“მუზეუმის მეორე სართულის მოაჯირი გადავარდა, რის შედეგადაც სამი ქალბატონი დაშავდა. ქალბატონები ექსკურსიაზე მყოფი თბილისის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლეების მშობლები აღმოჩნდნენ. ორი მათგანი მსუბუქად დაზიანდა, მესამის მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა” – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სახლ-მუზეუმის შენობას ახლახან ჩაუტარდა რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „საქ. კურორტის გორის სამშენებლო სამმართველომ’’ განახორციელა.
14 მაისს ვითარების გასარკვევად შემთხვევის ადგილს კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას დავალებით მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი ეწვია. აღმოჩნდა, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და შემთხვევას შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია იძიებს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ სამართალდამცავები საქმეს დროულად და ობიექტურად გამოიძიებენ.