ახალი ამბები

ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ჩიაშალა

16 მაისი, 2014 • • 940
ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ჩიაშალა

პარლამენტის სხდომის თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ რეგისტრაცია სამჯერ გამოაცხადა, თუმცა 76 დეპუტატს რეგისტრაცია არც ერთი კენჭისყრისას გაუვლია, შესაბამისად, პარლამენტის სხდომა ჩაიშალა. 

 

“კენჭისყრა არ ჩატარდება დღეს. გეცნობებათ მომდევნო სხდომის შესახებ. რიგგარეშე სხდომა იქნება მოწვეული,”-განაცხადა კობახიძემ.

 

პარლამენტს დღეს სხვადასხვა საკითხებთან ერთად პირველი მოსმენით “ეს შენ გეხებას” კანონპროექტისთვის კენჭი უნდა ეყარა, რომელიც უკანონო მოსმენებს ეხება.

 

პარლამენტი
პარლამენტი

ამ კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა უკვე განიხილა, ფარული მიყურადება უნდა განხორციელდეს მაშინ, თუ ეს წარმოადგენს აუცილებელ, შესაბამის და პროპორციულ საშუალებას ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის. ასეთი ლეგიტიმური მიზნებია ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უწესრიგობის და დანაშაულის თავიდან აცილება და ა.შ. გარდა ამისა, მოქმედი კანონით არ იყო განსაზღვრული დანაშაულთა კატეგორიები, რა შემთხვევაში შეიძლებოდა ფარული ღონისძიებების განხორციელება, ახლა კი ეს განისაზღვრა.

 

ცვლილებების მიხედვით, ასევე განისაზღვრება ის წრე, ვის მიმართაც შესაძლებელია ფარული მოსმენა განხორციელდეს. შავგულიძის განამარტებით, ეს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირია, ან პირი, რომელსაც პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს კომუნიკაციის განსახორციელებლად.  

 

“პროკურატურის შუამდგომლობაშიც და მოსამართლის განჩინებაშიც იყოს დასაბუთებული, რომ ფარული მიყურადება წარმოადგენს უკიდურეს საშუალებას მიზნის მიღწევისთვის. გარდა ამისა, დაცული უნდა იქნას შეტყობინების პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ პირს, რომლის მიმართაც ფარული ღონისძიება განხორციელდება, ოდესმე ამის შესახებ უნდა ეცნობოს და  გასაჩივრების უფლებაც განემარტოს მას,”-ამბობს შალვა შავგულიძე,  კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი