ახალი ამბები

ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ – ლევან კობერიძე

12 ნოემბერი, 2018 • 5037
ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ – ლევან კობერიძე

“პარლამენტში ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ”, – ამის შესახებ ფეისბუკზე განცხადებას დეპუტატი მმართველი გუნდიდან ლევან კობერიძე ავრცელებს.

“ლუსტრაციის კანონი! სასწრაფოდ! იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს, იმისათვის, რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველო შენება, იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, პარლამენტში ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ – მივმართავ კოლეგა დეპუტატებს: შემომიერთდნენ და ერთად გადავდგათ ეს ნაბიჯი”, – აცხადებს ლევან კობერიძე.

ომბუდსმენის ოფისის მიერ მომზადებული პუბლიკაციის მიხედვით, ლუსტრაცია აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და კანდიდატთა შემოწმების განსაკუთრებული პროცედურაა, რომლის მიზანია გამოარკვიოს წარსულში ამ პირების კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობისადმი ან სახელმწიფო უშიშროების სამსახურისადმი კუთვნილება ან გამოამჟღავნოს ფაქტები ამ სამსახურებთან მათი თანამშრომლობის შესახებ.

“ლუსტრაცია ხორციელდება სპეციალური კანონების საფუძველზე (მათი უმრავლესობა 1990-1993 წლებში მიიღეს), როგორც წესი, სპეციალური ორგანოს მიერ (მაგალითად, უნგრეთში ლუსტრაციას ახორციელებდა პარლამენტის მიერ არჩეული კომიტეტი, რომელიც სამი მოსამართლისგან შედგებოდა). თუ ლუსტრაციის პროცესში დასტურდება ტოტალიტარულ რეჟიმთან თანამშრომლობის ფაქტები, პიროვნებას აქვს არჩევანი თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებასა (გამომჟღავნებული ფაქტების საიდუმლოდ შენახვის გარანტიით) და თანამდებობის იძულებით დატოვებას შორის (მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით)”.

საქართველოში ლუსტრაციის კანონი არა, მაგრამ არსებობს თავიუსფლების ქარტია, რომელიც 2011 წელს მიიღეს. ქარტია 2013 წელს მიღებული ცვლილებებით გაფართოვდა. ქარტია ებრძვის კომუნისტურ-ტოტალიტარულ სიმბოლოებს ასევე ითვალისწინებს თანამდებობრივ შეზღუდვებს სსრკი-ს სპეციალური სამსახურების თანამშრომლებისათვის, თუმცა სიები საჯარო არ არის.

ჯერჯერობით უცნობია, რას გულისხმობს ლევან კობერიძე ლუსტრაციის კანონში, თუმცა თავისუფლფების ქარტიაზე წერს, რომ ეს აქტი საზოგადოებისათვის თვალის ახვევა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი