ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წელს გასამართლებული ფოტოგრაფები გაამართლა

22 ნოემბერი, 2018 • 2002
სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წელს გასამართლებული ფოტოგრაფები გაამართლა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ახალი მტკიცებულებებზე დაყრდნობით მსჯავრდებულების უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  2011 წლის 7 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ევროპის პრეს ფოტოსააგენტო “EPA-ს” ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია “პრაიმტაიმის” ფოტორედაქტორი ნათელა გედენიძე, რომლებიც მოათავსეს შსს-ის თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში.

უწყება დასძენს, რომ შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ დ.დ.-მ გადაწყვიტა დაკავებულ ფოტოგრაფებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით, მათგან მიეღო წინასწარ შეთხზული აღიარებითი ჩვენებები ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ.

“ამ მიზნის განსახორციელებლად დ.დ. 2011 წლის 07 და 08 ივლისს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, არაოფიციალურად, ისე რომ მისი შესვლა არ დაფიქსირებულა რეგისტრაციის ჟურნალში, რამდენიმეჯერ, ცალცალკე შეხვდა დაკავებულ ცოლ-ქმარს ირაკლი და ნათელა გედენიძეებს, რომლებსაც ნათელა გედენიძის პირადი ცხოვრების ამსახველი პიკანტური ფოტოს გავრცელების მუქარით და შვილების მომავალზე შანტაჟით, იძულებით მიაცემინა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცრუ აღიარებითი ჩვენებები.

ასევე, N8 საპყრობილეში, დ.დ., ამავე საპყრობილის დირექტორის  ა.მ.-ის დახმარებით, რომელიც სამართალდამცავების და ფოტორეპორტიორების ფარული შეხვედრების ორგანიზებას ახდენდა, რამდენიმეჯერ შეხვდა ზურაბ ქურციკიძეს, რომელიც ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით აიძულა მიეცა წინასწარ  შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენება,” – წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანმა აღიარებით ჩვენებებზე დაიყოლია ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე, იგი 2011 წლის 15 ივლისს, N8 საპყრობილეში, ღამის საათებში, საპყრობილის დირექტორის დახმარებით, ფარულად შეხვდა გიორგი აბდალაძეს. ბრალდებულთან შეხვედრისას, დ.დ. გიორგი აბდალაძეს ეუბნებოდა, რომ იგი “მათ ხელში” იყო; “რაც უნდათ იმას უზამდნენ”. საუბარში უხსენებდა შვილს, რომელიც შეიძლება ავარიაში მოხვედრილიყო.

“დ.დ.-ს მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო გიორგი აბდალაძემ და იგი დათანხმდა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებით ჩვენების მიცემას, რომლის შინაარსიც დ.დ.-ს მიერ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, რასაც ბრალდებული დაიზეპირებდა და მეორე დღეს, მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით იგი აღიარებით ჩვენებას ჩამოაყალიბებდა საგამოძიებო მოქმედება – დაკითხვის დროს, ვიდეოკამერაში.
ამ მიზნით, დ.დ., მის თანმხლებ სამართალდამცავებთან ერთად, ბრალდებულის დაკითხვის ოქმში ჯაშუშობის  გამოგონილი ისტორიის ასახვის მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აზეპირებინებდა გიორგი აბდალაძეს წინასწარ შეთხზულ ჩვენებას, რაც ფოტოგრაფს დაკითხვისას მეორე დღეს უნდა დაეფიქსირებინა,” – წერს პროკურატურა.
როგორც პროკურატურა განმარტავს, 2011 წლის 16 ივლისს ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გიორგი აბდალაძემ მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით, ვიდეო გადაღებით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედება –  დაკითხვისას მისცა ცრუ აღიარებითი ჩვენება, რითაც მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია.

პროკურატურა ამბობს, რომ ახალი მტკიცებულებებით დადასტურდა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და დაზარალებულთა პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. 2017 წლის 20 ივლისს, სასამართლომ ფოტოგრაფების მიმართ ჩადენილი  დანაშაულისთვის, კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანს დ.დ.-ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით განუსაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით, 1 წლით და 4 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საპყრობილის დირექტორს ა.მ.-ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განუსაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ამასთან, ახალი გამოძიებით გამოირიცხა ფოტოგრაფების მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
2011 წელს, როდესაც ფოტოგრაფები დააკავეს, ქართული მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი აპროტესტებდა კოლეგების დაკავებასა და ასევე, მათი საქმისთვის “საიდუმლო” გრიფის მინიჭებას. ამ გრიფის მინიჭებით, საზოგადოებამ, ფაქტობრივად, ვერაფერი გაიგო, კონკრეტულად რატომ დააკავეს ფოტოგრაფები. ჟურნალისტები ფოტოგრაფების საქმის გასაჯაროვებასა და გათავისუფლებას პერმამენტული აქციებით მოითხოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი