ახალი ამბები

ID ბარათზე დამატებით ინფორმაციის დატანა მოქალაქის თანხმობით მოხდება

14 მაისი, 2014 •
ID ბარათზე დამატებით ინფორმაციის დატანა მოქალაქის თანხმობით მოხდება

საკანონმდებლო ცვლილების ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა, ინიციატივა კი საქართველოს მთავრობას ეკუთვნის.

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, კიდევ უფრო დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ცვლილებების საჭიროება, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულმა ვალდებულებებმაც, რომლებიც არაბიომეტრიული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის მაქსიმალურად შეზღუდვას და გაცემული არაბიომეტრიული დოკუმენტების მოქმედების მცირე ვადის დადგენას უკავშირდება.

 

კანონპროექტის თანახმად, ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე მფლობელის ნებართვას საჭიროებს ყველა იმ ინფორმაციის დატანა, რაც დღეს მასზე არ აისახება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, პირის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, გამცემი ორგანოს დასახელების, დოკუმენტის გაცემის თარიღის, მოქმედების ვადისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გარდა, არც ერთი მონაცემი არ დაიტანოს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე მისი მფლობელის თანხმობის გარეშე.

სანდრო ბარამიძე
სანდრო ბარამიძე

 

იცვლება საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადებიც − პასპორტი, რომელიც არ შეიცავს ბიომეტრიულ მონაცემებს, გაიცემა მხოლოდ ერთი წლის ვადით. იგივე ვადა ექნება ე.წ. მეორე პასპორტებს.

 

დღესვე საგარეო საქმეთა კომიტეტმა ის საკანონმდებლო ცვლილებაც განიხილა, რომელიც მოქალაქის სახელის შეცვლის პროცედურას აზუსტებს. დღეს სახელის შეცვლა ნებისმიერ მსურველს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეუძლია, რადგან მისი იდენტიფიცირება ხდება არა გვარ-სახელის, არამედ პირადი ნომრის საფუძველზე. თუმცა ევროკავშირის რიგ ქვეყნებში პირის სახელისა და გვარის შეცვლა ექვემდებარება შეზღუდვებს, რადგან ამ ქვეყნებში პირის ძირითად საიდენტიფიკაციო მონაცემს წარმოადგენს სახელი და გვარი. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ჩასული მოქალაქეების იდენტიფიცირება ხორციელდება მათი გვარებისა და სახელების საფუძველზე, რადგან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ წვდომა საქართველოს მოქალაქეების პირად ნომერთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებთან.

 

კანონპროექტის თანახმად, პირს უფლება ექნება,  თავისი სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. აღნიშნული ცვლილება  არ შეზღუდავს იმ პირთა უფლებას,  რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე ჰქონდათ შეცვლილი სახელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი