ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: უგულავამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა

4 ივნისი, 2014 •
საგამოძიებო სამსახური: უგულავამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა

გიგი უგულავამ განაცხადა, რომ კომპანია „გუდაური სქაი რეზორტისათვის“ ჯარიმის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო ცენტრალურმა მთავრობამ.


“სინამდვილეში, დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო ქალაქ თბილისის მერიამ. თბილისის მთავრობამ 2014 წლის 23 აპრილს მიმართა სასამართლოს დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს 193 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის შესახებ, ხოლო ორ დღეში სარჩელი უკან გაიწვია და გამოსცა განკარგულება ჯარიმისგან კომპანიის გათავისუფლების შესახებ. დადგენილებას ხელს აწერს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე” – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.  

 

“რაც შეეხება ცვლილებას ხელშეკრულებაში, აღნიშნულ თემას არანაირი შემხებლობა არ აქვს ჯარიმის გაუქმებასთან. „გუდაური სქი რეზორტის“ ხელმძღვანელებმა ცენტრალურ მთავრობას სთხოვეს ხელშეკრულების პირობების შეცვლა, იმ დროს, როდესაც მათ მიერ უკვე დარღვეული იყო საინვესტიციო ვალდებულებები და ხელშეკრულების თანახმად უკვე დაჯარიმებული გახლდათ თბილისის მერიის მიერ.


აღნიშნულმა დოკუმენტმა გაიარა მთავრობის სხდომა და გადაეგზავნა პრეზიდენტს ხელმოსაწერად. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეს არის ორი, აბსოლუტურად განსხვავებული საკითხი და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ცენტრალურ მთავრობას ჯარიმის გაუქმებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თვალსაჩინოებისთვის გაწვდით დადგენილებას, რომელსაც ხელს აწერს მერის მოადგილე, ირაკლი აბესაძე” – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.  


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “ნაციონალური მოძრაობის” დასაფინანსებლად შექმნილ დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა. ამის შესახებ სპეცილური განცხადება უწყებამ 3 ივნისს გაავრცელა. 

 

უწყების ინფორმაციით, ზეგავლენით ვაჭრობისა და განსაკურებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია მოქალაქე გიორგი ღონიაშვილი. საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს. 

 

გიორგი ღონიაშვილი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ქვისლია.   

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შპს “გუდაური სქი რესორტისთვის” ჯარიმის გაუქმების ფაქტს გიორგი ღონიაშვილი ლობირებდა: 

 

“გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2011 წლის 12 ივლისს ქ.თბილისის მერიასა და შპს “გუდაური სქი რესორტს” შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიას სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად გადაეცა ე.წ. თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული 200 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. მასვე საპრივატიზაციო პირობად განესაზღვრა 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება 5 (ხუთი) წლის ვადაში. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შესრულდა, თბილისის მერიამ შპს “გუდაური სქი რესორტს” დააკისრა ჯარიმა პირგასამტეხლოს სახით 193 500 (ასოთხმოცდაცამეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით.
მას შემდეგ, რაც გიორგი ღონიაშვილმა შეიტყო აღნიშნული ფაქტის შესახებ, “გუდაური სქაი რეზორტის” ერთ-ერთ მფლობელს შესთავაზა, რომ 50 000 ლარის სანაცვლოდ, მისი ქვისლის, თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას დახმარებით მერიას გააუქმებინებდა მის მიერვე გამოტანილ დადგენილებას საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საწარმოს 193 000 ათასი დოლარით დაჯარიმების შესახებ. 

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი აბესაძის ხელმოწერილი თბილისის მთავრობის 2014 წლის 25 აპრილის დადგენილებით, შპს “გუდაური სქი რესორტი” 193 000 ათასი დოლარის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან მართლაც განთავისუფლდა, რის სანაცვლოდაც, შეთანხმებსამებრ, გ.ღონიაშვილმა კომპანიის ხელმძღვანელისგან აიღო შეპირებული თანხა 50 000 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 3391-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.” 

 

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გიგი უგულავამ განაცხადა, რომ “გუდაური სქი რესორტს” ჯარიმა ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოეხსნა.  

 


მასალების გადაბეჭდვის წესი