ბოკერიას ბრალეულობაზე საუბრის გამოც გააკრიტიკა. უგულავას თქმით, აღნიშნულ საქმეზე ბოკერიამ “ყველაზე მეტი იჩხუბა”, რაც ფოტორეპორტიორებმაც იციან.

“ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ გიგა ბოკერია იყო ის, ვინც ყველაზე მეტი იჩხუბა ამ თემაზე, როცა ხელისუფლებაში ვიყავით.

და როცა ბატონი გედენიძე და აბდალაძე გამოდიან და ბოკერიაზე საუბრობენ, ამ ორმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ბოკერია იყო ადამიანი, რომელმაც ისტერიკა მოაწყო, რომ ეს იყო არასწორი, რომც საბუთები არსებობდეს, საკმარისი სამხილები იყოს, რადგანაც არიან ჟურნალისტები, გირაო უნდა იყოს და გამჭვირვალე სასამართლო უნდა იყოს.

ამის გამო ვამბობ, რომ ეს ორი ადამიანი სპეკულანტია და დღეს, ხელისუფლების ხელში არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული იარაღი“,- განაცხადა უგულავამ.

სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წელს გასამართლებული ფოტოგრაფები გაამართლა

მასალების გადაბეჭდვის წესი