საქართველოსა და თურქეთს საზღვარი დემარკირებული აქვთ. როგორც ნეტგაზეთს საგარეო უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა, ქვეყნებს შორის საზღვრის საკითხები სადავო არ არის, ხოლო რაც შეეხება “ობიექტივის” მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 29 მაისს აჭარის, კერძოდ, სოფელ კირნათის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების უფლება თურქმა მესაზღვრეებმა არ მისცეს, იგი აცხადებს, რომ ამის თაობაზე ისინი საქმის კურსში არ არიან, რადგან შსს-ს მათთვის არ მიუმართავს. ნარჩემაშვილის თქმით, აქედან გამომდინარე, არც თურქეთის მხარეს დაკავშირებია ვინმე ამ საკითხის გასარკვევად საგარეო უწყებიდან:
“შეიძლება შემოვიდეს ასეთი ინფორმაცია ხვალ დილით ან დღეს საღამოს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, რა მოხდა იქ და რატომ არ მიეცა მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების უფლება, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში არ არის. ეს ან ადგილობრივ ხელისუფლებასთან უნდა გაირკვეს, ან საზღვრის პოლიციასთან”.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 29 მაისს თურქეთის მესაზღვრეებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს და მოსახლეობას სავარგულებით სარგებლობის უფლება არ მისცეს, ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერით გავრცელდა:
“კირნათის მოსახლეობამ რამდენჯერმე დააფიქსირა თურქი მესაზღვრეების, ანუ საჯარისო ნაწილების გადმოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე. და პირდაპირ ჰქონდათ საუბარი იმაზე, რომ ქართველებმა მათი ბაღები, ბოსტნები, საცხოვრებელი ადგილები უნდა დათმონ, რომ თითქოსდა ეს ტერიტორია თურქეთს ეკუთვნის, მოსახლეობა არის ძალიან შეკრული და აღშფოთებული ამ ფაქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა.
მანამდე “ობიექტივის” ეთერში კირნათელმა ჯუმბერ ჯიხაძემ დარეკა. ის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს სოფლის გამგებელი იყო. თურქი მესაზღვრეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისა და მოქალაქეებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციაც ძირითადად მასზე დაყრდნობით ვრცელდებოდა. ამასთან, ჯუმბერ ჯიხაძემ სოფელში რუსულ ენაზე ამ შინაარსის ბანერი გამოფინა – россия иди помоги, турция земли отбирает.
დღეს, 2 ივნისს კირნათში თენგიზ კიტოვანიც იმყოფებოდა, რომელმაც თქვა, რომ პატრიოტია და იქ იმიტომ მივიდა. ყოფილმა ძალოვანმა თურქეთი საქართველოს ტერიტორიის უკანონოდ დაკავებაში დაადანაშაულა, თუმცა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს საზღვარი დაარღვიეს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში უარყოფენ. ნეტგაზეთმა სასაზღვრო პოლიციისა და შს სამინისტროს პრესსამსახურებისაგან ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლო: თუ საზღვრის ცვლილებას არ ჰქონია ადგილი, იყო თუ არა ერთგვარი კონფლიქტური სიტუაცია 29 მაისს თურქ მესაზღვრეებსა და მოსახლეობას შორის და რატომ. ამ თემაზე გაზეთ ბათუმელების მიერ მოპოვებული ინფორმაცია ასეთია:
ქართველი მესაზღვრეების საგუშაგო და შენობა სოფელ კირნათში ზუსტად იქ არის განთავსებული, სადაც საბჭოთა კავშირის დროს მავთულხლართები იყო გაბმული. ამ მავთულხლართების ნაწილი დღემდე შენარჩუნებულია. მავთულხლართებს დღემდე აქვს იგივე დიზაინის ჭიშკარიც. ისე, როგორც საბჭოთა დროს, ახლაც მოსახლეობა იღებს საშვს, გადის მავთულხლართების მეორე მხარეს და მიწას ამუშავებს. საშვის გარეშე შესვლა დაუშვებელია. საშვს მესაზღვრეები მხოლოდ კირნათელებს აძლევენ. რა არის მავთულხლართების იქეთ? – ამ კითხვის პასუხად კირნათში ყველაზე ხშირად ამბობენ – “ნეიტრალური ტერიტორია”. მავთულხლართებიდან თურქეთთან სახელმწიფო საზღვრამდე მანძილს ასე უწოდებდნენ საბჭოთა კავშირის დროსაც. “ნეიტრალური ტერიტორიის” ნაწილს ახლა, ისე როგორც საბჭოთა კავშირის დროს, გლეხები ამუშავებენ. უბრალოდ, საზღვართან მიახლოება, მით უფრო სამეურნეო საქმიანობის მიზნით, 50 მეტრზე უფრო ახლოს, ახლაც არ შეიძლება – ამის შესახებ კირნათში ყველამ იცის. ქართველი მესაზღვრეები არაოფიციალურად ამბობენ, რომ კირნათის მონაკვეთში საზღვრის აღმნიშვნელი სპეციალური ნიშნულები ყველგან არ დგას. “ეს იმას ნიშნავს, საზღვარი შეიძლება ისე გადაკვეთო, ვერც კი მიხვდე, რომ გადაკვეთე”. მესაზღვრეების ინფორმაციით, “სწორედ ამის გამო მოხდა 29 მაისს ინციდენტი – ქართველი გლეხები თურქეთის სახელმწიფოს სასაზღვრო საგუშაგოსთან დაუშვებელზე ახლოს მივიდნენ და იქ დაიწყეს მიწის შემოღობვა. შესაბამისი რეაქცია ჰქონდათ თურქ მესაზღვრეებს – ჩვენს მოქალაქეებს უთხრეს, რომ ეს არის თურქეთის ტერიტორია და უნდა წავიდნენ იქიდან”. ქართველი მესაზღვრეების ინფორმაციით, “დაახლოებით ოთხი ნაკვეთი არის თურქეთის ტერიტორიაზე შემოღობილი”. როგორც ისინი ამბობენ, “ამ ღობეების დაშლას დღეს აპირებენ”. პირველი ივნისის მდგომარეობით, მესაზღვრეებმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე საზღვრის აღმნიშვნელი სპეციალური ნიშნულები დაამონტაჟეს. მესაზღვრეები ამის შემდეგ მსგავს ინციდენტს სრულად გამორიცხავენ.

პირველ ივნისს, დღის ბოლოს, შსს სასაზღვრო პოლიციამ შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: “სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია აჭარაში, რომ სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N2 სასაზღვრო სექტორის (კირნათი) დასაცავ მონაკვეთზე, თურქი მესაზღვრეების მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სასაზღვრო პოლიცია მოგიწოდებთ, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას”.
კირნათთან ახლოს საზღვარზე ე.წ. ბუფერული ზონის არსებობის ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მოსახლეობა ამ ზონაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ორ სახელმწიფოს შორის არსებულ შეთანხმებაზე დაყრდნობით აწარმოებს, თუმცა არსებობს ამის წესი:
“ზოგადად იმ ბუფერულ ზონაში მესაზღვრეებთან შეთანხმებით ხდება მოქალაქეების შეშვება და სამუშაოების წარმოება. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს ასეთი შეთანხმება და ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა, ამაზე საგარეო უწყება საქმის კურსში არ არის. ბუფერულ ზონაში არსებულ სავარგულებში მოსახლეობა მუშაობას სწორედ ასეთი შეთანხმებით აწარმოებს, იქ, თუ არ ვცდები, სიას ადგენენ ადამიანების და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ეგ რაღაცები დაირღვა, არ დაირღვა თუ რა მოხდა, ამის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ჯერ ჩვენთან ინფორმაცია არ შემოსულა”, – ამბობს მარი ნარჩემაშვილი.







