ახალი ამბები

გული მტკივა, რომ ჩემს თანამემამულეებს ტკივილი მივაყენე- მეჩითოვი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

15 ნოემბერი, 2018 • 3332
გული მტკივა, რომ ჩემს თანამემამულეებს ტკივილი მივაყენე- მეჩითოვი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ფოტოგრაფი იური მეჩითოვი საზოგადოებას ბოდიშს უხდის თავისი განცხადების გამო. როგორც მეჩითოვი გავრცელებულ ვიდეოში განმარტავს, ის არ ეძებს გამართლებას და მისთვის ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი, რომ საზოგადოებას თავისი განცხადებით ტკივილი მიაყენა.

განცხადება, რომელსაც იური მეჩითოვი ვიდეოში ეხმაურება, ტელეკომპანია “ალ ჯაზირასთვის” მიცემულ ინტერვიუს ეხება. “ალ ჯაზირას” მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც საქართველოს საბჭოთა წარსულს ეხება, მეჩითოვი ამბობს, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს მომიტინგეები ჭყლეტაში ასფიქსიის შედეგად დაიღუპნენ.

ის ასევე დასძენს, რომ იყო ცემის, დაშავების ფაქტები, მაგრამ, როგორც ირწმუნება, აქციაზე მკვლელობა არ ყოფილა და არავის ჰქონია მკვლელობის სურვილი. მეჩითოვის თქმით, 9 აპრილის მიტინგის მონაწილეების უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცოდა, რას ეხებოდა აქცია და ისინი, უბრალოდ, შოუში მონაწილეობდნენ. მეჩითოვი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს ხელისუფლების ხელში ჩაგდება სურდათ.

“ჩემო საყვარელო ხალხო, მინდა მოგმართოთ თქვენ და განვაცხადო, რომ მე საშინლად გული მტკივა, ჩემს თანამემამულეებს ჩემი განცხადებებით ამხელა ტკივილი რომ მივაყენე. ამ განცხადებებს არ ჰქონდა ის მიზანი, რომ ვინმესთვის ტკივილი მიმეყენებინა. მე არ ვეძებ გამართლებებს და არც ვამართლებ ჩემს თავს, რამეთუ ეს ტკივილი ნამდვილია. და ეს ტკივილი მე არ მშორდება..,” – ამბობს მეჩითოვი ვიდეოში.

მეჩითოვი იხსენებს, რომ თავად იყო 9 აპრილის მომსწრე და ამ დღიდან მოყოლებული მას დიდი ტკივილი შემორჩა. მეჩითოვის თქმით, ის არაერთ პანაშვიდზე იყო.

“სამწუხაროდ, იმ ჩანაწერიდან, სადაც ჩემი 30-წუთიანი საუბრიდან მხოლოდ 3 წუთი გავიდა, ყველაფერი ცოტა სხვანაირად ჩანდა და, შესაბამისად, წარმოიშვა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება ჩემს განწყობაზე ამ ტრაგედიის მიმართ,სადაც  ჩემი კინოსტუდიის თანამშრომლის შვილიც დაიღუპა.

ჩანაწერში ამ ტრაგედიის მიმართ უამრავი ტკივილი გამოვთქვი, რადგან მოწმე ვიყავი და აქციაზე მყოფ ადამიანებს ვხედავდი. ყველაზე საშნელი ისაა, რომ იმ ჩემს გადაღებულ სურათებში მოხვდა ადამიანი, რომელიც მერე მე შევნიშნე და შემძრა… იმიტომ, რომ გავაცნობიერე, რომ დღენახევარში ის ადამიანი ცოცხალი აღარ იყო. ხომ, მაგრამ ეს ყველაფერი დარჩა კადრს მიღმა, მთელი ჩემი წუხილი და გოდება. და დარჩა ის, რაც დარჩა… იმიტომ, რომ კინოა და ფილმია და ზოგი რამე სხვადასხვა რაღაცებს ემსახურება,” – განმარტავს მეჩითოვი.

მისივე თქმით, დღესდღეობით ყველაფერს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს და ჩვენ ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი ვაჭრობის საგანი შეიძლება გახდეს.

“მე გულწრფელი ადამიანი ვარ, მე როცა მტკივა, მტკივა. უპირველესად ის მტკივა, რომ ეს ტკივილი მივაყენე ადამიანებს, სხვათა შორის, ჩემს მეგობრებსაც, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო და შეიძლება მეთქვა. იმედია, ჩემი გულწრფელი ბოდიში რაღაცნაირად შეანელებს ამ სამართლიან რიხსვას, რომელიც მე ვიგრძენი. ბევრ დებულებებს ვიზიარებ, რომლებიც იყო გამოთქმული ჩემს მიმართ.

მთავარია, რაც არ უნდა გააკეთო, ეს არის, არ უნდა ატკინო ადამიანებს გული, ეს იქნება შენი ახლობელი, მოყვრე, შენი თანამემამულე, შენი ჯიგარი არ უნდა ჩააგდო ასეთ მდგომარეობაში. ამიტომ, ეს ჩემი დღევადელიი მდგომარეობა , რა თქმა უნდა, არ არის სახარბიელო,”- აცხადებს მეჩითოვი.

ვიდეოს ბოლოს ფოტოგრაფი იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება გაიგებს მის მდგომარეობას და ისე შეხედავს ამ სიტუაციას, “როგორც სჩვევია ქართველ ხალხს”. ის ასევე ამბობს, რომ მთავარია, ეს ყველაფერი არ იყოს ამაო და, საბოლოო ჯამში, საქართველომ ააშენოს ისეთი სახელმწიფო, რომლითაც მისი საზოგადოების წევრები იამაყებენ და რომელშიც კარგად იცხოვრებენ.

მეჩითოვის განცხადებას 9 აპრილთან დაკავშირებით საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეჩითოვს პირდაპირ ეთერში შეაგინა რ2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მეჩითოვს საჯაროდ მიმართა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ზვიად კვაჭანტირაძემ:

“საჯაროდ მოგმართავ. არ ვიჯერებდი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ძაან ცუდი რამე თქვი, მავნებლური და, რაც მთავარია, ტყუილი. ან უნდა განმარტო, რატომ შეგეშალა, თუ შეგეშალა და თუ ასეთ განმარტებას საჭიროდ თვლი, ან ყველას დიდი ბოდიში უნდა მოგვიხადო, რომ ძალიან ცუდი ტყუილი თქვი, რითაც ყველას შეურაცხყოფა მოგვაყენე. სხვაგვარად კი, ჩათვალე, სამუდამოდ დაიხურება შენი ფურცელი ამ ქვეყნის ისტორიაში”.

გარდა ამისა, მეჩითოვის სახლთან რამდენიმე აქტივისტი მივიდა, მის კარზე მიამაგრეს სტიკერები “რუსეთი ოკუპანტია”. მეჩითოვის სახლთან მისული ადამიანები მას მოღალატეს ეძახდნენ და ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ “სხვა მოღალატეებსაც მიადგებიან კართან.

1989 წლის 9 აპრილს 10000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ 2 550 ჯარისკაცი, 6 ჯავ­შან­ტრან­სპორ­ტი­ორი, დე­სან­ტის 8 საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა, 4 სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა და 2 სა­ნი­ტა­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი გამოვიდა. 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.

ვრცლად, რა მოხდა 9 აპრილს შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე:

რა მოხდა 9 აპრილს თავად სსრკ-ის საარქივო დოკუმენტების მიხედვით

მასალების გადაბეჭდვის წესი