ახალი ამბები

კალაძე ენმ-ზე: ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში უმკაცრესად აგებენ პასუხს

12 ნოემბერი, 2018 • 1229
კალაძე ენმ-ზე: ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში უმკაცრესად აგებენ პასუხს

თბილისის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 12 ნოემბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” “ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში უმრაცრესად აგებს პასუხს”.

კალაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” გეგმები არა არჩევნებს, არამედ “რევოლუციურ სცენარს” უკავშირდება:

“ამ სცენარისთვის ნაციონალური მოძრაობა ყველა ინსტრუმენტს იყენებს. ისინი ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდნენ და ქართულ ჯარსაც კი შეეხნენ. სცადეს ამ ხელშეუხებელი ინსტიტუტის სახელის შებღალვა და პარტიული მიზნებისთვის გამოყენება. ისინი ყველაფერზე მიდიან, უკადრებელს კადრულობენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად”, – განაცხადა კალაძემ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა ჩაწერილი გენშტაბის ყოფილი უფროსის, დევი ჭანკოტაძისა და სხვათა მონაწილეობით. ვიდეოში ჭანკოტაძე აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანა რუსეთთან ომის დაწყებაში დაადანაშაულა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განაცხადა, რომ ვიდეომიმართვაში მონაწილე ადამიანები წლებია შეიარაღებულ ძალებში აღარ მსახურობენ. უწყებამ ვიდეოს “ჯარის პოლიტიზაციის მცდელობად” შეაფასა.

დღეს კალაძემ განაცხადა: “ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სააკაშვილის, ვაშაძის და მისი რუსი პოლიტოლოგების მიერ დაანონსებულ რევოლუციური გეგმების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში. კანონიდან გადახვევის, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ისინი უმკაცრესად აგებენ პასუხს”.

დევი ჭანკოტაძე სამხედრო სამსახურში აღარ არის და მას პოზიციის დაფიქსირება შეუძლია – ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი