ახალი ამბები

დარბაისელი სად-ის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა

23 მაისი, 2014 •
დარბაისელი სად-ის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა

“მე ძალიან მძიმე პერიოდში მომიწია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობა. დასამალი არ არის, რომ ეს უმძიმესი სფეროა. პატიმრებთან მუშაობა და ურთიერთობა განსაკუთრებულ უნარს მოითხოვს თანამშრომლებისაგან, მით უმეტეს, როცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომებია საჭირო. დეპარტამენტი, მისი თანამშრომლები ნამდვილად ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივუახლოვდეთ სასურველ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ, მე როგორც მენეჯერმა, საჭიროდ ჩავთვალე და თავად მივიღე გადაწყვეტილება თანამშრომლებისათვის პრემიების გაცემის შესახებ, რათა მათ კიდევ მეტი მოტივაცია ჰქონოდათ. მათ 24-საათიან რეჟიმში, უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა ყველაზე რთულ, გარდამავალ პერიოდში. ისინი ფაქტიურად ვერ ნახულობენ საკუთარ ოჯახებს და სამსახურში უწევთ ღამეების თენება. სწორედ ასეთი მუშაობის შედეგია, რომ მათ რეალურად შეცვალეს ის ნეგატიური ტენდენციები, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემაში ჩემს დანიშვნამდე. 

 

ჩემმა გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვები და გამოიწვია უკმაყოფილება. კარგად მესმის, რომ საზოგადოებისთვის შეუძლებელია ახსნა, თუ რა მასშტაბის და სიმძიმის სამუშაო იყო გასაწევი. მე ბოლომდე ერთგულად ვემსახურე ჩემს საქმეს და ჩემს ქვეყანას. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა დავტოვო დაკავებული თანამდებობა. 


მე ვრჩები ერთგული ჩემი ქვეყნის და ჩემი საქმის. 


აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სრული აბსურდია ყველა ის ბრალდება, რომელიც გაისმა ჩემი და ჩემი თანამშრომლების მიმართ”. 

 

ვანო მერაბიშვილის საკნიდან ფარულად გაყვანის საქმე, პატიმარ გიგა ფარტენაძის მკვლელობა გეგუთის ციხეში, კოლოსალურად მაღალი პრემიების გაცემა სად-ის მაღალჩინოსნებისთვის, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების დაწინაურება სად-ში, რომლებიც სხვადასხვა კრიმინალურ საქმეებზე იყვნენ ბრალდებულნი ან გამოვლენილნი, სასჯელაღსრულების სისტემაში “რუსთავი 2”-ის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის დასაქმება, რომელზეც, ტელევიზიის დირექტორის თქმით, გადის “რუსთავი 2”-ში ფარული ვიდეომიყურადების საქმის კვალი – ეს იმ გახმაურებული საქმეების ჩამონათვალია, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სად-ის თავმჯდომარედ დიმიტრი დარბაისელის დანიშვნას.

 

დიმიტრი დარბაისელი სად-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2013 წლის 29 ნოემბერს დაინიშნა და დღეს, 23 მაისს გათავისუფლდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სად-ის თავმჯდომარის პოსტიდან უკვე რიგით მესამე თავმჯდომარე გათავისუფლდა. თავდაპირველად ამ პოზიციას მაია ხასია იკავებდა – მხოლოდ 4 თვის განმავლობაში, შემდეგ – მიხეილ ღურწკაია – მხოლოდ 8 თვის განმავლობაში, და ბოლოს – დიმტრი დარბაისელი, რომელმაც ამ პოსტზე 6 თვე იმუშავა.

დიმიტრი დარბაისელი
დიმიტრი დარბაისელი

მასალების გადაბეჭდვის წესი