ახალი ამბები

ჭიკაიძის თქმით, რუსეთი საქართველოს სტიქიასთან ბრძოლაში ეხმარება

19 მაისი, 2014 • • 1107
ჭიკაიძის თქმით, რუსეთი საქართველოს სტიქიასთან ბრძოლაში ეხმარება

“დილის 6 საათიდან კვლავ განახლდა სამუშაოები, იჭრება ახალი არხი, სადაც მოხდება წყლის მიმართულების გადაგდება და ბუნებრივად მიღებული კალაპოტის ჩაკეტვა მოხდება, რის შემდეგაც გამარტივდება სამუშაოების გაგრძელება. ღამის განმავლობაში მყინვარწვერზე თოვლის სახით ნალექიანობა იყო, რაც დაკვირვების ქვეშ არის ჩვენი მაშველების და გეოლოგების, ამ დროისთვის სახიფათო საშიშროებას არ წარმოადგენს, სამუშაოები აქტიურ ფაზაში არის. ალბათ 3–4 საათისთვის ახალ არხში უნდა იყოს წყალი გადაგდებული და მაშველები მთელი დატვირთვით და აქტიურად გააგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. 

 

რუსეთის ხელისუფლებასთან პირადად არ მქონია არავითარი კონტაქტი, უბრალოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს აქვს ურთიერთშეთანხმებითი მოქმედებები, ამ ეტაპზე რაღაცებში გვეხმარება რუსეთის მხარე, რისთვისაც მე მადლობას ვუხდი”, – აცხადებს ალექსანდრე ჭიკაიძე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან 18 ტონა დიზელი მიაწოდეს ლარსის მხარეს, მეწყერის მიერ ჩახერგილ ზონაში, სადაც შეუძლებელია ყაზბეგის მხრიდან ვერტმფრენით საწვავის მიწოდება. ლარსის მხარეს მომუშავე მძიმე ტექნიკა საწვავის მიწოდების შემდეგ შეუფერხებლად აგრძელებს გაწმენდით და საძიებო-სამაშველო სამუშაოებს.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, მდინარე დევდორაკის ხეობის ყველაზე მაღალ წერტილებში შექმნილია რამდენიმე საგუშაგო, სადაც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები იმყოფებიან. ისინი მეწყერსაშიშ ზონებს აკვირდებიან.

 

“საფრთხის არსებობის შემთხვევაში, რადიოკავშირით დაუყოვნებლივ აცნობებენ ხეობაში, ქვემოთ მდებარე საგუშაგოზე მყოფ საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რათა დროულად მოხდეს მეწყერსაშიში ზონიდან მძიმე ტექნიკისა და იქ მომუშავე პერსონალის ევაკუირება, რომლებიც ადგილზე საძიებო-სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ”, – აცხადებენ სამინისიტროში.

ამჟამად მეწყერის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანის ნაშალი მიწისგან განთავისუფლება მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი