ახალი ამბები

აუდიტი ზურაბიშვილის მხარდამჭერი “ოცნების” ბანერების საკითხს შეისწავლის

15 ნოემბერი, 2018 • 2090
აუდიტი ზურაბიშვილის მხარდამჭერი “ოცნების” ბანერების საკითხს შეისწავლის

აუდიტის სამსახური  შეისწავლის, შეიცავს თუ არა უკანონო შემოწირულობის ნიშნებს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ახალი სარეკლამო ბანერები, რომლებზეც არა დამოუკიდებელი კანდიდატი, არამედ “ქართული ოცნების” ლიდერები არიან გამოსახული.

როგორც “ნეტგაზეთს” აუდიტის სამსახურში განუცხადეს, ისინი გამოითხოვენ ინფორმაციას  ფინანსური ხარჯების შესახებ როგორც სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან, ისე “ქართული ოცნებიდან”.

აღსანიშნავია, რომ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონით, საარჩევნო სუბიექტს ეკრძალება შემოწირულობების მიღება არასამეწარმეო იურიდიული პირისგან. პარტია სწორედ არასამეწარმეო იურიდიულ პირს განეკუთვნება.

სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ბანერები “ქართული ოცნების” ლიდერების – ბიძინა ივაიშვილის და ირაკლი კობახიძის გამოსახულებით დღეს თბილისსა და ბათუმში გამოჩნდა. სარეკლამო ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის ფოტო არ ჩანს, თუმცა მისი საარჩევნო ნომერი და ახალი სლოგანი “პრინციპული არჩევანი” არის მითითებული.

 

ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ბანერები სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად

მასალების გადაბეჭდვის წესი