ახალი ამბები

“მოვიდეს “იმედზე”, არ არის პრობლემა” — ტელეწამყვანი ზაზა ოქუაშვილზე

22 ნოემბერი, 2018 • 3989
“მოვიდეს “იმედზე”, არ არის პრობლემა” — ტელეწამყვანი ზაზა ოქუაშვილზე

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “იმედი ლაივის” წამყვანმა, თეონა გეგელიამ “სასაცილო ტყუილი” უწოდა რუსთავი2-ზე გასულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილთან წინასწარშეთანხმებული ინტერვიუ უნდა გასულიყო მათი ტელევიზიის ეთერში.

21 ნოემბერს რუსთავი2-ზე “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენები გარკვეული დათმობების სანაცვლოდ უბიძგებდნენ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში უარეყო მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე გავრცელებული ცნობები რეკეტთან და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით და ეთქვა, რომ ამ ცნობების გავრცელება გვარამია-სააკაშვილთან შეთანხმების ნაწილი იყო.

გეგელიამ 21 ნოემბრის გადაცემაში ამის საპასუხოდ განაცხადა : “მოვიდეს [ოქუაშვილი] “იმედზე”, არ არის პრობლემა, მივიღებთ მას, არსებობს მასთან შეკითხვები”.

გეგელიას შეფასებით, “რუსთავი 2-ის რამდენიმე წარმომადგენელი, პერსონაჟები, დიდი ხანია გავიდნენ მორალის და პროფესიონალიზმის ჩარჩოებიდან”.


თავდაპირველად, შემოდგომაზე, რუსთავი 2-მა გაავრცელა ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერები “ომეგას” საქმეზე შესაძლო რეკეტის შესახებ. ამ საქმეში, ოქუაშვილის მტკიცებით, ფიგურირებენ სხვადასხვა მაღალჩინოსნები, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული პირები. ოქუაშვილი აცხადებდა, რომ მმართველი გუნდის არაფორმალური ავტორიტეტები მას ფულს სძალავდნენ “ომეგას”  სრულფასოვნად მუშაობის სანაცვლოდ. ბიძინა ივანიშვილმა მისი ბრალდება უარყო, ხოლო სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თქვა, რომ ჩანაწერები ოქუაშვილთან შეთანხმებით დადგა, რათა ამ უკანასკნელის უცხოელ პარტნიორებს შექმნოდათ შთაბეჭდილება, რომ ოქუაშვილზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა.

თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ოქუაშვილის თქმით, აღნიშნულმა პირებმა, ერთი შეხედვით, უკან დაიხიეს: “მიამიტურად [მეგონა] … რომ სახელმწიფომ დაანება თავი, ბოლოს და ბოლოს, ფეოდალიზმს, რეკეტს და კრიმინალს და დადგა სწორ გზაზე”.

“ომეგა ჯგუფის” თამბაქოს ქარხანამ პაუზის შემდეგ მუშაობა ოქტომბრის ბოლოს განაახლა. როგორც ოქუაშვილი ამბობს, ამასთან ერთად, “ოცნება” სხვა დათმობებზეც წავიდა, რამაც შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ “სწორ გზაზე” დადგნენ: 51-მილიონიანი ვალი 10 მილიონამდე შეუმცირდა, “ქართუ” ბანკისგან მიიღო 8 მილიონის სესხი, მოიგო მრავალწლიანი სასამართლო დავა უფილტრო სიგარეტთან დაკავშირებით, რაც მინიმუმ წლიურ 60- მილიონიან შემოსავალს ნიშნავს; ამას გარდა, ნიკა გვარამიას ცნობით, მას 50 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ (ეს ცნობა ოქუაშვილმა არ უარყო).

თუმცა, ოქუაშვილის თანახმად, ამ ყველაფრის სანაცვლოდ მისგან ითხოვდნენ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში წაეკითხა წინასწარ დაწერილი წერილი, სადაც უარყოფდა ყველა იმ ცნობას, რაც მანამდე გავრცელდა;

ოქუაშვილის თქმით, მას უნდა ეთქვა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერები, რაც სავარაუდო რეკეტს ამხელდა, დადგმული იყო და თითქოს ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

“ოცნება” მიბიძგებდა, დათმობების სანაცვლად უარმეყო ცნობები რეკეტზე — ოქუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი