2 550 ჯარისკაცი, 6 ჯავშანტრანსპორტიორი, დესანტის 8 საბრძოლო მანქანა, 4 სახანძრო მანქანა და 2 სანიტარული ავტომობილი 10000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ. 1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.
შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.
ამ მოვლენებიდან 29 წლის შემდეგ ფოტოგრაფ იური მეჩითოვის კომენტარმა Al Jazeera-ს ეთერში გასულ გადაცემა-ში იმის შესახებ, რომ 9 აპრილის აქცია მისი ორგანიზატორების მხრიდან იყო კრიმინალური აქტი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, ხოლო აქციის დამრბევთ “არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონიათ”, არამედ ადამიანები პანიკური გაქცევისას დაიღუპნენ ასფიქსიის შედეგად, დისკუსია 1989 წელში დააბრუნა. იური მეჩითოვის განცხადებამ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია, რამდენიმე აქტივისტმა მისი ბინის კარს სტიკერები “რუსეთი ოკუპანტია” მიაკრა.
რა ვერსიას ავითარებდა საბჭოთა კავშირში ჩატარებული გამოძიება მომიტინგეების დაღუპვის მიზეზების შესახებ, რა კანონდარღვევები და დანაშაული იქნა ჩადენილი მშიდობიანი მანიფესტაციის დარბევის დროს და დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი? – გთავაზობთ მასალებს სსრკ-ს საარქივო დოკუმენტებიდან, რომელიც შსს-ს არქივს აქვს გამოქვეყნებული.
9 აპრილის დარბევის შემდეგ პირველივე ცნობა, რომელიც სკკპ-ის ცენტრალურმა კომიტეტმა, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა და სსრკ-ს მინისტრთა საბჭომ გაავრცელეს, ამბობდა, რომ “თბილისში, მთავრობის სახლის მოედანზე, ექსტრემისტი, ანტისაზოგადოებრივი ელემენტების მიერ პროვოკაციულად გამოწვეულ უწესრიგობათა აღკვეთის დროს, ჭყლეტის შედეგად დაიღუპა 16 კაცი”. საბჭოთა პროკურატურის გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მომიტინგეებს მექანიკური ასფიქსია განუვითარდათ ჭყლეტის შედეგად, მომწამვლელი ნივთიერება კი არაფერ შუაში იყო.
საბჭოთა გენერლები, ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელ იგორ როდიონოვის თაოსნობით, ამტკიცებდნენ, რომ ჯარისკაცები იყვნენ ისინი, ვინც თავს იცავდნენ მშვიდობიანი მომიტინგეებისგან.
სსრკ-ს მთავარი სამხედრო პროკურორი ალექსანდრე კატუსევი ამბობდა, რომ “18 ადამიანის, მათ შორის, ქალების გარდაცვალების მიზეზი მხოლოდ ჭყლეტა გახდა”.
აღსანიშნავია, რომ შინაგანი ჯარის სარდლობამ ცრემლსადენი გაზის გამოყენება ოფიციალურად მხოლოდ 13 აპრილს აღიარა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარყოფდნენ მესანგრეთა ნიჩბების გამოყენებასაც, თუმცა დეზინფორმაციულმა პროპაგანდამ მომიტინგეების “ჭყლეტაში დაღუპვის” შესახებ საბჭოთა კავშირშიც “არ იმუშავა”. როგორც საკავშირო, ისე რესპუბლიკური ორგანოების მიერ მიტინგის აღმკვეთი ღონისძიებების მომზადებისა და განხორციელების დროს დაშვებულ სერიოზულ შეცდომებსა და კანონდარღვევებზე, მათ შორის, ცრელმლსადენი გაზის სასიკვდილო რაოდენობით კონცენტრაციასა და დემონსტრანტებზე სასანგრე ნიჩბებით თავდასხმაზე მიუთითა თავად სსრკ-ს სახალხო დეპუტატების ყრილობის 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ.
დეპუტატ ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით შექმნილ კომისიაში 24 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა შორის იყვნენ სახელმწიფო და სამოქალაქო მოხელეები, მწერლები, არმიისა და ეკლესიის წარმომადგენლები 9 მოკავშირე რესპუბლიკიდან.
რა წერია სობჩაკის კომისიის დასკვნაში?
კომისია ადასტურებს 9 აპრილის ღამეს, მთავრობის სახლთან მიმდინარე მიტინგის აღმკვეთი ღონისძიებების მომზადებისა და განხორციელების დროს დაშვებულ სერიოზულ შეცდომებსა და კანონდარღვევებს როგორც საკავშირო, ისე რესპუბლიკური ორგანოების მიერ. მომიტინგეების მხრიდან კი, კომისიის დასკვნის თანახმად, არ გამოვლენილა ტერორისტული აქტები, არ დადგენილა ხელისუფლების ხელში ჩაგდების რეალური მცდელობის ფაქტები, პოლიტიკური მოტივებით ძალადობის ან თავდასხმის შემთხვევები საბჭოთა და პარტიული ორგანოების მუშაკთა, კომუნისტთა ან არაქართველი ეროვნების მოქალაქეთა მიმართ.
დასკვნა მიუთითებს, მიტინგის დაშლის ამოცანა უნდა გადაეწყვიტა იმ ორგანოებს, რომლებსაც კანონი ავალდებულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას – რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ კრიზისთან გამკლავება შეუძლებელი იქნებოდა შინაგანი ჯარისა და მილიციის არსებული ძალებითდა ეს უნდა მომხდარიყო კომენდანტის საათის შემოღების პირობებში, რისთვისაც აუცილებელი იყო დამატებითი სამხედრო ქვედანაყოფების მოზიდვა. ამ თხოვნით ცნობილი დეპეშა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივნის ჯუმბერ პატიაშვილის ხელმოწერით 7 აპრილს გაიგზავნა. კომისიის აზრით, ამ დეპეშაში გადმოცემული პოლიტიკური ვითარების შეფასება სრულად არ შეესაბამებოდა საქმის რეალურ მდგომარეობას და არ იყო საკმარისი საფუძველი თბილისში სამხედრო ქვედანაყოფების შემოსაყვანად და კომენდანტის საათის შემოსაღებად. ამასთან, შინაგანი ჯარის, მილიციისა და საბჭოთა არმიის სპეციალური ქვედანაყოფების საქართველოში გაგზავნა სკკპ ცკ-ში 7 და 8 აპრილს სკკპ ცკ-ში გამართულ თათბირებზე გადაწყდა, რაც ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას, რომლის მიხედვით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს არა პარტიულ, არამედ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს.
რაც შეეხება უშუალოდ მიტინგის აღკვეთის ოპერაციას, კომისია აღნიშნავს, რომ საწყის პოზიციაზე, ჯარის გასვლასთან ერთად, მომიტინგეებმა დაიწყეს მოედნის დატოვება, მაგრამ თითქმის ყველა გასასვლელი გადაკეტილი იყო. ერთი მხრივ, სამხედრო მოსამსახურეთა მოძრაობამ და, მეორე მხრივ, ადამიანთა მასების სიმჭიდროვის ზრდის გამო მომიტინგეთა წინააღმდეგობამ გამოიწვია ხალხის ჭყლეტის დაწყება მარცხენა გაზონთან. სწორედ აქ დაიღუპა და დაშავდა მოქალაქეთა ყველაზე დიდი რაოდენობა. მომიტინგეთა ნაწილი, ფაქტობრივად, გაიჭედა სამხედრო მოსამსახურეებსა და იმ დემონსტრანტებს შორის, რომლებმაც ვერ მოასწრეს გასვლა. მოხდა გააფთრებული შეტაკება. ინსტრუქციების უხეში დარღვევებით, მიტინგის დასაშლელად ხელკეტების, მომწამლავი ნივთიერებებისა და ბარების გამოყენება, ფაქტობრივად, იქცა საბჭოთა ადამიანების მიმართ სასტიკ ანგარიშსწორებად. შეისწავლა რა მის განკარგულებაში არსებული ყველა დოკუმენტური მასალა, კომისია მივიდა მტკიცე აზრამდე, რომ არ იყო არავითარი დამაჯერებელი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა მომიტინგეთა განდევნის ოპერაციაში საბჭოთა არმიის საჰაერო-სადესანტო პოლკის ასეულის ჩართვას.
კომისიის მიერ დადგენილია, რომ მიტინგის მონაწილეთა წინააღმდეგ „დაშლის ძალად” გამოყენებული იყო რეზინის ხელკეტები, „სპეცსაშუალებები” – მომწამვლელი ნივთიერებები, მცირე ზომის სასანგრე ხელბარები და ერთ შემთხვევაში (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით) ცეცხლსასროლი იარაღი. თავის მხრივ, წინააღმდეგობის ზრდასთან ერთად, კომისიის თანახმად, მიტინგის მონაწილეები „დაშლის ძალის” წინააღმდეგ იყენებდნენ ყველაფერს, რაც ხელში ხვდებოდათ.
9 აპრილის მოვლენების მონაწილეთა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი გამოხატული იყო როგორც ტრავმის, მომწამვლელი ნივთიერებებით მოწამვლის სახით, ან მათი კომბინაციით, ასევე, „მასობრივი კატასტროფის სინდრომის” ტიპის სხვადასხვა ფსიქოემოციური აშლილობით.
მიტინგის მონაწილეთა შორის ტრავმირებულთა რიცხვმა შეადგინა 290 ადამიანი:
კომისიის ცნობით, ტრავმების (მათ შორის თავის არეში) უმეტესობა მიყენებული იყო რეზინის ხელკეტებით, 21 შემთხვევაში ჭრილობა დაკავშირებული იყო სასანგრე ხელბარის გამოყენებასთან. მძიმე დაზიანებების მქონე პირებს ხშირად აღენიშნებოდათ მომწამვლელი ნივთიერებებით მოწამვლაც (კომბინირებული დაზიანება). დარბევის დასრულებისას მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე ცეცხლსასროლი იარაღით თავში დაიჭრა.
მოვლენების დროს, ტრავმირებული იყო თბილისის მილიციის 37 მუშაკი, მათგან 22-მა სამხედრო მოსამსახურეთა ქმედებების შედეგად მიიღო ტრავმა. (სავარაუდოდ, თბილისის მილიცია მომიტინგეების დაცვას ცდილობდა და სამხედროები მათაც დაუპირისპირდნენ).
სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, იმ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვმა, ვინც ტრავმა მიიღო, შეადგინა 69, ხოლო სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს კომისიის ანგარიშში მოყვანილია მონაცემები იმის შესახებ, რომ სულ ტრავმირებული იყო 152 სამხედრო მოსამსახურე (132 – შინაგანი ჯარის, 20 – საბჭოთა არმიის). კომისიამ კი დაადგინა, რომ საბჭოთა არმიის 20 სამხედრო მოსამსახურიდან, რომლებიც მოხსენიებულნი არიან თავდაცვის სამინისტროს კომისიის ანგარიშში, ტრავმა მხოლოდ სამმა მიიღო.
კომისია განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ 9 აპრილს მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების ფაქტის დამალვამ და ამ საკითხზე არასრულმა ინფორმაციამ, მომწამლავი ნივთიერებების აღმოსაჩენად სინჯების დაგვიანებულმა და არასაკმარისად სისტემატიზებულმა აღებამ, გაართულა დიაგნოზის დასმა და დაშავებულთა მკურნალობა. დაფიქსირდა „მოწამვლის მეორადი ეფექტების” შემთხვევები – მაგალითად, მიმართვათა მკვეთრი მატება 28 აპრილს, მთავრობის სახლიდან ყვავილების ტაძართან გადატანის შემდეგ. ამ მოვლენასთან დაკავშირებული გარემოებები საკმარისად გარკვეული არ არის.
მომწავლელი ნივთიერებათა შემადგენლობის შესახებ უდავოდ აღიარებულია „ჩერიომუხას” სახით ქლორაცეტოფენონის (ქაფ, CN) და „გრანატებში” CS-ის (გამაღიზიანებელი მოქმედების მომწამვლელი ნივთიერება) გამოყენება. რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლსა და ქაშვეთის ტაძართან, გრუნტის ოთხ ნიმუშში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქრომატომასსპექტრომეტრული რესპუბლიკური ცენტრის გამოკვლევებით, ასევე აღმოჩენილი იქნა მხუთავი, მომწამვლელი ნივთიერება ქლორპიკრინი. აღშანიშნავია, „მოწამვლის მეორადი ეფექტების” შემთხვევებს – მაგალითად, მიმართვათა მკვეთრი მატება ა.წ. 28 აპრილს, მთავრობის სახლიდან ყვავილების ტაძართან გადატანის შემდეგ. ამ მოვლენასთან დაკავშირებული გარემოებები არ არის საკმარისად გარკვეული.
კომისია აცხადებდა, რომ ე.წ. „პოლიციური მომწამვლელი ნივთიერებების” გამოყენება დადგენილი წესების ფარგლებში, როგორც წესი, არ იწვევს მძიმე შედეგებს, მაგრამ თბილისში მიტინგის მონაწილეთა ინტოქსიკაციის სურათი შესამჩნევად განსხვავდებოდა ჩვეულებრივისგან.
კომისიამ ჩათვალა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო რიგი გარემოებებისა და ფაქტების კომბინაციათა შედეგი (მეტეოროლოგიური ვითარება, მომწამვლელ ნივთიერებათა გამოყენება ადამიანთა მჭიდრო მასებში, მომწამვლელ ნივთიერებათა გამოყენება აეროზოლის სახით, უკიდურესად ახლო მანძილიდან, მოწამვლის ერთობლიობა ფიზიკურ ტრავმებსა და ფსიქიკურ სტრესთან, მომწამვლელ ნივთიერებათა ორგანიზმზე ტოქსიკური მოქმედების ხარისხის ზრდა ღამის საათებში, წინააღმდეგობის გაწევის უნარის შემცირების გამო), თუმცა არ გამოირიცხა დაშავებულთა ნაწილის მოწამვლის ალბათობა რაიმე სხვა, არაიდენტიფიცირებული მომწამვლელი ნივთიერებით.
პათოლოგიური ანატომიისა და სასამართლო ექსპერტიზის სფეროს მეცნიერთა და სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნით, მიტინგის 1 მონაწილის სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ხოლო 19-ის – სულის შეხუთვა (ასფიქსია), რომლის განვითარებაში ერთდროულად მოქმედმა ორმა ფაქტორმა ითამაშა როლი – როგორც სხეულზე ზეწოლამ, ისე ქიმიურ ნივთიერებათა ჩასუნთქვამ. ორ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამატებით გარემოებებსაც თანმდევი დაავადებების სახით.
როგორც აღვნიშნეთ, ასფიქსიის განსხვავებულ მიზეზებზე მიუთითებდა სსრკ-ს პროკურორის ტრუბინის გამოძიების ოფიციალური ვერსია, რომელიც ირწმუნებოდა, რომ დემონსტრანტების სიკვდილის გამომწვევი იყო მექანიკური ასფიქსია ჭყლეტაში გულ-მკერდისა და მუცლის დაზიანებების შედეგად, ხოლო ქიმიური ნივთიერებების – ქაფ-ის და სი-ეს-ის მოქმედების ნიშნები არ იყო აღმოჩენილი.
სობჩაკის კომისიის დასკვნით, არ არსებობდა ფაქტები, რომლებიც დაამტკიცებდა გენერალ როდიონოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ 9 აპრილისთვის „იქმნებოდა რესპუბლიკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების ხელში ჩაგდების რეალური საფრთხე”. საბოლოო ჯამში, კომისიის დასკვნის მიუხედავად, მის მიერ გამოვლენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ მიუციათ.
1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მონაწილე, ეროვნული მოძრაობის წევრი თამარ ჩხეიძე ამბობს, რომ მართალია, დისიდენტები ბოლომდე კმაყოფილნი არ იყვნენ სობჩაკის კომისიის დასკვნით, თუმცა საბჭოთა ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა ვერც სსრკ-ს სახალხო დეპუტატების კომისიამ შეძლო.
“კომისიაზე ზეწოლა აუცილებლად იქნებოდა, მაგრამ მთავარი, რასაც არ მოელოდა ხელისუფლება ის იყო, რომ ამ ამბავმა ძალიან დიდი გახმაურება ჰპოვა მთელ მსოფლიოში და ფაქტების დაფარვა ვერ მოხდა. ნიჩბების ჭრილობების კვალი ადამიანებზე, მომწავლელი გაზით გაგუდვა – ეს იყო ფაქტი. ამიტომ კომისია ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშაც რომ ყოფილიყო, სიმართლეს ვერ დაფარავდა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ჩხეიძემ.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ქვეკომისიის ანგარიში
იმდროინდელ პრესაში, კერძოდ, გაზეთ “კომუნისტში” საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 9 აპრილს მომხდარი ამბების გარემოებათა გამომკვლევი კომისიის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ქვეკომისიის ანგარიშიც გავრცელდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ გარდა უკვე დასახელებული ქიმიური ნივთიერებებისა, საბჭოთა ჯარმა ხალხის წინააღმდეგ სხვა ტიპის დაუდგენელი მომწამვლელი ნივთიერებაც გამოიყენა:
“დადგინდა, რომ სამხედრო ნაწილებმა გამოიყენეს მრავალი სახეობის „ჩერიომუხა”, რომლის შემადგენლბაში ძირითადად შედის ცრემლმდენი მომწამვლელი ნივთიერება – ხლორაცეტოფენოლი (ქაფი). აგრეთვე გამოყენებული იყო მეორე ძლიერი გამაღიზიანებელი ნივთიერება „სი-ეს-ი”. მას დიდი რაოდენობით იყენებდა ამერიკის შეერთებული შტატები ვიეტნამში. „სი-ეს-ის” მოქმედება ორგანიზმზე იმდენად სერიოზულ გართულებებს იწვევს, რომ აშშ იძულებული გახდა მოეხსნა შეიარაღებიდან. აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ საბჭოთა სამხედრო ნაწილებმა „სი-ეს-ი” სწორედ თავიანთი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს.
9 აპრილს დაღუპულთა და დაზარალებულთა სამედიცინო გამოკვლევები არაფრით არ ეტევა მხოლოდ მოცემულ მომწამლავ ნივთიერებათა ფარგლებში. ავადმყოფებს შეენიშნებათ ფსიქიკური მოშლილობა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება სიკვდილის შედეგით. ამიტომ უყოყმანოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამოყენებული იყო უფრო ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერებანი, რომლებიც გარდაუვლად ბლოკირებენ ცენტრალური ნერვული სისტემის სპეციფიკურ რეცეპტორებს.
ნიმუშების ქიმიურმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ გამოყენებული ნივთიერებები შეიცავდნენ გარკვეული რაოდენობის მინარევებს, რომლებიც რეაქციას ახდენდნენ, კერძოდ, მესამეულ ამინებზე. როგორც ცნობილია, წარმოებული ამინები ნეიროდამთრგუნველ აგენტებს წარმოადგენენ. გამოყენებულ ნივთიერებათა ზუსტი იდენტიფიკაცია და მათი შემადგენლობის დადგენა საჭირო ინფორმაციის უქონლობის გამო, სამწუხაროდ, საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს.
თუმცა შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საშუალო კონცენტრაციის პირობებში ეს ნივთიერებები იწვევენ ხანგრძლივ ნერვულ მოშლილობას, ხოლო მაღალი კონცენტრაციისას – სიკვდილს.
სიტუაციას აუარესებს ისიც, რომ სამხედრო ნაწილებმა კომენდანტის საათის მოხსნის შემდეგ დისლოკაციის ადგილებში დატოვეს კაფსულები და მომწამვლელი ნივთიერებები, რომლებიც განაგრძობდნენ მომწამვლელ ზემოქმედებას. გამოუყენებელი ამპულები და ჰილზები დარჩა ქალაქის სხვა ადგილებშიც.
გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ სამხედრო ნაწილებმა გაცილებით მეტი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს, ვიდრე პრესა იტყობინებოდა, რადგან სინამდვილეში 9 აპრილს მოიწამლა ქ. თბილისის ვრცელი ტერიტორია, რუსთაველის პროსპექტთან ახლომდებარე დაწესებულებები (თეატრალური ინსტიტუტი, No1 სკოლა, კონსერვატორია და ა.შ.).
1989 წლის 17 მაისისთვის 4 000-მდე კაცმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებისათვის. მათი ბედი და ჯანმრთელობა მძიმდება იმითაც, რომ სამხედრო სპეციალისტები აქამდე არ გვატყობინებენ, თუ გამოიყენეს აღნიშულის გარდა კიდევ რომელი მომწამვლელი ნივთიერებები. ამიტომაც დროულად ვერ დაიწყო შესაბამისი ანტიდოტებით მათი მკურნალობა, ხოლო, როგორც ცნობილია, გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ გამოყენებას აზრი აღარ აქვს. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ არ ვიცით, რა გენეტიკურ შედეგებს მოგვიტანს გამოყენებული ნივთიერებები.
ამრიგად, ჯარების მიერ რესპუბლიკის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული იყო ყოვლად გაუმართლებელი ბარბაროსული აქცია ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებით, რომელთა გამოყენების არც მორალური, არც იურიდიული უფლება მათ არ ჰქონდათ”.
ბავშვების დაჭრის ფაქტი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 9 აპრილის ამბების გარემოებათა გამომკვლევი კომისიის საგამოძიებო ქვეკომისიის წინასწარი დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ საბჭოთა ჯარისკაცებმა მიტინგის დაშლის შემდეგ ქალაქში ცეცხლსასროლი იარაღით უმიზეზოდ დაჭრეს ორი ბავშვი და ერთი სრულწლოვანი. გთავაზობთ ამ დასკვნის ნაწილს, რომელიც შსს-ს არქვივშია დაცული:
“შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ქვეგანაყოფები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ქ.თბილისის 9 აპრილის მიტინგის დარბევაში, ყოველნაირად ცდილობენ დაასაბუთონ ვერსია, რომლის მოკლე შინაარსი ასეთია: შინაგანი ჯარებისა და არმიის ქვეგანაყოფები შემოვიდნენ თბილისში, რათა ძმური დახმარება აღმოეჩინათ ქართველი ხალხისათვის. ქართველ ექსტრემისტებს წამოყენებული ჰქონდათ ანტისაბჭოური მოთხოვნები, უნდოდათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და საქართველოს კანონიერი მთავრობის დამხობა. იქმნებოდა რესპუბლიკის საარსებო მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების საფრთხე. გაკრული იყო ანტირუსული ლოზუნგები. კარგად გაწვრთნილი, ორგანიზებული ადამიანების ჯგუფები აღწევდნენ საწარმოებში, აჩერებდნენ ასობით და ათასობით ადამიანის მუშაობას, პარკებში აბრუნებდნენ სამგზავრო ავტობუსებს, ამსხვრევდნენ მინებს, აღვივებდნენ შფოთს. იქმნებოდა რესპუბლიკის საარსებო მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების საფრთხე. როდესაც ჯარის ნაწილები 9 აპრილს, გამთენიისას მიუახლოვდნენ მთავრობის სასახლის წინ მდებარე მოედანს, მათ დაინახეს გასისხლიანებული და დაჭრილი ქალები, რომლებიც ჯარისკაცებისაგან მოითხოვდნენ შველას, მაგრამ ისინი წააწყდნენ ქართველების მხრივ სასტიკ წინააღმდეგობას. ბევრ ექსტრემისტს ეკეთა აირწინაღი ან პირი დოლბანდით ჰქონდა აკრული. მათ ხელში ეჭირათ აეროზოლისა და დიხლოფოსის „ბალონჩიკები”. ქალებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების გადარჩენის დროს ჯარისკაცებს ესროდნენ ქვებს, ბოთლებს, რკინის ნაჭრებს… ათობით ჯარისკაცი დაშავდა და ა.შ.
როგორც ვხედავთ, თუ არმიისა და შინაგანი ჯარების ქვეგანაყოფების ხელმძღვანელებს ვერწმუნებით, ქალები თვითონ ქართველ ექსტრემისტებს დაუხოცავთ, ხოლო თუ მამაკაცებიც დაიღუპნენ, ეს იმიტომ, რომ ისინი თავს ესხმოდნენ ჯარისკაცებს. მომწამვლელი ქიმიური ნივთიერება ჯარს კი არ გამოუყენებია, არამედ ექსტრემისტებმა გამოიყენეს და ხალხიც ამიტომ მოიწამლა…
ბუნებრივია, იბადება კითხვა: რისთვის სჭირდებათ ცინიზმით შეზავებული ასეთი ყალბი ვერსია?
ასეთი ვერსია მათ სჭირდებათ, ჯერ ერთი იმისათვის, რომ გაამართლონ იარაღის გამოყენება (იარაღში იგულისხმება როგორც ცეცხლსასროლი, ისე ცივი და მით უფრო ორლესული ნიჩბები და მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებები). საქმე ის არის, რომ თუ მოქალაქეებს არავინ ესხმოდა თავს და მომიტინგეებს არ უნდოდათ მთავრობის ძალის გამოყენებით დამხობა, მაშინ, როგორც ეს დაწვრილებით იქნება ნაჩვენები ქვემოთ, არმიისა და შინაგანი ჯარის ნაწილებს არც იარაღის გამოყენების უფლება ექნებოდათ. მეორეც – ეს საჭიროა იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა დანაშაულობათა მთელი კომპლექსისათვის და მათ შორის აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის.
საგამოძიებო ქვეკომისიამ ქ. თბილისში 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის გარემოებათა გამოკვლევისა და დადგენის მიზნით შეაგროვა ასობით მოწმეთა, მიტინგის უშუალო მონაწილეთა, მოშიმშილეთა, წესრიგის უზრუნველსაყოფად იქ განლაგებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების თანამშრომელთა ახსნა-განმარტებები, აგრეთვე ნივთიერი მტკიცებულებები. საგამოძიებო ქვეკომისიამ მიიღო აგრეთვე სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ქვეკომისიების წინასწარი დასკვნები.
შეგროვებული ახსნა-განმარტებებისა და სხვა მტკიცებულებების შეფასების, აგრეთვე ზემოთ დასახელებული თანამდებობის პირთა გამოსვლების ანალიზის შედეგად საგამოძიებო ქვეკომისიას დადასტურებულად მიაჩნია შემდეგი:
1. 1989 წლის 9 აპრილის მიტინგის მონაწილეებს წამოყენებული ჰქონდათ მოთხოვნა სსრ კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გასვლისა და 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.
2. ამ პოლიტიკური მოთხოვნის გამოსახატავად მათ შეარჩიეს ისეთი უკიდურესად მშვიდობიანი გზა, როგორიცაა შიმშილობა.
3. შიმშილობა შეხამებული იყო მიტინგებთან. ამიტომ მოშიმშილეების გარდა აქ იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც, მართალია, არ შიმშილობდნენ, მაგრამ დროდადრო მართავდნენ მიტინგებს წამოყენებული მოთხოვნის მხარდასაჭერად.
4. იმის გამო, რომ საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მოშიმშილეებისა და მომიტინგეების მოთხოვნას არავითარ პასუხს არ აძლევდა, ქალაქში დაიწყო საგაფიცვო მოძრაობა, რასაც თან მოჰყვა ზოგიერთი საწარმოს საქმიანობის შეწყვეტა ან ნაწილობრივი შეფერხება.
5. ზემოხსენებული კონკრეტული მოთხოვნების გარდა აქ იყო ისეთი ლოზუნგებიც, როგორიცაა: „ძირს კომუნისტური რეჟიმი”, „ძირს რუსეთის იმპერიალიზმი”, სსრ კავშირი ხალხთა საპყრობილეა” და ა.შ.
საგამოძიებო ქვეკომისიას მიაჩნია, რომ ასეთი და სხვა ამგვარი ლოზუნგები არ ატარებენ მოთხოვნის ხასიათს. ისინი მხოლოდ მიტინგის მონაწილეთა და მოშიმშილეთა დამოკიდებულების გამომხატველია და, მაშასადამე, წმინდა შეფასებითი შინაარსის გამონათქვამებია. ამიტომ ამ კონკრეტულ ვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ მოთხოვნა, რომლის განხორციელებისათვის გამოცხადდა შიმშილობა და ლოზუნგები, რომლებიც მხოლოდ მომიტინგეთა შეფასებითი დამოკიდებულების გამომხატველი იყო, არ ჰქონდა განხორციელების რაიმე რეალური საშუალებები და არ შეიცავდა რაიმე მოქმედებისათვის მოწოდებას.
6. მიტინგის მონაწილეებს არა მარტო არ გამოუყენებიათ ძალადობა, არამედ ყოველნაირად ცდილობდნენ თვითონვე აღეკვეთათ ყოველგვარი ისეთ ქცევა, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ძალადობის გამოყენების ცდების მიმნიშნებელი იქნებოდა.
7. 1989 წლის 8 აპრილს ქ. თბილისში შემოიყვანეს საბჭოთა არმიის ნაწილები და სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები. იმავე დღეს რუსთაველის პროსპექტზე და ქალაქის სხვა ქუჩებში ჩაიარეს ტანკებმა და ჯავშნიანმა მანქანებმა. ამან გაამძაფრა ვითარება, რასაც, კერძოდ, მოჰყვა ის, რომ მთავრობის სასახლის წინ მოქალაქეთა რაოდენობა ერთიათად გაიზარდა.
8. 9 აპრილს, დილის 4 საათზე საბჭოთა არმიისა და შინაგანი ჯარების ქვეგანაყოფებმა ამიერკავკასიის ჯარების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ი. ნ. როდიონოვის ხელმძღვანელობით ალყა შემოარტყეს მოშიმშილეებსა და მიტინგის მონაწილეებს, სრულიად გაუფრთხილებლად დაიწყეს მათზე შეარაღებული შეტევა, ხელკეტების, გალესილი სასანგრე ხელბარების, ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებებისა და ზოგჯერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
9. ამ შეტევას, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, შედეგად მოჰყვა 20 ადამიანის დაღუპვა და 4000-ზე მეტი ადამიანის დასახიჩრება, ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა და დაავადება.
10. ამ ტრაგედიის შემდეგ, იმავე 9 აპრილს, საღამოს 23 საათიდან დაწესდა კომენდანტის საათი, რომელიც საქართველოს ტელევიზიით ეცნობა თბილისის მოსახლეობას 22 საათსა და 56 წუთზე, ე.ი. 4 წუთით ადრე კომენდანტის საათის დაწყებამდე.
9 აპრილის გარემოებათა იურიდიული ანალიზი სრულ საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ საბჭოთა არმიისა და შინაგანი ჯარების შემოყვანამ გამოიწვია სხვადასხვა ხასიათისა და შინაარსის დანაშაულობანი, რომელთა შორის მთავარია:
ა) კანონის აშკარა დარღვევით საბჭოთა არმიის ქვეგანაყოფების შემოყვანა მიტინგის დასარბევად, რამაც გამოიწვია მრავალი ადამიანის დაღუპვა და ათასობით ადამიანის ჯანმრთელობის სერიოზული მოშლა.
ბ) კანონით აკრძალულ შემთხვევებში იარაღის გამოყენება არმიის ქვეგანაყოფებისა და შინაგანი ჯარების მიერ, რასაც აგრეთვე მძიმე შედეგები მოჰყვა;
გ) კანონით აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენება, რამაც ადამიანთა მასობრივი მოწამვლა გამოიწვია;
დ) კომენდანტის საათის კანონის დარღვევით შემოღება, რასაც მძიმე შედეგები მოყვა;
ე) საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მიტინგის გამართვის ადგილას მყოფ მილიციის თანამშრომელთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული;
ვ) ცალკეულ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულობანი.
ყველაზე აღმაშოთებელი ის არის, რომ გამოიყენეს ისეთი მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებები („სი-ესი”, ანუ კ-51 და სხვა), რომელთა გამოყენება საერთოდ აკრძალულია იმ შემთხვევებშიც კი, როცა იარაღის გამოყენება დაიშვება კანონით.
სწორედ ამ დარღვევებმა მათი ერთობლიობით განაპირობა ადამიანების დაღუპვა და 4000-ზე მეტი კაცის დაავადება, რომელთა მკურნალობა ძალიან რთულად მიმდინარეობს და ჯერ კიდევ არავინ იცის, რა შედეგებია მოსალოდნელი.
ამრიგად, სახეზე გვაქვს მოქმედება, რომელიც შეიცავს მკვლელობის ნიშნებს, ჩადენილს განსაკუთრებული სისასტიკით და ისეთი საშუალებებით, რომელიც საშიშროებას უქმნის მრავალ პირთა სიცოცხლეს.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 28 ივლისის ბრძანებულების თანახმად, „აკრძალულია იარაღის გამოყენება ქალთა და არასრულწლოვანთა მიმართ – მათგან შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევების გარდა”. სწორედ რომ 20-დან 16 ქალია დაღუპული.
საგანგებოდ უნდა გამოვყოთ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.
ისევე, როგორც წინა დღეებში, 9 აპრილსაც შესაბამისი ორგანოების დავალებით მთავრობის სასახლის წინ, მოედანზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოყვანილი იყვნენ მილიციის თანამშრომლები. დღეს საყოველთაოდ ცნობილია, რომ მათი წინდახედული და თავგანწირული მოქმედების შედეგად დაღუპვას გადარჩა მრავალი ასეული ადამიანი. უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვისათვის ჯარისკაცებმა და მათმა მეთაურებმა არც ისინი დაზოგეს. ბევრი მათგანი მძიმედ დაშავდა, საავადმყოფოში დააწვინეს და დღესაც განაგრძობენ მკურნალობას.
უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ თუმცა, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 28 ივლისის ბრძანებულების მე-6 მუხლის თანახმად, შინაგანი ჯარები ვალდებული არიან დახმარება აღმოუჩინონ მილიციის მუშაკებს, როცა მათ თავს ესხმიან, თბილისში 9 აპრილს პირიქით – თვითონ დაესხნენ თავს მილიციის მუშაკებს და დაუზოგავად სცემდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცდილობდნენ, სიკვდილის პირას მიყვანილი ახალგაზრდები როგორმე სასწრაფო დახმარების მანქანამდე გადაეყვანათ.
იმას, რომ 9 აპრილს გამოყენებული იყო არა მარტო ორლესული ხელბარები და მომწამვლელი ქიმიური იარაღი, არამედ ცეცხლსასროლი იარაღიც, ნათლად მოწმობს დავით ირაკლის ძე ფაილოძის დაჭრა. იგი გადაურჩა მთავრობის სასახლესთან სიკვდილს, გამოიქცა იქიდან, მაგრამ მძიმედ დაჭრეს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით. მან ორივე თვალი დაკარგა და ამჟამად მკურნალობს საავადმყოფოში.
არმიის ნაწილებისა და შინაგანი ჯარების აღვირახსნილობა იქამდე მივიდა, რომ ქუჩაში მოთამაშე ბავშვებსაც დაუწყეს სროლა. 9 აპრილს, დაახლოებით 18 საათსა და 15 წუთზე, ე.ი. ჯერ კიდევ კომენდანტის საათის შემოღებამდე, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კინოთეატრ „ბათუმთან” ახლოს გამვლელმა სამხედრო ნაწილებმა უმიზეზოდ, მხოლოდ თავისი ბოროტი ქვენა გრძნობების რეალიზაციის მოტივით, სროლა აუტეხეს ქუჩაში მოთამაშე ბავშვებს, დაჭრეს ფეხში 15 წლის დათო მხატვრიშვილი. ამის დანახვაზე იქვე მყოფი 12 წლის ლევან ჩანადირი შეშინებული მოახტა თავის ველოსიპედს, რათა იქაურობას გასცლოდა. ამ დროს მას მოხვდა ოფიცრის მიერ ნასროლი ტყვია საჯდომზე და ამჟამად იგი საავადმყოფოშია. თუმცა ბავშვს ინტენსიური სისხლის დენა ჰქონდა, სამხედრო მოსამსახურეებმა ავტომატები მიუშვირეს ხალხს და არ მისცეს ბავშვის აყვანის საშუალება, სანამ კოლონამ არ გაიარა.
მაშასადამე, ჩადენილია ორი არასრულწლოვნის მკვლელობის მცდელობა მაშინ, როდესაც საბჭოთა კანონმდებლობით არასრულწლოვანების მიმართ იარაღის გამოყენება საერთოდ დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი იარაღით ესხმიან თავს სხვებს.
ის, რაც ქ. თბილისში მოხდა 9 აპრილს, უპრეცედენტოა არა მარტო ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ, ალბათ, მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც: ჩვენთვის უცნობია მეორე ისეთი შემთხვევა, როდესაც მომწამვლელი ქიმიური ნივთიერება გამოეყენებინოს სახელმწიფოს თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ, ხოლო მიტინგისა თუ დემონსტრაციის დაშლის შემდეგ დაეფაროს სამკურნალო დაწესებულებებისათვის, თუ რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული და როგორია მოწამლულთა მკურნალობის მეთოდიკა და საშუალებები.
ყველა ეს ფაქტობრივი მონაცემი სრულ საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ქვეგანაყოფებისა და ჯარისკაცების მიზანს არ წარმოადგენდა მიტინგის დაშლა და მოშიმშილეების გაყვანა: მათ რომ ასეთი მიზანი ჰქონოდათ, მოქმედების გეგმაც სხვანაირი ექნებოდათ.
ყველაფრიდან აშკარად ჩანს, რომ მიზანი იყო არა მომიტინგეთა და მოშიმშილეთა დაშლა, არამედ მათი დასჯა. ამაზე სავსებით სარწმუნოდ და უტყუარად მეტყველებს ის გარემოებაც, რომ მომიტინგეებს არ აძლევდნენ გაქცევის საშუალებას, ხოლო მილიციის მუშაკებს, ექიმებსა და სანიტრებს [სამხედროები] დაუზოგავად ურტყამდნენ ხელკეტებს და ნიჩბებს მხოლოდ იმისათვის, რომ ცდილობდნენ დახმარება აღმოეჩინათ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისათვის”.
რას იხსენებენ თვითმხილველები
2010 წელს ბლოგმა ‘ბურუსი’ გამოაქვეყნა რამდენიმე თვითმხილველის მოგონება 9 აპრილთან დაკავშირებით:
მხატვარი ნატო შენგელია, იმ დროს 11 წლის იყო:
“ბიძაჩემი მიტინგზე წაყვანას დამპირდა. იქ ხალხი ყოველდღე იკრიბებოდა, ცეკვავდა, მღეროდა, ლექსებს ამბობდა; საშიში არაფერი იყო. 8 აპრილს, დილის 12 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე ტანკებმა ჩაიარეს. ასფალტზე ნაკვალევი დარჩა. ბიძაჩემი მეზობელთან ერთად ტანკებს დაედევნა. ბებიამ, გული რომ არ დამწყვეტოდა, ხელი ჩამკიდა და მიტინგზე წამიყვანა. ხალხში მღელვარებამ იმატა. როგორც მერე გაირკვა, ტანკები მომიტინგეთა დასაშინებლად ჩაატარეს; სასტუმრო “ივერიასთან” მოუხვიეს და უკან დაბრუნდნენ. უნივერსიტეტსა და სკოლებში სწავლა შეწყდა, ახალგაზრდობა გარეთ გამოეფინა, მოძრაობა შეჩერდა. მიტინგზე მოხუცმა ქალმა შემამჩნია და მითხრა: შვილო, პატრონი არ გყავს? აქ რა გინდა, წადიო. მე და ბებიამ ძლივს გამოვაღწიეთ იქიდან.
დილის 5-ის ნახევარი იქნებოდა. ჭავჭავაძის გამზირზე მანქანის სიგნალის გაბმული ხმა ისმოდა. ოცი წუთის შემდეგ ხმა გაძლიერდა. მანქანის ღია ფანჯრებიდან, ბიჭები მთელი ტანით იყვნენ გადმოწეულები და ყვიროდნენ: “გაიღვიძეთ, ხალხს ხოცავენ, გამოდით!” სახლში ყველას ეძინა, ჩემსა და მამაჩემის გარდა. უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა. მამაჩემმა კარი გააღო; სასტუმრო ოთახში გავედი და დავინახე ბიძაჩემი შოთა _ ფეხშიშველი, დახეული შარვლითა და პერანგით, სახეზე ფერი აღარ ედო. ძლივს ამოილუღლუღა, ხალხი დახოცესო. შევძრწუნდი. ძნელი იყო ასეთი რამის დაჯერება. უცებ საშინელი ყვირილი და სტვენა ატყდა გარეთ. ხალხი, რუსთაველის გამზირის გარდა, ვარაზის ხევიდანაც მორბოდა. ტელევიზიასთანაც დაერბიათ მშვიდობიანი მომიტინგეები.”
მთავრობის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს ნატოს ბიძა, თავად შოთა ჟვანიაც იხსენებს:
“რუსი ჯარისკაცები ქალებსა და ბავშვებს ურტყამდნენ ნიჩბებს თავში, კაცებს რომ ვერ მოერივნენ. სისხლის გუბეში ვიდექი და ვერ ვშველოდი მათ იმიტომ, რომ ოთხი რუსი ჯარისკაცი ცემით მიმათრევდა სადღაც. თავის დაღწევა მოვახერხე და ოთხი კილომეტრი ფეხშიშველმა ვირბინე სახლამდე.”
კონსტანტინე შენგელია შემდეგს იხსენებს:
“როდესაც კარი გავაღე და ფეხშიშველი, ნაცემი შოთა დავინახე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს რუსი ჯარისკაცების ჩადენილი იქნებოდა. ვიფიქრე, ვიღაცამ “ნასკებიანად” “აახია” ფეხსაცმელიბი-მეთქი. ძლივს ამოიღო ხმა, ხალხი დახოცესო. გარეთ გავვარდი. ვხედავ, მოდის გოგო, რომელსაც ცალ ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, მეორეზე კი ფეხშიშველაა. მორბოდა ტანსაცმელდაგლეჯილი ხალხი, გაზისაგან სახეგაშავებული ბიჭები. ჩვენი სახლის ეზოში დაჭრილი შემოიყვანეს. ხალხი იხვეწებოდა, სადარბაზოს კარები არ ჩაკეტოთ; რამე რომ მოხდეს, შიდა ეზოს შევაფარებთ თავსო! ვინ დახურავდა. ზოგი ნემსისა და ძაფის ჩამოგდებას ითხოვდა პირდაპირ აივნიდან, რომ დახეული ტანსაცმელი ამოეკერათ. ქვემოთ ვნახე ნაცნობები. თბილისის ერთ-ერთი კოლორიტი – კოკა მუხლუხოებში ჩასწოლია “ბე ტე ერ”-ს და გაუჩერებია. გაზის ამპულები წვიმასავით მოდიოდაო; ჯარისკაცები ყვიროდნენ: “ვოტ, ვამ ზა სტალინა, ზა ბერია!” თან დუჟი მოსდიოდათ პირიდან. როგორც შემდგომ გაირკვა, მათ მიღებული ჰქონიათ გაზის მოწამლვისაგან თავდასაცავი პრეპარატი _ ანტიგაზი. რბევისას გამოყენებულ გაზებს ეწოდებოდათ “სი ე სი| და “ჩერიომუხა.” ისინი ავღანეთშიც გამოიყენებოდა.”
გელა არაბული, რბევისას დაზარალებული, იხსენებს:
“როდესაც ლენინის მოედნიდან (მაშინდელი) ჯავშან-ტრანსპორტიორები წამოვიდნენ, მთავრობის სასახლის მარჯვენა მხარეს, კიბეზე ვიდექი. ჯარისკაცები მოდიოდნენ ფარებით, ნიჩბებით და ხელკეტებით. ხალხი წყნარად იჯდა, არავინ არაფერს აშავებდა, არავინ დგებოდა, ხმას არავის სცემდა. დაახლოებით, ხუთი წუთი იდგნენ ჯარისკაცები. უცბად დაიწყეს ხალხის ცემა. მალე მათ ჩიტაძის ქუჩიდან ჩამოეშველნენ სხვა ჯარისკაცები. მოშიმშილეები ისე იყვნენ დასუსტებულები, ფეხზე ვეღარ დგებოდნენ. ერთი ქალიშვილი დაეცა. წამოვაყენე. ამ დროს ერთმა დამიძახა: “ნიჩევო სებე, სვოლოჩ!” და დამარტყა. ბუშლატის ქვეშ ჯავშანჟილეტი მეცვა. კვლავ მომაძახა იგივე სიტყვები და მითხრა: “ა, უ ტებია ბრონეჟილეტ?!” და ნიჩაბი ჩამარტყა. დავეცი, ისევ ავდექი. შევეცადე ის ქალიშვილი, როგორმე იქაურობას მომეშორებინა. ის მეხვეწებოდა, წყალი დამალევინეო. მოვახერხე, სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიმეყვანა. არ ვიცი მისი ბედი, გვარიც არ მიკითხავს.”
სოსო პაიჭაძის ნაამბობიდან:
“ცხრა აპრილს, სისხამ დილით გავედი მთავრობის სახლთან. შემზარავი სანახაობა გადამეშალა თვალწინ: კიბეებზე, ქვაფენილზე, ქუჩებზე, მარადმწვანე ბუჩქებზე, ყველგან და ყველაფერზე, რასაც მზერა სწვდებოდა, მიმოფანტულიყო ტანსაცმლის ნაგლეჯები, ფეხსაცმელები, ძირითადად ქალის, ქუდები, ქაღალდის ნაკუწები, ერთმანეთში არეული, ალუფხული ხელჩანთები, ხელჩანთებიდან წამოყრილი სავარცხლები, პატარა სარკეები, ცხვირსახოცები; თავსაფრები, გაზეთების ნაფლეთები, დანაკუწებული ქურთუკები, პარფიუმერიის ნამსხვრევები, ნაირგვანი ფერის ქსოვილის ნახევები, ბიჟუტერია. ასფალტზე ჯერ კიდევ ჩანდა ჯავშნიანი მანქანების მუხლუხების კვალი, ქვაფენილზე კი შემზარავად მბზინავი სისხლის ლაქები. აშკარა იყო, აქ ურჩხულმა ჩაიარა, ბოროტების იმპერიის მინოტავრმა, სტომაქი ამოიყორა და გასცილდა აქაურობას. ყველაზე მეტად სიმღერის ხმა აღიზიანებდა და შეკრებილთა შეძახილები, თავისუფლების უსაზღვრო რომანტიკით აღსავსე გულთა ფეთქვა, ამოუხსნელ ძალას რომ გაემთლიანებინა. ამიტომაც სისხლმოწყურებული და გაბოროტებული სასტიკად უსწორდებოდა იქ შეკრებილ ადამიანებს: ჩეხდა, წამლავდა, კლავდა, ანადგურებდა, ბოლოს უღებდა. სარკის ნამცეცები და შემხმარი სისხლის ლაქები უცაბედ სხივს ირეკლავდნენ. სივრცეს თუ მიაყურადებდი, შეიძლება კაცს გაეგონა კიდეც კვნესის, შეძახილის, ყვირილის, მთვრალ ნიჩბოსანთა გინების შორეული ექო, რომელიც აქვე, ამავე ჰაერში ჩაკარგულიყო და ახლა მათ ნაცვლად _ მთელი ქუჩა, ქვაფენილები და კიბეები, შენობათა კედლები, მიმოფნტული ტანსაცმლის ნაფლეთები მთელი ხმით ყვიროდა…”