საქართველოს მთავარი პროკურატურა

პროკურატურა ვალების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის

საქართველოს მთავარი პროკურატურა კერძო ხასიათის შეთანხმებას უწოდებს ე.წ. შავ სიაში შესული მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას. თუმცა უწყება აცხადებს, რომ საკითხს შეისწავლის და დანაშაულის არსებობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

“ნეტგაზეთმა” მთავარ პროკურატურას მიმართა კითხვით, აპირებს თუ არა უწყება მოკვლევის დაწყებას ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საკითხზე.

“ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს, შევისწავლით და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას”, – აცხადებენ პროკურატურაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

არასამთავრობო ორგანიზაციები ცალსახად ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ე.წ. შავ სიაში შესული ადამიანებისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ. როგორც სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

ამავე თემაზე:

NGO-ები სესხებზე პრემიერის ინიციატივას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ

 

 

 

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.