სოციალურ ქსელში დღეს დილიდან პატრიარქის სახელით ვრცელდება შემდეგი განცხადება:
“მე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია შიოლაშვილი-ღუდუშაური, სრულად ვაცნობიერებ ჩემზე, როგორც ერის სულიერ მამაზე და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქზე დაკისრებულ მოვალეობას და პასუხიმგებლობას, ჩემო სულიერო შვილებო, თქვენსა და ღმერთის წინაშე, და ვაცხადებ:
ბოლო დროს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც სრულად ვეღარ ვახერხებ ვმართო ეკლესია და დავმწყსო მრევლი!
ექიმებიც მირჩევენ, დავისვენო.

ამიტომ, სამაგალითოდ ვიღებ ჩემი ქრისტესმიერი ძმის, ამჟამად პაპ-ემერიტუსის ბენედიქტეს მართლაც ქრისტესმიერ ქმედებას, და მომავალ კვირას, ჟამის წირვის შემდეგ, მე გადავდგები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის კათედრიდან და თქვენთვის, საქართველოსთვის და ყოველთა ქრისტეანეთათვის გავაგრძელებ ლოცვას ერთ-ერთ მონასტერში, როგორც რიგითი ბერი!
ასევე ვაცნობიერებ, რომ ახალი კათალიკოსის არჩევამ შეიძლება გახლიჩოს ეკლესია!
ამის გამო შაბათს გაიმართება წმიდა სინოდის სხდომა და შევიტანთ შესწორებას საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში – დროებით, ეკლესიის მართვას განახორციელებს წმიდა სინოდი!
გთხოვთ შემინდოთ და ლოცვა ჰყოთ ჩემთვის!
მუდამ თქვენზე მლოცველი, მდაბალი ილია, კათალიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოს ეკლესიისა.
ღმერთს ებარებოდეთ”.
მიქაელ ბოტკოველის თქმით, ამ განცხადებას არაფერი აქვს საერთო საპატრიარქოსთან. მისი განცხადებით, სინოდის სხდომა ტრადიციულად იმართება წელიწადში ორჯერ და, შესაბამისად, ასეთი მორიგი სხდომაა ჩანიშნული შაბათისთვის.







