ახალი ამბები

სახლში ვინმესთან მივარდნა არის მიუღებელი – სამადაშვილი იური მეჩითოვზე

12 ნოემბერი, 2018 • 1585
სახლში ვინმესთან მივარდნა არის მიუღებელი – სამადაშვილი იური მეჩითოვზე

“მსურს ისეთ საზოგადოებაში ვიცხოვრო, სადაც მეჩეთოვს და ყველა მსგავს, სწორ გზას აცდენილსაც, საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება ექნება, თუნდაც ჩემთვის სრულიად მიუღებელი, ამაზრზენი აზრისაც”, – ამ მოსაზრებას სოციალურ ქსელში დეპუტატი, ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი გამოთქვამს.

“სახლში ვინმესთან მივარდნა არის მიუღებელი. წერტილი”, – წერს სალომე სამადაშვილი.

ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ალ-ჯაზირასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს მომიტინგეები ჭყლეტვაში ასფიქსიის შედეგად დაიღუპნენ. მეჩითოვი ამბობს, რომ იყო ცემის, დაშავების ფაქტები, მაგრამ ამტკიცებს, რომ აქციაზე მკვლელობა არ ყოფილა და არავის ჰქონია მკვლელობის სურვილი. მეჩითოვის თქმით, 9 აპრილის მიტინგის მონაწილეების უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცოდა, რას ეხებოდა აქცია და ისინი უბრალოდ შოუში მონაწილეობდნენ. მეჩითოვი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს ხელისუფლების ხელში ჩაგდება სურდათ.

მისმა ამ განცხადებებმა სოციალურ ქსელებში მომხმარებლების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მეჩითოვს პირდაპირ ეთერში შეაგინა რ2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მეჩითოვს საჯაროდ მიმართა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ზვიად კვაჭანტირაძემ:

“საჯაროდ მოგმართავ. არ ვიჯერებდი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ძაან ცუდი რამე თქვი, მავნებლური და, რაც მთავარია, ტყუილი. ან უნდა განმარტო, რატომ შეგეშალა, თუ შეგეშალა და თუ ასეთ განმარტებას საჭიროდ თვლი, ან ყველას დიდი ბოდიში უნდა მოგვიხადო, რომ ძალიან ცუდი ტყუილი თქვი, რითაც ყველას შეურაცხყოფა მოგვაყენე. სხვაგვარად კი, ჩათვალე სამუდამოდ დაიხურება შენი ფურცელი ამ ქვეყნის ისტორიაში”.

მეჩითოვის სახლთან რამდენიმე აქტივისტი მივიდა, მის კარზე მიამაგრეს სტიკერები “რუსეთი ოკუპანტია”. მეჩითოვის სახლთან მისული ადამიანები მას მოღალატეს ეძახდნენ და ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ “სხვა მოღალატეებსაც მიადგებიან კართან”.

მეჩითოვმა თავის ინტერვიუზე განცხადება ასევე ფეისბუკით გაავრცელა. მან 1989 წლის აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტო გაავრცელა და დაწერა:

“ეს ჩემი ცნობილი სურათი გახდა 9 აპრილის ტრაგედიის გაპროტესტების სიმბოლოდ. და წუხილი დაღუპულების მიმართ არ განელებულა. კატეგორიულად უარვყოფ ჩემს მისამართით აბსურდულ ბრალდებებს. ქვეყანაში ვერ დასრულდა მტრების ძიება. ახლა მეც გამომიყვანეს მტრად, რადგან მაქვს ჩემი ცნობები ამ მართლა ტრაგიკული მოვლენის ირგვლივ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით ადამიანის მოსმენა. აი, ლაფში ადამიანის ამოსვრა და ამით პატრიოტის ნიღბის მორგება, ზოგიერთისთვის საქმედ იქცა… სჯობს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე რომ გვეკეთებინა”, – წერს მეჩითოვი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი