დროებითი პრეზიდენტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები – უსუფაშვილის “შეთანხმების ფორმულა”

დავით უსუფაშვილი ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმიანება. უსუფაშვილის თქმით, იმისთვის, რომ საზოგადოება არჩვნების შემდეგ გაძლიერდეს, აუცილებელია, 2019 წლის ოქტომბერში ვადამდელი საპარლამენტო არჩვნები ჩატარდეს, რის შემდეგაც 2018 წლის 28 ნოემბერს არჩეული პრეზიდენტი უნდა გადადგეს.

როგორც უსუფაშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით საქართველოში რთული პოლიტიკური ვითარებაა, ჯერ კიდევ არსებობს გამოსავალი. მისი თქმით, თუ პოლიტიკური მხარეები უმძიმესი საარჩევნო პროცესის ფინიშის სწორზე მაინც წამით შეჩერდებიან და გაიხსენებენ, რომ მომხდურ გარეშე მტერთან კი არა, ქვეყნის ბედ-იღბალზე ზიარი პასუხისმგებლობის მქონე ოპონენტთან აქვთ საქმე, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

“ასეთ შემთხვევაში, მმართველი პარტიის ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და საპრეზიდენტო კანდიდატები შეძლებდნენ ისეთ შეთანხმების მიღწევას, რომელიც ქვეყანას გაამაგრებდა, საზოგადოებას დაამშვიდებდა და პოლიტიკურ პროცესს აღმშენებლობით კალაპოტში გადაიყვანდა – პროპორციული არჩევნები, დროებითი პრეზიდენტი, მიუკერძოებელი სახელმწიფო ორგანოები:

  1. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის მიუხედავად, 2019 წლის ოქტომბერში ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით;
  2. ვინც არ უნდა იქნეს პრეზიდენტად არჩეული, მისი მთავარი ამოცანა იქნება 2019 წლის ოქტომბერში ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარება, რის შემდეგაც იგი გადადგება;
  3. კონფრონტაციული არჩევნების საბოლოო შედეგისადმი საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად სახელისუფლებო ქვედანაყოფები დაუყოვნებლივ გადავლენ არჩევნების თავისუფლების უზრუნველყოფის რეჟიმზე, რაზეც პრემიერ-მინისტრი აიღებს პერსონალურ პასუხისმგებლობას,” – წერს უსუფაშვილი;

უსუფაშვილი ამბობს, რომ ამჟამად ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პრობლემა “ქართული ოცნების” ერთპარტიული, არაკვალიფიციური, ქაოტური და არაეფექტური მმართველობაა. რამაც, მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” აღზევებაც გამოიწვია.

“ოცნებამ უნდა გაიაზროს, რომ “ნაცების” რევანშის თავიდან ასაცილებლადაც, საკუთარი შიდა რეფორმებისთვისაც და ქვეყნის სხვა პრობლემებთან გასამკლავებლადაც, აუცილებელია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს ერთპარტიული მმართველობის დასასრულის დასაწყისი – პროპორციული საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ოქტომბერში. “ოცნების” ამ ნაბიჯმა “ნაცმოძრაობას” უნდა დაანახოს, რომ რევოლუციური მიწოლ-მოწოლით ძალაუფლების ერთპიროვნულად დაპატრონება არ გამოუვა და საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში მოუწევს სახელისუფლებო ცვლილების უკვე დასახულ, კონსტიტუციურ და სამართლიან გზაზე დადგომა,” – განმარტავს უსუფაშვილი.

როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, ამ ნაბიჯის შემდეგ შესაძლებელი იქნება დაბალანსებული, კოალიციური უმრავლესობის ფორმირება.

ამასთანავე, უსუფაშვილი განმარტავს, თუ რატომ უნდა იყოს ახლად არჩეული პრეზიდენტი დროებითი. იგი დასძენს, რომ უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნებით საზოგადოება პრეზიდენტობის შემძლე, საზოგადოების გამაერთიანებელ სახელმწიფოს მეთაურს ვერ ირჩევს, რისი მიზეზიც კი ის არის, რომ ორივე კანდიდატი უკიდურესად ვიწროპარტიულ, მეტიც, პრაქტიკულად პერსონალურ ჩარჩოში ჩაიკეტა: ერთი ივანიშვილის კანდიდატია, მეორე – სააკაშვილის.

“გარდა ამისა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც საზოგადოება მტრულ პოლიტიკურ მედიაბანაკებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებამდე მიიყვანა, სწორედ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის უმთავრესი სახელმწიფოებრივი სატკივარი და მოსაგვარებელი პოლიტიკური პრობლემა უნდა იყოს. ამიტომ იგი უნდა გამოვიდეს არაორდინარული პოლიტიკურ ინიციატივით, რომელიც განმუხტავს სახიფათო დაძაბულობას, გააჩენს სწორ გზაზე ქვეყნის მყარად დაყენების კალაპოტს და პირადად მასაც ჩამობანს საარჩევნო პროცესში მოცხობილ ლაქებს.

გასაგებია, რომ ასეთ შემთხვევაში ახალ პრზიდენტს ხალხი ვეღარ აირჩევს. მაგრამ რა გვირჩევნია, გვყავდეს ხალხის ერთი ნახევრის მიერ არჩეული, ხალხის მეორე ნახევრის მიერ საძულველ მოღალატედ შერაცხული, სინამდვილეში კი ერთი კაცის დანიშნული პრეზიდენტი, თუ ნამდვილად ხალხის მიერ არჩეული მრავალპარტიული პარლამენტის მიერ არჩეული და მრავალპარტიული მხარდაჭერის მქონე პრეზიდენტი?

და თუ ერთ წელიწადში დავინახეთ, რომ „დიმიტრი გელოვანი“ აგვირჩევია პრეზიდენტად და არ გვცოდნია, კვლავ იგი აირჩიონ ხმოსნებმა…,” – წერს დავით უსუფაშვილი.

როგორც უსუფაშვილი განცხადების ბოლოს წერს, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საპროტესტო-რევოლუციური მუხტი და შიდასაზოგადოებრივი არეულობა, აუცილებელია, სახელისუფლებო სისტემა დაუყოვნებლივ და სრულად გადაერთოს არჩევნების სამართლიანობის უზრუნველყოფის ტალღაზე და არავის გაუჩინოს არჩევნების გაყალბების მტკიცებულება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან