ახალი ამბები

ხმის მიცემის დროის გახანგრძლივებით ცესკო გასცდა კომპეტენციას — ირმა პავლიაშვილი

14 ნოემბერი, 2018 • 2530
ხმის მიცემის დროის გახანგრძლივებით ცესკო გასცდა კომპეტენციას — ირმა პავლიაშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერს საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა 12-ის ნაცვლად 16 საათის განმავლობაში შეეძლებათ.

თუკი ხმის მიცემა ჩვეულებრივ გრძელდება 8-დან 20:00 საათამდე, საზღვარგარეთის უბნებში 28 ნოემბერს კენჭისყრა დილის 8-დან ღამის 12 საათამდე იქნება შესაძლებელი.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ცესკოს უფლება, ხმის მიცემის პროცედურა გაეხანგრძლივებინა.

საარჩევნო კოდექსის მე-60 მუხლი ადგენს, რომ კენჭისყრა 8-დან 20:00 საათამდე იმართება.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი, მიგვითითებს, კოდექსის მე-14 მუხლში, რომელიც ცესკოს უფლებამოსილებას შეეხება, წერია, რომ კომისია უფლებამოსილია, “მიიღოს დადგენილება ცესკოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საარჩევნო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გაუთვალისწინებელ საარჩევნო და სხვა პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზედაც”.

თუმცა, ირმა პავლიაშვილის შეფასებით, ამ შემთხვევაში ცესკო საკუთარ უფლებამოსილებას გასცდა.

ცესკომ განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რადგან არ შეეძლოთ, უცხო ქვეყანაში 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოეცხადებინათ, როგორც ეს საქართველოში გააკეთეს.

როგორც პავლიაშვილი ამბობს, იმ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა, — საზღვარგარეთ მყოფი პირებისათვის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცათ, — შესაძლებელი უფრო მეტად იქნებოდა საიას და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი რეკომენდაციით.

სამმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ — “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, “სამართლიანმა არჩევნებმა” და საიამ ცესკოს მოუწოდეს, არჩევნები შაბათს დაენიშნათ.

თუმცა ცესკომ არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღედ, ოპოზიციის პროტესტის და არასამთავრობოების რეკომენდაციის მიუხედავად, ოთხშაბათი დანიშნა.

როგორც პავლიაშვილი გვეუბნება, სხდომაზე ცესკოს არ წარმოუდგენია მნიშნველოვანი არგუმენტი, რომლითაც დაასაბუთებდა, რატომ არ დანიშნა არჩევნები უქმე დღეს.

არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება — ცესკო

მასალების გადაბეჭდვის წესი