როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, 27 წლის გიორგი თვალაბეიშვილმა ეზოში გაურკვეველი ნივთი იპოვა, რომელიც მანქანაში ელექტრომოწყობილობაზე შეაერთა, რასაც აფეთქება მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარში ადგილობრივ პოლიციელს ადანაშაულებს, რომელიც, მათი თქმით, გიორგი თვალაბეიშვილს და მის ცოლს ემუქრებოდა:
“ერთი მილიციელი ავიწროებდა ჩემი შვილიშვილის მეუღლეს. პოლიციელის დადებულია, რომელიც თვითონვე ამბობდა, ხალხშიც და ისედაც- ასე გიზამ და ისე გიზამო. ყოველღამე დადიოდა სიგნალებით, აივლიდა და ჩამოივლიდა, როცა აქ მუშაობდა”, – ამბობს “რუსთავი 2″–თან საუბარში გარდაცვლილის ბაბუა შოთა თვალაბეიშვილი.
იგივეს აცხადებს გარდაცვლილის და მარიამ თვალაბეიშვილიც:
“პოლიციელი ტელეფონზე ურეკავდა, ემუქრებოდა. ჩემი რძალი ნომრებს ცვლიდა, მაგრამ მაინც იგებდა, ურეკავდა და ეუბნებოდა- შენ მაინც ჩემი გახდები, შენი ქმარი არ ვარგა. ამის გამო ცოლ–ქმარს შორისაც კონფლიქტი იყო”, – აცხადბს ის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის დეტალებზე არ საუბრობენ. როგორც შსს–ში აცხადებენ, გამოძიება ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 116–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.








