ახალი ამბები

გახშირებული კრიმინალური თავდასხმები თბილისის ქუჩებში

18 მაისი, 2014 • • 1654
გახშირებული კრიმინალური თავდასხმები თბილისის ქუჩებში

მამაკაცს, რომელიც ბარნოვის ქუჩაზე დაჭრეს, ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (სსკ 118-ე მუხლი) და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება (სსკ 236-ე მუხლი) მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებული ჯერ პოლიციას არ გამოუვლენია და, შესაბამისად, არც დაუკავებია.

 

საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ნუცუბიძის მიკრორაიონში, ცემეს საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის გენერალურ მდივან ჰენრი კუპრაშვილს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მას მისმა მეზობელმა სცემა, რომელიც ასევე დაკავებული არ არის. ამ ფაქტს შსს-ში იმით ხსნიან, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე – ცემის მუხლით, მაგრამ დაზარალებულს ექსპერტიზა ხვალ, 19 მაისს უნდა ჩაუტარდეს, რის შემდეგაც უნდა გამოვლინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანების ხარისხი და ამის მიხედვით, შესაძლოა, მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება და შემდგომ შესაბისი ზომების გატარება.

 

თავად ჰენრი კუპრაშვილი სატელევიზიო ინტერვიუებში აცხადებს, რომ მას შვიდი ადამიანი დაესხა თავს და სასტიკად სცემა. მისივე თქმით, უბანში ხშირად არის თავყრილობები, ისმის გინება, ყვირილი, შემთხვევის ადგილზე მოდის პოლიცია, რომელიც შესაბამის ღონისძიებებს არასდროს ატარებს.

 

 

ბოლო პერიოდში არ არის იშვიათი თბილისის ქუჩებში თავდასხმების ფაქტები: 14 მაისს, თბილისში, კაფე ანტრეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს მწერალი მამუკა ხერხეულიძე, იმავე ღამით, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა ცეცხლსასროლი იარაღით, ცოლის ძმა კი – დაჭრა; 22 აპრილს ვაკეში მამაკაცმა ყოფილი ცოლი ხანჯლით დაჭრა. 


ერთ-ერთი ბოლო სოციოლოგიური კვლევით, რომელიც ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუმა (NDI) საქართველოში 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩაატარა, გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონზე გაიზარდა, 46% მიიჩნევს, რომ იგივე დარჩა, ხოლო 11%-ის აზრით კრიმინალის დონე შემცირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი