ახალი ამბები

პირველ ტურზე ჩემი სურათები იყო ძალიან ბევრი – ზურაბიშვილი ახალ სარეკლამო ბანერებზე

17 ნოემბერი, 2018 • 2700
პირველ ტურზე ჩემი სურათები იყო ძალიან ბევრი – ზურაბიშვილი ახალ სარეკლამო ბანერებზე

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი ახალი წინასაარჩევნო ბანერები ძველზე უკეთესია. ასე უპასუხა მან მედიის კითხვას, რას ფიქრობს მმართველი გუნდის სხვა სახეებით მისი ბილბორდების ჩანაცვლებაზე.

ზურაბიშვილს აღნიშნულზე პირდაპირ არ უსაუბრია და მხოლოდ იმ ახალ ბანერებზე გააკეთა კომენტარი, რომლებზეც თავადაა გამოსახული და რომელთაც განახლებულ სლოგანთან ერთად კანდიდატის პირველი ტურის დროინდელი ბილბორდები ჩაანაცვლეს.

“მე ვერ მხედავთ? მემგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე იყო პირველი სურათი. და მემგონი, ძალიან ვჩანვარ. ამაზე მეტი უხერხული იქნებოდა.

…განცდა არის ის, რომ ვარ ძალიან ბედნიერი. ის პირველი სურათი ნაკლებად მომწონდა. მე არ ვიცი, თქვენი მოსაზრება როგორია, მე ძალიან მომწონს ახალი სურათი. პირველი ტურის დროს სულ ვამბობდი, რომ მეგონა, ჩემი სურათები იყო ძალიან ბევრი და დიდი, იმიტომ, რომ ეს არ არის ის ევროპული სტილი, რომელიც მომწონს და მე ეს სტილი ბევრად უფრო მომწონს. იმედი მაქვს, თქვენც”, – აღნიშნა მან.

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, საქართველოს მასშტაბით ზურაბიშვილის არაერთი სააგიტაციო ბანერი გამოჩნდა, რომელზეც ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო ნომერი და ახალი სლოგანია მითითებული: “პრინციპული არჩევანი”. თუმცა, არაერთ მათგანზე, მის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, მამუკა ბახტაძისა და სხვათა პორტრეტებია დატანილი.

აუდიტის სამსახური  უკვე სწავლობს, შეიცავს თუ არა აღნიშნული სარეკლამო ნაწარმი უკანონო შემოწირულობის ნიშნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი