ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩვენ შესანთქმელად მიგვიჩნიეს”

22 მაისი, 2014 • • 1494
“ჩვენ შესანთქმელად მიგვიჩნიეს”

ცხინვალის პოლიტიკურ წრეებში ეს თემა ტაბუირებული არ არის, უფრო მეტიც – ერთ-ერთი მთავარი თემაა მიმდინარე საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებში კი რუსეთთან მიერთების საკითხი 2008 წლის აღიარების შემდეგ დაიხურა. მაგრამ ყველაფერი იცვლება.

 

“ეხო მოსკვის” კორესპონდენტმა ანაიდ გოგორიანმა მიმდინარე წლის მარტში სოხუმელებს კითხვით მიმართა – “უღირს თუ არა აფხაზეთს რუსეთთან მიერთების შესაძლებლობის განხილვა?” რაზეც გამოკითხულთა უმრავლესობამ დადებითად უპასუხა. გასაგებია, რომ ჩვეულებრივი ქუჩის გამოკითხვა იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებიც დათანხმდნენ ჟურნალისტთან საუბარს, სტატისტიკურად არ შეიძლება მივიჩნიოთ რეპრეზენტატულად. თუმცა რეაქციები გამოკითხვაზე გაცილებით უფრო ნიშანდობლობვი იყო. თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა გამოვიდა ამ კითხვის დასმის წინააღმდეგ. ანაიდ გოგორიანი და მე, მისი რედაქტორი, პროვოკაციასა და ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაგვადანაშაულეს.

დემის პოლანდოვი
დემის პოლანდოვი

 

 

გავიდა ორი თვე და თემა ისევ აქტუალური გახდა, მაგრამ უკვე არა რომელიმე “პროვოკატორის”, არამედ “აფხაზ-აბაზი ხალხის საერთაშორისო ასოციაციის” პრეზიდენტ ტარას შამბას მიერ. ამ საზოგადო მოღვაწეს, რომელიც არის აფხაზეთის ერთ-ერთი შიდა სახელისუფლებო უწყების ყოფილი მეთაურის – სერგეი შამბას ძმა, ზოგჯერ “აფხაზეთის სახალხო პრეზიდენტს” უწოდებენ. რა თქმა უნდა, აფხაზეთსა და რუსეთში შამბას რეალური პოლიტიკური წონის შესახებ საუბარი არ არის, მაგრამ ის უდავოდ ცნობილი საჯარო ფიგურაა და მისი სიტყვების უბრალოდ უგულებელყოფა არ ღირს.  ბოლო-ბოლო მანამ, სანამ ნათელი არ გახდება, თუ ვის წინადადებას ახმოვანებს ის – თავის პირად, თუ რუსეთის პოლიტიკური წრეების? მისი შეთავაზების არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთმა რუსეთთან ასოცირების შეთანხმება უნდა გააფორმოს.

 

ქართველი მკითხველისთვის, ცხადია, გასაგებია, რას ნიშნავს სიტყვა “ასოცირება”. საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერაც 27 ივნისსაა დაგეგმილი, უკვე რამდენიმე წელია განიხილება და შეუძლებელია ვინმემ არ იცოდეს, რა იგულისხმება ამაში.

 

პოლიტიკური ინტეგრაცია გულისხმობს ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში საკუთარი პოლიტიკური სისტემის მოყვანას (ხელისუფლების დანაწილება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებების გარანტიები, საარჩევნო სისტემა და ა.შ.); ეკონომიკური ინტეგრაცია კი – სავაჭრო ბარიერების მოხსნას, ხარისხის საერთო სტანდარტების დანერგვას და ა.შ.

 

გასაგებია, რომ აფხაზეთის შემთხვევაში ასეთი ტიპის ასოცირება რუსეთთან – კარგა ხნის ჩავლილი ეტაპია. “ჩრდილოელ მეზობელთან” მისი ინტეგრაციის ხარისხი იმდენად დიდია, რომ საქართველო დასავლეთთან ამ დონის ერთიანობაზე ვერც კი იოცნებებს. სხვათა შორის, არც ის არის ფაქტი, რომ საქართველოს სურდა ასეთი სერიოზული დამოკიდებულება ვინმეზე. დღეს აფხაზეთი თითქმის ყველაფრით რუსეთზეა დამოკიდებული. დიახ, მას აქვს საკუთარი თავის შენახვისთვის ზოგიერთი რესურსი – ომგამოვლილმა რესპუბლიკამ რუსეთის მხრიდანაც გადაიტანა ძლიერი ბლოკადა 1990-იან წლებში – თუმცა რუსეთის ფულის და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ნორმალურად ცხოვრების პირობები დღეს აფხაზეთში არ არსებობს.

 

მაშინ კიდევ რა ასოცირებაზე შეიძლება იყოს საუბარი? მე არ შევუდგები ტარას მირონის ძის განხილვების აღწერას, რაც მან ინტერვიუში გამოთქვა, ხოლო შემდეგ, საპასუხო წერილში მრისხანე განცხადებაზე, რაც მისმა წინადადებამ გამოიწვია (ასეთი კი ბევრი იყო – აფხაზეთის პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, პროსამთავრობო და ოპოზიციური პარტიებისგან).

 

ზოგადი განხილვების გარდა, რომ აფხაზეთს ჭირდება კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია იმ პირობებში, როცა “რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური დაძაბულობა გაიზარდა”, მე კიდევ გამოვყოფდი ერთ, როგორც მგონია, ყველაზე მთავარ მომენტს – შამბა წერს, რომ ასოცირების მთავარი მიზანია “აფხაზეთის შესვლა ერთიან ევრაზიულ ეკონომიკურ სივრცეში”.

აფხაზეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი; 2008 წელი; ფოტო: epa
აფხაზეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი; 2008 წელი; ფოტო: epa

 

თავს იმის თქმის უფლებას მივცემ, რომ სწორედ მოსკოვის ინტეგრაციული გეგმები უდევს საფუძვლად ამ ასოცირების იდეას. ნათელია, რომ ქვეყნებს, რომლებიც დღესდღეობით ერთიანდებიან რუსეთთან, არ გააჩნიათ იმის სურვილით, რომ აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. მოსკოვის წნეხის ქვეშ მათი აღიარება და ევრაზიულ კავშირში მათი თანასწორი სტატუსით შესვლა იქნებოდა ფაქტობრივი აღიარება საკუთარი სუვერენიტეტის დაკარგვისა ბელორუსის, ყაზახეთისა და სომხეთის მიერ. ის ვარიანტი კი, როდესაც რუსეთი აფორმებს ასოცირების შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და შემდეგ ამ კავშირით შედის დიდი ევრაზიული კავშირის შემადგენლობაში, ყველა პარტნიორისთვის მისაღები იქნებოდა.

 

მაგრამ რით განსხვავდება ასეთი ასოცირება რუსეთის შემადგენლობაში ჩვეულებრივი შესვლისგან? ფაქტობრივად – არაფრით. სწორედ ამით არის განპირობებული ასეთი ერთსულოვანი რეაქცია აფხაზეთის მთავრობის და ოპოზიციის მხრიდან. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალურად ღიად და ცალსახად გამოხატა თავისი რეაქცია შეთავაზებული “ასოცირების კავშირის” თაობაზე. ტარას შამბას გამონათქვამებზე კომენტარებში ნათქვამია, რომ ასოცირება არსებითად “ნიშნავს აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერინეტეტის დაკარგვას, მისი დამოუკიდებლობის და თვითმყოფადი სახელმწიფოს ნიშნების ჩამორთმევას”.

ასეთი მწვავე რეაქცია მოჰყვა მხოლოდ კერძო პირის შეთავაზებას, როგორიცაა ტარას შამბა. იქნება კი აფხაზი სახელმწიფო მოხელეებისა და პოლიტიკოსების პასუხი ასეთივე ურყევი, თუკი თავად რუსეთი დასვამს მათ წინაშე ასოცირებული ურთიერთობის საკითხს?! ეს დიდად საეჭვოა. შამბას შეთავაზებას რა კომენტარებიც მოჰყვა აფხაზი მომხმარებლების მიერ “ფეისბუქში”, იყო ასეთიც: “ჩვენ შესანთქმელად მიგვიჩნიეს”. უახლოესი მომავალი აჩვენებს, რამდენად გამართლდება ასეთი პესიმიზმი.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი