ახალი ამბები

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები და “პოლიტიკური მიწისძვრა” საფრანგეთში

26 მაისი, 2014 •
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები და “პოლიტიკური მიწისძვრა” საფრანგეთში

ევროპარლამენტის არჩევნების ეგზიტპოლებისა და წინასწარი შედეგების მიხედვით, საფრანგეთში პირველ ადგილზე მარინ ლე პენის “ეროვნული ფორნტი” გავიდა, რომელიც ამომრჩეველს საფრანგეთის ევროკავშირიდან გაყვანასა და საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ჰპირდება. წინასწარი შედეგებით, ლე პენის პარტიამ ხმების 25 პროცენტი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტში 25 ადგილს მოიპოვებს. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტური ალიანსი მხოლოდ მესამე ადგილზეა – 14 პროცენტი.


ბრიტანეთში ასევე პირველ ადგილზე გავიდა ევროსკეპტიკური პარტია(ევროკავშირის მოწინააღმდეგეები) UKIP (27%), მან კონსერვატორები (24%) და ლეიბორისტები (25%) დაამარცხა.

 

იტალიაში ევროპარლამენტის არჩევნები მემარცხენე–ცენტრისიტი მატეო რენზის პარტიამ მოიგო (40%), თუმცა მეორეზე გავიდა ასევე ევროსკეპტიკური, ყოფილი კომიკოს ბეპე გრილოს “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა”. 

 

გერმანიაში ანგელა მერკელის ქრისტიან–დემოკრატიულმა ალიანსმა კიდევ ერთი არჩევნები მოიგო და ხმების 35 პროცენტი მიიღო. ევროსკეპტიკურმა (AFD) პარტიამ მხოლოდ 7% მიიღო.


მარინ ლე პენი
მარინ ლე პენი

 

“ხალხმა თავისი პოზიცია ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ გამოხატა”, – განაცხადა მარინ ლე პენმა პარიზში გამართულ აქციაზე ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ. “მათ აღარ უნდათ, რომ საზღვრების იქიდან ევროკომისრებმა და იმ ტექნოკრატებმა მართონ, რომლებიც არჩეული თანამდებობის პირები არ არიან. ადამიანებს სურთ, რომ გლობალიზაციისაგან დავიცვათ”.

 

ლე პენის ბრიტანელი თანამოაზრის ნაიჯელ ფარაჯის განცხადებით კი, “დღეს ევროპული ინტეგრაციის აუცილებლობას წერტილი დაესვა”.


მიუხედავად საფრანგეთსა და ბრიტანეთში ლოკალური წარმატებისა, ევროსკეპტიკოსებს არჩევნებში არ გაუმარჯვიათ. წინასწარი შედეგებით მათ პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადგილი შეხვდებათ, რაც გარკვეული რადიკალური ცვლილებების განსახორციელებად საკმარისი არ არის. წინასწარი მონაცემებით, ევროპარლამენტში ყველაზე მეტ დეპუტატს ევროპის სახალხო პარტია (EPP) შეიყვანს. BBC-ის ცნობით, EPP–ის ევროპარლამენტში, რომელიც 751 დეპუტატს აერთიანებს, 212 წევრი ეყოლება. წინასწარი შედეგებით მეორეზე სოციალისტები (186 ადგილი) გადიან, მესამეზე – ლიბერალები (70 ადგილი), ხოლო მეოთხეზე- მწვანეები (55 ადგილი).

 

ამასთან, BBC-ის ცნობით, ამ არჩევნებზე ევროკავშირის იდეის მომხრეებისათვის კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი დაფიქსირდა: პირველად მოხდა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით ამომრჩევლის აქტივობა არ შემცირდა. გუშინ დასრულებულ არჩევნებში ევროპელი ამომრჩეველის 43,01%–მა მიიღო მონაწილეობა, რაც წინა არჩევნების აქტივობაზე 0,1 პროცენტით მეტია.


EPP–ის ლიდერმა ჟან–კლოდ იუნკერმა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატია, ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო ჯამში არჩევნები ევროგაერთიანების მომხრე ძალებმა მოიგეს და არა ევროსკეპტიკოსებმა:


“რადიკალ მემარჯვენეებს არჩევნები არ მოუგიათ. ჩვენ ცალსახად პროევროპული უმრავლესობა გვეყოლება ევროპარლამენტში”, – განაცხადა მან.


მისი სოციალისტი კონკურენტის, მარტინ შულცის თქმით კი, საფრანგეთში მარინ ლე პენის გამარჯვება ევროპისთვის ძალიან ცუდი ნიშანია:


“ეს ძალიან ცუდი დღეა ევროკავშირისთვის, რადგან პარტია რასისტული, ქსენოფობიური და ანტისემიტური საარჩევნო პროგრამით ხმების 25 პროცენტს იღებს”.


წინა არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტის უფლებამოსილება გაიზარდა და ახლა სწორედ დეპუტატები გადაწყვეტენ, თუ ვინ დაიკავებს ევროპის კავშირის უმთავრეს თანამდებობას, ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს. კანდიდატი ორია: იუნკერი ევროპის სახალხო პარტიიდან და სოციალისტი მარტინ შულცი.

მასალების გადაბეჭდვის წესი