ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტი დაეთანხმა საპენსიო რეფორმაში ნებაყოფლობითობის პრინციპს, ოღონდ დროებით

16 მაისი, 2014 • • 1164
სომხეთის პარლამენტი დაეთანხმა საპენსიო რეფორმაში ნებაყოფლობითობის პრინციპს, ოღონდ დროებით

კანონპროექტის კენჭისყრაში 67 დეპუტატი მონაწილეობდა, აქედან 28-მ ხმა წინააღმდეგ მისცა, 29-მ კი – თავი შეიკავა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კანონმდებლები არც ამჯერად იყვნენ ერთსულოვანნი გადაწყვეტილების მიღების დროს.

წარწერა მაისურზე - მე წინააღმდეგი ვარ!
წარწერა მაისურზე – მე წინააღმდეგი ვარ!

 

მთავრობამ ამ კანონპროექტით შემხვედრი ნაბიჯი გადადგა როგორც ოპოზიციის, ისე სამოქალაქო ინიციატივის – “მე წინააღმდეგ ვარ” – მიმართ, რომლებიც ქვეყანაში ახალი საპენსიო სისტემის დანერგვას აპროტესტებდნენ. საკანონმდებლო ცვლილებებით, მოქალაქეები, რომლებსაც ეხებათ საპენსიო რეფორმა, თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუკი საპენსიო ფონდში არ გადაიხდიან გადასახადს, ან გადარიცხვის ვადას დაარღვევენ (შეგახსენებთ, რომ ეს გადასახადი განსაზღვრულია 5-დან 10%-მდე, იმის მიხედვით, თუ რამდენს შეადგენს მოქალაქის ხელფასი). ამას გარდა, თუკი მოქალაქე დამსაქმებელს წარუდგენს განცხადებას, რომ ის წინააღმდეგია დაგროვებით სისტემაში მონაწილეობის, დამსაქმებელს შეუძლია არ დაუქვითოს ეს თანხა და არ განახორციელოს შესაბამისი გადარიცხვა. ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დაუკავეს ხელფასიდან თანხა, მაგრამ იგი არ გადარიცხულა ფონდში მათ სახელზე, შეუძლიათ დაწერონ განცხადებები დამსაქმებლის სახელზე და უკან დაიბრუნონ თავიანთი ფული.

 

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ახალი კანონპროექტი დროებით იმოქმედებს, რაც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს აღნიშნული საკითხი ყველა მხარესთან სიღრმისეულად განიხილოს და იმის მიხედვით მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც მოსახლეობის უმრავლესობისთვის იქნება მისაღები. მთავრობა არ აპირებს სრულად თქვას უარი დაგროვებითი პენსიის შემოღებაზე და ამას ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო დემოგრაფიული სიტუაციითა და შეზღუდული შიდა რესურსებით ხსნის. თუკი ეს რეფორმა არ გატარდება, მომავალში ხალხის ნორმალური პენსიით უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება – აცხადებს მთავრობა.

 

ოპოზიცია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებას ათავისუფლებს დაგროვებითი საპენსიო სისტემის სავალდებულო კომპონენტისგან.

 

“ნებაყოფლობითობის პრინციპი უწინდებურად არ არის”, – აცხადებს ოპოზიციური პარტია “მემკვიდრეობის” თავმჯდომარის მოადგილე არმენ მარტიროსიანი – “რამდენადაც ყველა შემთხვევაში ამ უფლების მისაღებად მოქალაქემ უნდა გამოხატოს მონაწილეობის სურვილი და არ უნდა უწევდეს განცხადებების წერა ამ სისტემაში მონაწილეობაზე უარის შესახებ”.

 

რატომ არ უნდა შეეძლოთ მოქალაქეებს უბრალოდ უარი თქვან დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობაზე? ამას გარდა, მისივე თქმით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში სავალდებულო კომპონენტის მექანიზმის გამოყენებას აგრძელებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სრულად და უპირობოდ მოხდეს დაგროვებითი საპენსიო სისტემის სავალდებულო კომპონენტის გაუქმება.

არმენ მარტიროსიანი
არმენ მარტიროსიანი

 

კანონის საბოლოო რედაქცია 30 სექტემბრამდე უნდა იქნას მიღებული – სწორედ ასეთი ვადა განუსაზღვრა მთავრობას სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2 აპრილს, როდესაც კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო ამ კანონის რამდენიმე მუხლი.

 

ოპოზიცია და სამოქალაქო ინიციატივა – “მე წინააღმდეგი ვარ” აცხადებენ, რომ გულხელდაკრეფილი არ დაელოდებიან, როდის მიიღებს მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას. ისინი მზად არიან გააგრძელონ მასობრივი საპროტესტო აქციები მთელი რესპუბლიკის მასშტაბით მანამ, სანამ ხელისუფლება სრულად ნებაყოფლობითს არ გახდის დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი