ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის პრეზიდენტის შეცდომა

1 ივნისი, 2014 • • 1712
აფხაზეთის პრეზიდენტის შეცდომა
აფხაზეთში ბოლო კვირის მანძილზე განვითარებული მოვლენები მოულოდნელად და აბსურდულადაც კი შეიძლება მოეჩვენოს გარეშე დამკვირვებელს. დაახლოებით სამი წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ალექსანდრ ანქვაბს თითქოს არანაირი სერიოზული გადაცდომა არ ჰქონია თავისი მიმდინარე საქმიანობის პერიოდში. მთელი ეს მისი კონფლიქტი ოპოზიციასთან უკვე იმდენ ხანს გრძელდებოდა, რომ ყველას ძალიან მოაბეზრა თავი. რა თქმა უნდა, საერთო სახალხო შეკრება, რომელიც დანიშნული იყო სამშაბათს, 27 მაისს, სადაც აფხაზეთის ლიდერის წინაშე საბოლოოდ უნდა დაეყენებინათ გალის რაიონის (ძველ საზღვრებში) მცხოვრებლების პასპორტიზაციის საკითხი და მოეთხოვათ მთავრობის გადადგომა, არ უნდა ყოფილიყო რიგითი მოვლენა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მის ორგანიზატორებს ასეთი შედეგის მიღების იმედი ჰქონდათ.
დემის პოლანდოვი
დემის პოლანდოვი

 

 

ალექსანდრ ანქვაბმა უამრავი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა – ის ხალხთან არ გავიდა შესახვედრად. 3.5 საათს გრძელდებოდა მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, რომლის განმავლობაშიც აფხაზეთის ლიდერი პერიოდულად იმეორებდა, რომ მისი მრჩევლები მას ქუჩაში ხალხთან გასვლის რეკომენდაციას არ აძლევდნენ. შეიქმნა პრეზიდენტის სახე, რომელსაც ეშინია თავისი ხალხის და პატივს არ სცემს უხუცესებს, რომლებიც გარეთ შეკრებილ ხალხთან მის გამოსვლას მოითხოვდნენ, რამაც მომენტალურად შეცვალა როგორც მომლაპარაკებლების, ისე მიტინგის მონაწილეების განწყობა. ოპოზიციონერებმა თავად პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს, პრეზიდენტის ქედმაღლობით შეურაცხყოფილმა და თაკარა მზის ქვეშ დგომით დაღლილმა მომიტინგეებმა კი იგრძნეს ალექსანდრ ანქვაბის სისუსტე და რაღაც მომენტში შენობის შტურმზე წავიდნენ.

 

აფხაზეთის ლიდერის შემდგომმა მოქმედებამ, კერძოდ კი, მისმა გაქცევამ შენობიდან- მანამ, სანამ ოპოზიციონერი მომლაპარაკებლები გაარკვევდნენ რა ხდებოდა (ეს იყო ზუსტად მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა შეამტვრიეს კარი)- მისი გადადგომის სცენარი უალტერნატივო გახადა. პრეზიდენტს, რომელსაც საკუთარი ხალხის შეეშინდა და რომელიც რუსულ სამხედრო ბაზაზე გაიქცა, უბრალოდ, აღარ შეეძლო თავის კაბინეტში დაბრუნება.

 

ისეთ პატარა, ტრადიციულ საზოგადოებაში, როგორიც აფხაზეთშია, იმიჯი უმთავრეს როლს ასრულებს. ალექსანდრ ანქვაბს ამ კუთხით სულ ჰქონდა საკმაო პრობლემები და მან ეს ფაქტორი სათანადოდ ვერ შეაფასა. მაგალითად, არჩევნებში გამარჯვებისთანავე მოითხოვა პრეზიდენტის ფიცის ტექსტის შეცვლა. ფიცის ტექსტიდან, რომელსაც პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშვნის დროს წარმოთქვამს აფხაზურ ენაზე, ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე ამოღებული იქნა სიტყვები: “თუკი ამ ფიცს დავარღვევ, წყეულიმც ვიყო ხალხისგან”. ხალხმა, ძირითადად კი ახალგაზრდობამ ეს ცუდად მიიღო.

 

ასეთივე რეაქცია გამოიწვია ანქვაბის მიერ ტრადიციული აფხაზური რწმენისა და სიწმინდეების იგნორირებამ. არჩევნების დროს ორი აფხაზური სიწმინდის მცველები მოუწოდებდნენ საპრეზიდენტო კანდიდატებს, დაედოთ საკუთარი ხალხის ერთგულების ფიცი დიდრიპშ-ნიხას (აფხაზური რელიგიის მიხედვით, შვიდი წმინდა ადგილიდან ერთ-ერთი, რომელიც დიდრიფშის მთაზეა) წინაშე. ორმა კანდიდატმა (სერგეი შამბამ და რაულ ხაჯიმბამ) ეგრევე განაცხადეს თანხმობა, ანქვაბმა კი უარი თქვა.

 

პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა და მეორეც – სერგეი ბაღაფში, ყოველთვის იყვნენ ხალხისთვის ხელმისაწვდომნი. ისინი ისხდნენ სანაპიროზე, შეიძლებოდა მათთან მიახლოება, ურთიერთობა და რაღაც საკითხების გადაწყვეტაც კი. ალექსანდრ ანქვაბმა ეს ტრადიცია დაარღვია და ის მოქალაქეების კვირაში ერთხელ, ორშაბათობით მიღებით ჩაანაცვლა. აქაც გამოვლინდა მესამე პრეზიდენტის მახასიათებელი შტრიხები, რაც მას მკვეთრად განასხვავებდა წინამორბედებისგან. ხმები მისი უტაქტობის, უხეშობისა და ქედმაღლობის შესახებ მუდმივად ისმოდა ხალხში.

ალექსანდრ ანქვაბი
ალექსანდრ ანქვაბი

 

რა თქმა უნდა, პრეზიდენტისადმი წაყენებული პრეტენზიების ნუსხაში ტრადიციული პოლიტიკური “ცოდვებიც” არის. მას ხშირად აკრიტიკებდნენ რუსეთიდან მიღებული ფინანსური დახმარების არაეფექტურად გამოყენების გამო – მომიტინგეების უმრავლესობა უკმაყოფილებას აფხაზეთში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გამო გამოხატავდა. ხმამაღლა ისმოდა პრეტენზიები პრეზიდენტისადმი მისი შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებების გამო, რომ იგი დაამარცხებდა კორუფციასა და დანაშაულს. საიდუმლო არაა, რომ ალექსანდრ ანქვაბს ხმა იმის გამო მისცეს, რომ ის “რკინის ხელი” იქნებოდა, რომელიც საბოლოოდ დაამყარებდა წესრიგს.

გაქცევამ საბოლოოდ გაანადგურა პრეზიდენტის იმიჯი, რამაც სწორედ მის, როგორც ძლიერი ადამიანის სახეს მიაყენა დარტყმა – ეს იყო უკანასკნელი შტრიხი, რითაც ის შთაბეჭდილებას ახდენდა აფხაზურ ობივატელებში. ადრე მისთვის არავის უწოდებია მშიშარა. ანქვაბს ექვსჯერ დაესხნენ თავს, მაგრამ არასოდეს დანებებულა და ყოველთვის აგრძელებდა პოლიტიკურ საქმიანობას, რამაც საბოლოოდ აფხაზურ ოლიმპოს სიმაღლეზე აიყვანა. გაქცევიდან რამდენიმე დღის შემდეგ იყო მცდელობა, რომ სწორედ მასზე მოსალოდნელი თავდასხმით აეხსნა ის ფაქტი, რომ არ გავიდა ხალხთან, მაგრამ ამან ამჯერად უკვე აღარ იმუშავა.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი