ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილს მეორე ტურისთვის 1.8 მილიონი ლარი შესწირეს

15 ნოემბერი, 2018 • 1936
სალომე ზურაბიშვილს მეორე ტურისთვის 1.8 მილიონი ლარი შესწირეს

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 28 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, 1 837 000 ლარი შესწირეს. ეს თითქმის 10-ჯერ მეტია იმ თანხაზე, რაც მის კონკურენტ გრიგოლ ვაშაძეს შესწირეს. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 189 517 ლარის მობილიზება შეძლო.

სალომე ზურაბიშვილს 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებიდან დღემდე (28 აგვისტო-15 ნოემბერი) 6 730 084 ლარი შესწირეს, გრიგოლ ვაშაძეს კი – 1 050 230 ლარი. 

ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის ძირითადად არიან ის პირები, რომლებიც წინა არჩევნებზე თანხას “ქართულ ოცნებას” სწირავდნენ. ზურაბიშვილს თანხა ასევე გადაურიცხეს პირადად ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მმართველი პარტიის წევრებმაც.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პირველ ადგილზე “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გავიდა. ზურაბიშვილმა ხმების 38.6% მიიღო. მეორე ადგილზე 37.7%-ით პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა. იმის გამო, რომ პირველივე ტურში ხმების 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, უნდა გაიმართოს არჩევნების მეორე ტური, რომელიც ოთხშაბათს, 28 ნოემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი