ახალი ამბები

“ოცნება” მიბიძგებდა, დათმობების სანაცვლად უარმეყო ცნობები რეკეტზე — ოქუაშვილი

21 ნოემბერი, 2018 • 4479
“ოცნება” მიბიძგებდა, დათმობების სანაცვლად უარმეყო ცნობები რეკეტზე — ოქუაშვილი

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გარკვეული დათმობების სანაცვლოდ უბიძგებდნენ, უარეყო მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე გავრცელებული ცნობები რეკეტთან და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით და ეთქვა, რომ ამ ცნობების გავრცელება გვარამია-სააკაშვილთან შეთანხმების ნაწილი იყო.

თავდაპირველად, შემოდგომაზე, რუსთავი 2-მა გაავრცელა ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერები “ომეგას” საქმეზე შესაძლო რეკეტის შესახებ. ამ საქმეში, ოქუაშვილის მტკიცებით, ფიგურირებენ სხვადასხვა მაღალჩინოსნები, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული პირები. ოქუაშვილი აცხადებდა, რომ მმართველი გუნდის არაფორმალური ავტორიტეტები მას ფულს სძალავდნენ “ომეგას”  სრულფასოვნად მუშაობის სანაცვლოდ. ბიძინა ივანიშვილმა მისი ბრალდება უარყო, ხოლო სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თქვა, რომ ჩანაწერები ოქუაშვილთან შეთანხმებით დადგა, რათა ამ უკანასკნელის უცხოელ პარტნიორებს შექმნოდათ შთაბეჭდილება, რომ ოქუაშვილზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა.

თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ოქუაშვილის თქმით, აღნიშნულმა პირებმა, ერთი შეხედვით, უკან დაიხიეს: “მიამიტურად [მეგონა] … რომ სახელმწიფომ დაანება თავი, ბოლოს და ბოლოს, ფეოდალიზმს, რეკეტს და კრიმინალს და დადგა სწორ გზაზე”.

“ომეგა ჯგუფის” თამბაქოს ქარხანამ პაუზის შემდეგ მუშაობა ოქტომბრის ბოლოს განაახლა. როგორც ოქუაშვილი ამბობს, ამასთან ერთად, “ოცნება” სხვა დათმობებზეც წავიდა, რამაც შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ “სწორ გზაზე” დადგნენ: 51-მილიონიანი ვალი 10 მილიონამდე შეუმცირდა, “ქართუ” ბანკისგან მიიღო 8 მილიონის სესხი, მოიგო მრავალწლიანი სასამართლო დავა უფილტრო სიგარეტთან დაკავშირებით, რაც მინიმუმ წლიურ 60-მილიონიან შემოსავალს ნიშნავს; ამას გარდა, ნიკა გვარამიას ცნობით, მას 50 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ (ეს ცნობა ოქუაშვილმა არ უარყო).

თუმცა, ოქუაშვილის თანახმად, ამ ყველაფრის სანაცვლოდ მისგან ითხოვდნენ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში წაეკითხა წინასწარ დაწერილი წერილი, სადაც უარყოფდა ყველა იმ ცნობას, რაც მანამდე გავრცელდა;

ოქუაშვილის თქმით, მას უნდა ეთქვა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერები, რაც სავარაუდო რეკეტს ამხელდა, დადგმული იყო და თითქოს ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

ოქუაშვილმა რუსთავი2-ს მიაწოდა ტექსტი, რომელიც 21 ნოემბერს გადაცემა “კვირის აქცენტებში” ეკა კვესიტაძემ წაიკითხა. ოქუაშვილის თანახმად, ეს შეთანხმება ზეპირი იყო და იქამდე, სანამ ოქუაშვილი ამ ტექსტს არ წაიკითხავდა, ხელისუფლების წარმომადგენლები “ომეგას” რესტრუქტურიზაციაზე ხელს არ მოაწერდნენ.

რა უნდა ეთქვა ოქუაშვილს?

ოქუაშვილის თანახმად, იმ წერილის შინაარსი, რაც მას უნდა წაეკითხა “ოცნებისგან” დათმობების სანაცვლოდ, ასეთი იყო:

…”დამიკავშირდნენ გვარამია და მერე სააკაშვილიც და თქვეს, რომ წუხდნენ ჩემს მდგომარეობაზე, მითხრეს, ძველად შენთან მაგრად შეგვეშალაო და ირაკლი ოქრუაშვილს აგინებდნენ, მაგის ბრალი იყო ყველაფერიო. მერე თქვეს, რომ კომპრომატები იყო საჭირო ხელისუფლებაზე და რამე ფაქტი მიმეცა ივანიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის დასაგეგმად, როგორ გძალავდნენ ფულსო. მე ვუთხარი, ბიჭო, ვინ დაიჯერებს, მილიარდერი კაცი რომ ფულს მძალავდა-თქო? ან ქრთამი რაში უნდა გადამეხადა?”

ამის შემდეგ, ამ სცენარის თანახმად, ჟურნალისტს უნდა ეკითხა: “გამოდის, ივანიშვილს ფული თქვენთვის არ მოუთხოვია”?

ოქუაშვილი კი უპასუხებდა: “რასაკვირველია, არ მოუთხოვია”.

მოგვიანებით კი უნდა ეთქვა: “სახელმწიფო გადატრიალების სცენარში მონაწილეობას არ ვაპირებ და არც რუსთავი2-ის დადგმულ ფაბრიკაციებში გავაგრძელებ აწი მონაწილეობას. მე პოლიტიკაში არაფერი მესაქმება”.

ნეტგაზეთი” დაუკავშირდა გიორგი ბახტაძეს, “იმედის” გენერალურ დირექტორს, რათა ეკითხა, იგეგმებოდა თუ არა მსგავსი პრესკონფერენცია ტელეკომპანიის ეთერში, მან გვითხრა, რომ ხვალ დავურეკოთ.

“იმედის” გადაცემა “იმედი ლაივში” წამყვანმა, თეონა გეგელიამ “სასაცილო ტყუილი” უწოდა რუსთავი2-ის გავრცელებულ წერილს.

[მასალა განახლებულია 22 ნოემბერს, 00:25 საათზე “იმედის” წამყვანის პასუხით]

“მოვიდეს “იმედზე”, არ არის პრობლემა” — ტელეწამყვანი ზაზა ოქუაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი