ახალი ამბები

გალერეა Fotografia-ში დაგეგმილი იური მეჩითოვის გამოფენა გაუქმდა

13 ნოემბერი, 2018 • 3491
გალერეა Fotografia-ში დაგეგმილი იური მეჩითოვის გამოფენა გაუქმდა

თბილისში, გალერეა Fotografia-ში დაგეგმილი იური მეჩითოვის გამოფნა გაუქმდა. ამის შესახებ ნეტგაზეთის გალერიის დირექტორმა, ნინო-ანა სამხარაძემ უთხრა.

“ჩვენ დაანონსებული გვქონდა გამოფენა ჯერ კიდევ ბატონი იური მეჩითოვის ალ-ჯაზირასთვის მიცემული ინტერვიუს გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე. თუმცა, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ბევრმა ადამიანმა ფეისბუკზე საკმაოდ აგრესიული და მუქარის შემცველი ტექსტები დაწერა ჩვენი ღონისძიების აღწერაზე და, შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით,  გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე გამოფენა აღარ ჩავატაროთ,” – განმარტავს ნინო-ანა სამხარაძე.

ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ტელეკომპანია “ალ-ჯაზირასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს მომიტინგეები ჭყლეტაში ასფიქსიის შედეგად დაიღუპნენ. მეჩითოვი ამბობს, რომ იყო ცემის, დაშავების ფაქტები, მაგრამ ,როგორც ირწმუნება, აქციაზე მკვლელობა არ ყოფილა და არავის ჰქონია მკვლელობის სურვილი. მეჩითოვის თქმით, 9 აპრილის მიტინგის მონაწილეების უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცოდა, რას ეხებოდა აქცია და ისინი, უბრალოდ, შოუში მონაწილეობდნენ. მეჩითოვი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს ხელისუფლების ხელში ჩაგდება სურდათ.

ამ განცხადებას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეჩითოვს პირდაპირ ეთერში შეაგინა რ2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მეჩითოვს საჯაროდ მიმართა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ზვიად კვაჭანტირაძემ:

“საჯაროდ მოგმართავ. არ ვიჯერებდი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ძაან ცუდი რამე თქვი, მავნებლური და, რაც მთავარია, ტყუილი. ან უნდა განმარტო, რატომ შეგეშალა, თუ შეგეშალა და თუ ასეთ განმარტებას საჭიროდ თვლი, ან ყველას დიდი ბოდიში უნდა მოგვიხადო, რომ ძალიან ცუდი ტყუილი თქვი, რითაც ყველას შეურაცხყოფა მოგვაყენე. სხვაგვარად კი, ჩათვალე, სამუდამოდ დაიხურება შენი ფურცელი ამ ქვეყნის ისტორიაში”.

მეჩითოვის სახლთან რამდენიმე აქტივისტი მივიდა, მის კარზე მიამაგრეს სტიკერები “რუსეთი ოკუპანტია”. მეჩითოვის სახლთან მისული ადამიანები მას მოღალატეს ეძახდნენ და ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ “სხვა მოღალატეებსაც მიადგებიან კართან”.

რა მოხდა 9 აპრილს თავად სსრკ-ის საარქივო დოკუმენტების მიხედვით

მასალების გადაბეჭდვის წესი