აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება თბილისიდან და ფეტულა გიულენთან ასოცირებული ქართული კოლეჯის მენეჯერის დაკავება თბილისში; მთიანი-ყარაბაღის ‘ომის ღრუბლები’; თეთრი სახლის მიერ შემცირებული დაფინანსება კავკასიას; ეუთოს გადაწყვეტილება, სომხეთშიც გააუქმოს ოფისი, რითაც სამხრეთ კავკასიას ტოვებს; სამხრეთ ოსეთის ახალი როლი უკრაინული ‘სახალხო რესპუბლიკებისათვის’ – ესენია ძირითადი საკითხები, რაც 2017 წლის მაისში მოექცა საერთაშორისო მედიის, რეგიონის ექსპერტებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ფოკუსში.
[red_box]აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ჩაბუქის საქმეები – თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა[/red_box]
მაისში ყველაზე გახმაურებული ამბავი, რომელმაც საერთაშორისო მედიისა და ორგანიზაციების ყურადღება მიიქცია, 29 მაისს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეა. იმაზე, რომ საქართველო აზერბაიჯანიდან ალიევის რეჟიმის მიერ დევნილთათვის ‘დაკარგულ სამოთხედ’ გადაიქცა, წინა თვის გამოშვებაშიც ვწერდით. იმავეზე მიანიშნებს ‘როიტერსი’, იმავეს წერს გამოცემა ‘ევრაზიანეტიც’, სადაც ავტორი ბოლო თვეებში აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების საქმეებს მიმოიხილავს.
ჯამალ ალი, აქტივისტი, მუსიკოსი და ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს; ჟურნალისტი გიუნელ მევლუდი, რომელიც იძულებული გახდა მეუღლესთან ერთად ევროპაში გადასულიყო საცხოვრებლად; გიოზალ ბაირამოვა, პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც 12 ათასი ევროს უკანონოდ გადატანის ბრალდებით დააკავეს აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე და ა.შ. – ეს შემთხვევებ, და ოპოზიციონერებისა და რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებისათვის ბინადრობის მოწმობის გაცემაზე გახშირებული უარი აჩვენებს, რომ საქართველო, შესაძლოა, ავტორიტარი მეზობლების გავლენის ქვეშ ექცევა – წერს ‘ევრაზიანეტი’.
საუბარია არა მხოლოდ აზერბაიჯანზე, არამედ თურქეთზეც – მაისში ქართველმა სამართალდამცავებმა თურქეთის მხარის მოთხოვნის საფუძველზე ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს ფეტულა გიულენთან აფილირებული თბილისის დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი. თბილისმა თურქეთის თხოვნით სხვა ადამიანებიც დააკავა, სავარაუდოდ, გიულენთან შესაძლო კავშირის გამო.
ამ საკითხებზე სამი ქვეყნის ლიდერების დუმილი კითხვებს აჩენს რეგიონის ექსპერტებში, მაგალითად, კვლავ ‘ევრაზიანეტი’ წერს, რომ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც 5 წლის წინ შეიქმნა, განვითარების საინტერესო სტადიაში გადადის.
[red_box]‘მთიანი-ყარაბაღის ომის ღრუბლები’ – ‘კრიზისული ჯგუფის’ კვლევა[/red_box]
კონფლიტებზე მომუშავე ორგანიაზციამ, ‘საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა’ (ICG) გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ამჟამად ყველაზე ახლოს არიან სრულმასშტაბიან ომთან, ვიდრე ოდესმე 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.
კვლევა, ‘საბრძოლო ღრუბლები მთიან-ყარაბაღში’, ემყარება ადგილობრივ მოსახლეობასთან და რეგიონის ანალიტიკოსებთან, ასევე, ოფიციალურ პირებთან ჩატარებულ ინტერვიუებს. კვლევამ მედიის ყურადღება უკვე მიიქცია. მაგალითად, ‘როიტერსის’, რაც ამ კონფლიქტის მიმართ ინტერესს უსვამს ხაზს.
ICG სხვადასხვა, მათ შორის, ანონიმურ წყაროსთან ინტერვიუების შემდეგ წერს, რომ სომხეთი მზადაა, ღია სამხედრო დაპირისპირების ხელახლა დაწყების შემთხვევაში, უფრო შორს შევიდეს აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ანგარიში ასევე მიმოიხილავს კონფლიქტის პოლიტიკურ, სოციალურ, სამხედრო და დიპლომატიურ განვითარებას, ასევე, ცვლილებებს 2016 წლის აპრილის ოთხდღიანი დაპირისპირების შემდეგ. აქ წაიკითხავთ, რომ გასული წლის კონფლიქტმა აზერბაიჯანულ საზოგადოებაში პატრიოტიზმის ახალი ტალღა გააჩინა, რომელიც 1990-იანი წლების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის შემდეგ ასეთი აქტიური არ ყოფილა. სომხეთის საზოგადოებაში კი მმართველობის მიმართ მზარდი უნდობლობა გაჩნდა კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.
ICG ხაზს უსვამს იმასაც, რომ შეიარაღებული დაპირისპირები ასიათასობით ადამიანზე მოახდენს გავლენას და კავკასიაში კიდევ უფრო მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს შექმნის. ამიტომაც წერს, რომ მინსკის ჯგუფის ლიდერებმა, აშშ-მა და საფრანგეთმა, როგორმე უნდა მოახერხონ, თავიანთი საშინაო ცვლილებების ფონზე, უყურადღებოდ არ დარჩეთ ეს კონფლიქტი, რადგან იქ რუსეთი, ეუთოს მინსკის ჯგუფის (რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის მუშაობს) წევრებიდან რეგიონში ყველაზე გავლენიანი, კიდევ უფრო მეტად ძლიერდება.
თეთრი სახლის ბიუჯეტის ახალი პროექტით, აშშ-ის საგარეო დაფინანსება კავკასიაშიც მცირდება
როგორც ‘რადიო თავისუფლება’ წერს, აშშ საგარეო დაფინანსებას თითქმის მესამედით შეამცირებს 2018 წლისათვის, ყოველ შემთხვევაში, ასეთია 23 მაისს აშშ-ის თეთრი სახლის მიერ გამოცემული ბიუჯეტის პროექტი, რომელიც კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. დაფინანსება, სავარაუდოდ, შეუმცირდებათ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსაც.
ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სამხრეთ კავკასიის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება მოულოდნელი არ ყოფილა, – ამაზე საუბრობდნენ საერთაშორისო ‘ჩატამ ჰაუსში’, სადაც მოსალოდნელი ცვლილებები განიხილეს.
როდესაც გიორგი კვირიკაშვილი მაისის დასაწყისში ვაშინგტონში ტრამპს ეწვია, მისგან ‘პოზიტიური პარტნიორობის’ მესიჯები მიიღო, თუმცა შტატების საგარეო დაფინანსების შემცირებები საქართველოსაც შეეხება. აშშ-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი ფინანსები, პროექტის თანახმად, 80.6$ მლნ-დან 34.1$ მლნ-მდე შემცირდება 2018 წელს, აზერბაიჯანს კი თითქმის შეუწყდება. დაფინანსება მცირდება მცირე აზიაშიც.
[blue_box]სამხრეთ ოსეთი – ‘მცირე შვეიცარია’ დონბასისათვის[/blue_box]
აღმოსავლეთ უკრაინაში დე ფაქტო რესპუბლიკებმა ეკონომიკური გაძლიერებასთვის ახალი სტრატეგიების შემუშავებას აპირებენ, ამ პროცესში კი სამხრეთ ოსეთმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, წერს გამოცემა ‘სივიკმონიტორინგი’.
როგორც ავტორი ამბობს, სამხრეთ ოსეთი ცოტა ხნის წინ მოულოდნელად იქცა მცირე ‘საბანკო ცენტრად’, რომელიც ფინანსური სერვისებით აკავშირებს რუსეთსა და აღმოსავლეთ უკრაინაში კრემლის მიერ მხარდაჭერილ დე ფაქტო ‘სახალხო’ რესპუბლიკებს, რომლებიც უკრაინას ეკონომიკურ ბლოკადაში ჰყავს მოქცეული.
2015 წლის აპრილში სამხრეთ ოსეთისა და დონეცკისა და ლუგანსკის ‘სახალხო რესპუბლიკების’ დე ფაქტო ოფიციაულური პირები ცხინვალში შეხვდნენ ერთმანეთს. ორი კვირის შემდეგ სამხრეთ ოსეთში გაჩნდა საერთაშორისო ბანკი MRB, რომელიც ფინანსურ სერვისებს სთავაზობს მათ.
[gray_box]ერევანში ეუთოს ოფისი დაიხურება[/gray_box]
ევრობის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) სამხრეთ კავკასიაში უკანასკნელ, ეუთოს ოფისს ხურავს, რადგან მისი მანდატის გაგრძელებაზე შეთანხმება ვერ მოახერხერს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ოფისი კიდევ რამდენიმე თვით იმუშავებს, სამხრეთ კავკასიაში მათი სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მაინც აქტიურად იმუშავებს რეგიონში.
საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და აზერბაიჯანში ეუთოს ოფისების დახურვის გათვალისწინებით, ერევნის ოფისს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვიმედოვნებ, მისიის მანდატის ამოწურვამდე შესაძლებელი იქნება კომპრომისის მიღწევა, რათა ქვეყანას ჰქონდეს საშუალება, ეუთოს ოფისის მხარდაჭერით ისარგებლოს”.