ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომეხი გოგოსა და აზერბაიჯანელი ბიჭის მეგობრობა ომის რიტორიკის პირისპირ

10 ნოემბერი, 2018 • 4859
სომეხი გოგოსა და აზერბაიჯანელი ბიჭის მეგობრობა ომის რიტორიკის პირისპირ

აზერბაიჯანელი ბიჭი და სომეხი გოგო, რომლებმაც ფეისბუკზე საერთო ფოტო გამოაქვეყნეს, უეცრად კიბერბულინგისა და აგრესიული ნაციონალიზმის პირისპირ აღმოჩნდნენ. თანამოქალაქეების ნაწილისგან უარყოფითი გამოხმაურება მათ კიდევ ერთხელ არწმუნებთ, რომ ორ ერს შორის მშვიდობის დამყარებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმას სახელმწიფოთა აგრესიული ნაციონალისტური რიტორიკა უშლის ხელს.

ასია ხაჩატურიანმა და თეირან ბაირამოვმა წინა კვირას, თბილისში ყოფნისას, საერთო სელფი გადაიღეს. 4 ნოემბერს თეირანმა თბილისში გადაღებული სელფი თავის ფეისბუკზე ატვირთა, იქვე კი მეორე ფოტოც დადო, სადაც სომხეთისა და აზერბაიჯანის პასპორტები გვერდიგვერდ ჩანს. აგრესიულმა კომენტარებმა არ დააყოვნა.

ასიასა და თეირანის ფოტოზე კომენტარი გააკეთა ყარაბაღის დე-ფაქტო პრეზიდენტის სპიკერმა, მათი ფოტო მოხვდა მრავალ მედიაში, როგორც სომხეთში, ასევე – აზერბაიჯანში.

“სამშობლოს მოღალატე” და “გამყიდველი”, ალბათ, ყველაზე ნაკლებად მტკივნეულია იმ ეპითეტებს შორის, რასაც ასია ხაჩატურიანსა და თეირან ბაირამოვს ფეისბუკზე უწერენ.

გამოცემა Eurasianet-ს მათ ფოტოებზე დაწერილი რამდენიმე კომენტარი ჰქონდა ნათარგმნი. ასე, მაგალითად, ერთ-ერთი აზერბაიჯანულენოვანი მომხმარებელი წერდა: “ფრთხილად, რამე ხაფანგი არ იყოს. შეიძლება, შენი მოტაცება უნდათ”.

“ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ, ფრთხილად იყავი, სანამ გძინავს, თავი არ მოგაჭრას”, – დაწერა სხვა, სომხურენოვანმა მომხმარებელმა. 

“ომი – მომგებიანი ბიზნესი”

“მიუხედავად იმისა, რომ მე სომხეთში დავიბადე, თეირანი კი აზერბაიჯანში, ორივე ჩვენგანის გარშემო სიტუაცია ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ორივე ჩვენგანისთვის მარტივი არ აღმოჩნდა ამ ბულინგის წინაშე დადგომა”, უთხრა ასია ხაჩატურიანმა ნეტგაზეთს.

“ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის წინააღმდეგ ომში არიან ჩაბმულები, ჩვენ კი ორივეს გვეზიზღება ომი და მშვიდობის მხარდამჭერები ვართ. მე მართლა მჯერა, რომ ომი მხოლოდ გარკვეული ადამიანებისთვის მომგებიანი ბიზნესია – ყველაზე ბინძური და სამარცხვინო ბიზნესი – რის გამოც უამრავი ადამიანი იღუპება”, – ამბობს იგი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო დაწყებული კონფლიქტი მესამე ათწლეულს ითვლის. ამდენი წლის შემდეგ ჯერაც არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ კონფლიქტი, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, უახლოეს მომავალში შეიძლება მოგვარდეს.

აუსრულებელი ოცნებები

“მე ვოცნებობ აზერბაიჯანში წასვლაზე, მინდა ვნახო, როგორც ცხოვრობს ხალხი, გავეცნო მათ კულტურას, დავათვალიერო, როგორი შენობები აქვთ. თუმცა, სამწუხაროდ, ვიღაცებმა მრავალი წლის წინ გადაწყვიტეს, რომ ეს არ შემიძლია”, – ამბობს ასია ხაჩატურიანი.

ასიას თქმით, მას საზოგადოების ნაწილისგან უარყოფითი დამოკიდებულება არ ადარდებს, პირიქით, ეს მას ძალას მატებს.

“ძალიან ბევრი ადამიანი მაგინებს სომხეთში “მტერთან” მეგობრობის გამო, მაგრამ სამჯერ უფრო მეტი ადამიანი გვერდში მიდგას, მხარს უჭერს ასეთ ურთიერთობებს”, – ამბობს იგი.

მისივე თქმით, არსებობს “ძლიერი პროპაგანდა, რაც სიძულვილს აღვივებს, შურისძიების სურვილს ამძაფრებს და მტკივნეულ მოგონებებზე ნავთს ასხამს”, ეს კი მათ ქვეყნებს არ აძლევს საშუალებას, “ახალი ისტორია დაწერონ, ახალი დასაწყისი ჰქონდეთ”:

“მე ახალი ისტორია მინდა, უცოდველი მეგობრობა და მეზობლობა. იგივე სურს თეირანს, მაგრამ ჩვენ უბრალოდ გვეუბნებიან, რომ ამის დრო არ არის, ახლა ომის დროა და საკუთარი თავის გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ”.

როგორც ხაჩატურიანი ამბობს, თეირანი არ არის მისი ერთადერთი აზერბაიჯანელი მეგობარი: “არა მარტო აზერბაიჯანელი, არამედ თურქი მეგობრებიც მყავს, ვისთანაც იგივე ოცნებები მაკავშირებს. ომს საშუალება არ უნდა მივცეთ, დაგვაბრმავოს და ჩვენს ყოველდღიურობაში შემოიჭრას”, – ამბობს ასია. 

მათ ერთმანეთი საქართველოში, ერთ-ერთი სამშვიდობო პროექტის დახმარებით გაიცნეს. იმის გამო, რომ საქართველო ნეიტრალურ სივრცედ მოიაზრება, აქ არც ისე იშვიათად ტარდება სხვადასხვა პროექტი, რომელიც კავკასიის ხალხთა შორის “მშვიდობის მშენებლობას” ისახავს მიზნად და რომლებზეც აზერბაიჯანელ და სომეხ აქტივისტებს, სტუდენტებსა და სხვებს იწვევენ ხოლმე.

“საქართველო ჩემთვის სიყვარულის ქვეყანაა, ერთობის ქვეყანა, განსაკუთრებით ჩვენნაირი ქვეყნებისთვის. მტკიცედ მჯერა, რომ სიყვარული და მეგობრობა ერთ დღესაც გაიმარჯვებს და ადამიანები მეგობრებისა და კეთილგანწყობილი მეზობლების გარემოცვაში იცხოვრებენ”.

“ნეტგაზეთმა” სცადა დაკავშირებოდა თეირან ბაირამოვსაც, თუმცა იგი ამჟამად დაღესტანში იმყოფება და რამდენიმე დღეა, ინტერნეტთან არ ჰქონია წვდომა.

ნახეთ ასევე: 

“ვუდსტოკი კავკასიაში” — ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მუსიკოსები მშვიდობისათვის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი