ახალი ამბებიეკონომიკა

რა რისკს ხედავს ეკონომისტთა ნაწილი ვალების საარჩევნოდ ჩამოწერაში

20 ნოემბერი, 2018 • 2680
რა რისკს ხედავს ეკონომისტთა ნაწილი ვალების საარჩევნოდ ჩამოწერაში

საარჩევნოდ ვალების ჩამოწერის სახელისუფლო ინიციატივაში ეკონომისტთა ნაწილი სამომავლო რისკებს ხედავს, რადგან მათი აზრით, ამან შესაძლოა მოქალაქეებიწ აახალისოს საბანკო სესხის გადაუხდელობაში მთავრობისა და არჩევნების იმედად, რომელიც საქართველოში თითქმის ყოველწლიურად იმართება. მთავრობა საპასუხოდ მოქალაქეებს არწმუნებს, რომ ეს მხოლოდ ერთჯერადი აქტი იყო და მომავალში, საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, არავინ არავის აღარ გადაუხდის ვალს.

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, შეიქმნა ძალზე სახიფათო პრეცედენტი.

“რატომ უნდა ჰქონდეს დღეიდან კრედიტის გადახდის სურვილი კარგ გადამხდელს, როდესაც მთავრობას შეუძლია ვალის ჩამოწერა არჩევნების წინ. როცა საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ ნაბიჯს დგამს მთავრობა, წარმოიდგინეთ, რაზეა წამსვლელი საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც რეალური ხელისუფლება იცვლება. ეს არის პირდაპირი სიგნალი კარგი გადამხდელისთვის და საკმაოდ ძლიერი მოტივაცია, რომ კრედიტი არ გადაიხადოს, რადგან უკვე არსებობს პრეცედენტი 600 ათასი ადამიანისთვის, რომ “კრედიტის არ გადახდა მოსულა”, – აცხადებს ცომაია.

ცომაიას აზრს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანიც იზიარებს. მისი თქმით, მთავრობამ მკაფიოდ უნდა ისაუბროს იმ კრიტერიუმებზე, რასაც ვალების ჩამოსაწერად უნდა აკმაყოფილებდეს მოქალაქე. სხვა შემთხვევაში ყიფიანს მიაჩნია, რომ შესაძლოა ფინანსურ ინსტიტუტებს პრობლემები შეექმნათ.

“მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები თანხის არ გადახდის მოტივაციას უკვე იმ ადამიანებს უჩენს, რომლებიც დღეს სესხის დასაფარ თანხას იხდიან, მაგრამ მაინც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში არიან. მათაც ექნებათ განცდა, იქნებ მათი სესხიც დაფაროს ვინმემ,” – ამბობს ირაკლი ყიფიანი.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შავ სიაში მოხვედრილი 700 ათასი ადამიანიდან სესხი ჩამოეჭრება 600 ათას ადამიანს, ანუ მათ, ვისი კრედიტის ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. გარდა ამისა, სესხზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უნდა იყოს შენატანი და მსესხებელი ირიცხებოდეს ე.წ. შავ სიაში. მთავრობის ინფორმაციით,  ქართუ მილიონზე მეტ სესხს დააფინანსებს (ამაში იგულისხმება ერთი ადამიანის მიერ აღებული რამდენიმე სესხი).

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ირწმუნება, რომ სესხების ჩამოწერის გადაწყვეტილება ერთჯერადი აქტია და საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ არავის აღარ გადაუხდიან ვალს.

“უპასუხიმგებლოდ ხდებოდა დაკრედიტება და არ მოწმდებოდა ადამიანის შემოსავლები. შესაბამისად, წესდებოდა დრაკონულად დიდი ჯარიმები. ამის საპასუხოდ შემოვიდა რეგულაციები. დღეიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ასე იოლად დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები მსგავსი სესხების აღებას. შესაბამისად, ეს ყველაფერი სუფთა ფურცლით იწყება და პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს. მსესხებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ნორმალური, ცივილური ფორმით აღებული სესხი, უნდა გადაიხადონ. მომავალში თუ ვინმე გადამხდელუუნარო გახდება, მას არავინ ვალს აღარ გადაუხდის,”-აცხადებს მინისტრი.

საბანკო რეგულაციები, რაზეც ფინანსთა მინისტრი საუბრობს, ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის წესს ეხება, რომლის ამოქმედებაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ორჯერ გადავადდა. ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულაციებს ე.წ ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებით ხსნის. სები კომერციულ ბანკებს ავალდებულებს, სესხის გაცემამდე მსესხებლის გადახდისუნარიანობა შეამოწმოს.

ბანკის მიერ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვან ანალიზად ჩაითვლება, თუ ის მოახდენს მსესხებელი/თანამსესხებელი პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალურ ანალიზს. რაც შეეხება ფიზიკური პირების დაკრედიტების წესის ცვლილებას, რომელიც კომერციული ბანკებითვის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, დგინდება, რამდენი უნდა იყოს ყოველთვიური სასესხო გადასახადი ხელფასის მიმართ.

აკაკი ცომაიას აზრით, ფიზიკურ პირთა დაკრედიტების ახალი წესის ამოქმედება ვადაგადაცილებული სესსხების პრობლემას ვერ მოაგვარებს. ეკონომისტი განმარტავს, რომ რეგულაციების პირობებშიც ადამიანები სესხის აღებას შეეცდებიან და თუ საფინანსო სექტორი მას კრედიტზე უარს ეტყვის, ის ე.წ. მევახშეს მიმართვს. ანუ ფინანსურ რესურსზე მოთხოვნა ჩრდილოვან ეკონომიკაში გადაინაცვლებს.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ მოქალაქეთა ქცევაზე, რომელიც მოლოდინებს უკაშირდება, პროგნოზების გაკეთება რთულია. რაც შეეხება თავად ფინანსური დავალიანების ჩამოწერის საკითხს, ძნელაძის თქმით, რეალურად მოხდა კომერციული საფინანსო ინსტიტუტებიდან სასესხო პორტფელების შეძენა. ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის მტკიცებით, ამ პორტფელის გაყიდვა საფინანსო სექტორს უნდოდა, ქართუმ კი ის შეიძინა. ძნელაძე იწმუნება, რომ ამ გადაწყვეტილებას სრულად კომერციული საფუძველი გააჩნდა.

“რა მოლოდინები შეიძლება გააჩინოს ამან მოსახლეობაში, ამის პროგნოზირება რთულია. მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ეს ერთჯერადი აქციაა და ამის განმეორება აღარ მოხდება. მთავრობის ეს გადაწყვეტილება არჩევნებს არ უკავშირდება. ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გატარდა. მათ შორის იყო 2017 წელს მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის დადგენა, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შემცირება და დღეის მდგომარეობით ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებულია რეგულაცია, რომელიც ფიზიკური პირების დაკრედიტებას ეხება. ეს ინიციატივაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ვარაუდი იმის, რომ ყოველ არჩევნებზე ვიღაც გამოვა და სესხებს აპატიებს საზოგადოებას, მცდარია და მაქსიმაურად ვცდილობთ ავხსნათ, რომ ეს ასე არ მოხდება,” – უთხრა ალექსანდრე ძნელაძემ “ნეტგაზეთს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი