ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძე ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე

8 ნოემბერი, 2018 • 1368
გრიგოლ ვაშაძე ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე

“ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ჰელსინკიში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დაესწრო.

ყრილობის ფარგლებში ვაშაძემ შეხვედრები საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართა. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნები და მეორე ტურთან დაკავშირებული მოვლენები იყო:

‘საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გავმართეთ შეხვედრები ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროპის პარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელ ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატ მანფრედ ვებერთან და ევროპარლამენტის დეპუტატ გუნარ ჰოკმარკთან.

შეხვედრების მთავარი თემა იყო საპრეზიდენტო არჩევნები და მეორე ტურთან დაკავშირებული მოვლენები. ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიცია მკაფიოა – ისინი ყურადღებით აკვირდებიან, რომ არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. აგრეთვე ვისაუბრეთ რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის სისტემატიურად გადმოწევის ფაქტებზე და მათი მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაზე”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ყრილობაზე გრიგოლ ვაშაძე გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსაც შეხვდა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, მერკელს არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებზე ესაუბრა:

“‘ჰელსინკში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე გერმანიის კანცლერ ქალბატონ ანგელა მერკელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებზე ვესაუბრე, სადაც მან ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში”, – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი