ლიტვის ელჩის რეზიდენცია “პანორამა თბილისის” პროექტში

პროექტ „პანორამარა თბილისის“ განსახორციელებლად “თანაინვესტირების ფონდი” მუშაობას აგრძელებს და მერიისგან მშენებლობის ნებართვის მისაღებად ემზადება.

ამ ეტაპზე მერია განიხილავს სოლოლაკის ქედზე დაგეგმილ პროექტს, რომელიც ორი ნაწილისგან- „სოლოლაკის მაღლობისა“ და „სოლოლაკის ბაღებისგან“ შედგება. აქვე, ახალი კოჯრის გზის N5-ში ლიტვის ელჩის რეზიდენციაც მდებარეობს. აღნიშნული ნაგებობა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის მიმდებარედაა განთავსებული.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პასუხის თანახმად, დიპლომატის რეზიდენცია უშუალოდ არ ხვდება „პანორამა თბილისის“ საპროექტო არეალში. ამ შემთხვევაში შენობა „სოლოლაკის ბაღების“ ზედმეტად ახლო მომიჯნავე ხდება. საპირისპიროს გვიჩვენებს პროექტის ავტორების მიერ გავრცელებული  ვიდეო რგოლი, სადაც „სოლოლაკის ბაღების“ მაკეტია ასახული. ვიდეო რგოლიდან ჩანს, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა რეზიდენცია დგას, მხოლოდ სიმწვანეა. თუკი პროექტი იმგვარად განხორციელდება, როგორც ვიდეორგოლზეა ნაჩვენები, საკითხავია, რომელი სამანქანო გზით ისარგებლებს ელჩი რეზიდენციამდე მისასვლელად. ფონდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამანქანო გზა დარჩება და ისინი არც კერძო საკუთრებას შეეხებიან.

 

აღნიშნულ ტერიტორიას, 450 მ2-ს, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ამჟამად თეიმურაზ მაღრაძე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ფლობს. მაღრაძე ამბობს, რომ ნაკვეთის შეძენის სურვილით აქამდე არავის მიუმართავს და არც ის იცის, ზუსტად სად უნდა აშენდეს „პანორამა თბილისის“ სოლოლაკის ქედისთვის განკუთვნილი ნაწილი. 

 

ლიტვის საელჩოს ოფიციალური პასუხი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამგვარია: “ინტენსიური მშენებლობის მიუხედავად, რომლის შედეგადაც ხსენებული ადგილის იერსახე ყოველდღიურად იცვლება და კიდევ უფრო შეიცვლება, ელჩი ჯერჯერობით არ აპირებს თავისი რეზიდენციის ადგილმდებარეობის შეცვლას.“ ლიტვის ელჩი კომენტარს არ აკეთებს იმაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება რეზიდენციის სხვა ადგილზე გადატანასთან დაკავშირებით. 

 

ლიტვის ელჩის საცხოვრისი ახლა ნასახლარების გვერდით მდებარეობს. ამ ადგილზე წლების წინ ოცამდე ოჯახისგან შემდგარი პატარა უბანი მდებარეობდა. 

ის, თუ რა ბედი ეწევა დიპლომატის საცხოვრებელს, არც შპს „ფინსერვისი-XXI”-ში იციან. ეს კომპანია სს „ქართუ ჯგუფის“ დაქვემდებარებაშია და სოლოლაკის ქედის დიდ ნაწილს ფლობს. კომპანიამ კერძო მესაკუთრეებისგან მიწა წლების განმავლობაში ნაწილ-ნაწილ შეისყიდა. სწორედ ამ ნაკვეთებზე უნდა აშენდეს „სოლოლაკის მაღლობი“ და „სოლოლაკის ბაღები“. კომპანიის იურისტის, ბესიკ დემეტრაშვილის თქმით, პროექტის საზღვრები დაზუსტებული არ არის. „პანორამა თბილისის პროექტი განსახილველად მერიაშია შეტანილი და როცა საბოლოო სახე მიეცემა, მიწის საკითხიც შემდეგ გადაწყდება,“ – ამბობს დემეტრაშვილი. 

 

შპს „ფინსერვისი-XXI” ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის ტერიტორიასაც ფლობს. ივანიშვილი კი, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საცხოვრებელი კომპლექსით სარგებლობისთვის ქირას იხდის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
სტატია მომზადებულია პროექტის "ორგანიზებული დანაშაული და კორუფციის გაშუქება" ფარგლებში, reportingproject.net ნინო ბაქრაძე