ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ებრაული უბანი, სადაც არც ერთი ებრაელი აღარ ცხოვრობს [Photo]

14 მაისი, 2014 • • 3605
ცხინვალის ებრაული უბანი, სადაც არც ერთი ებრაელი აღარ ცხოვრობს [Photo]
ქალაქში ჩამოსულები ამ უბნის ხშირი სტუმრები არიან, რადგან იგი სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია. თუმცა აქ ჩამოსულ, უცხოელ სტუმრებად გძრნობენ თავს ცხინვალელი ახალგაზრდებიც, რომლებმაც მხოლოდ უფროსი ასაკის თაობის ნაამბობით იციან, რა ხდებოდა ამ ადგილზე ადრე.
ზარინა სანაკოევა
ზარინა სანაკოევა

 

ებრაული უბანი მდინარის სანაპიროზეა გაშენებული. სწორედ აქ იყო ადრე ცხინვალის ცენტრი. 1990-იანი და 2008 წლების ომების დროს გაჩაღებული სროლების შედეგად ყველაზე მეტად ამ უბნის სახლები დაზიანდა, რადგან ისინი მთის ფერდობზეა შეფენილი.

 

ძველი ქართული ტაძარი ცხინვალის ებრაულ უბანში
ძველი ქართული ტაძარი ცხინვალის ებრაულ უბანში

გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტი გამწვავდა, სამხრეთ ოსეთიდან დევნილების მაშინდელ ტალღაში უმრავლესობა სწორედ ქალაქის ებრაული მოსახლეობა აღმოჩნდა. კონფლიქტის გარდა, ებრაელების ისრაელში გადინებას საბჭოთა კავშირის დაშლამაც შეუწყო ხელი. ცხინვალში არც ერთი მათგანი აღარ დარჩა და მხოლოდ მოგონებებიღა შემორჩა; ასევე, მეგობრული კავშირები, რაც ინტერნეტის გავრცელებასთან ერთად განახლდა.

 

ალა, ცხინვალის მკვიდრი, სკოლის მოსწავლე იყო, როცა ომი დაიწყო. მისი ოჯახი სწორედ ამ უბანში ცხოვრობდა, საერთო საცხოვრებელ სახლში. მას მხოლოდ სახალისო ამბები ახსენდება იმ პერიოდიდან:

“მახსოვს, რა დღეში იყვნენ ხოლმე ჩვენი ბიჭები: როდესაც გაიგებდნენ, რომ ებრაელების თემში დაკრძალვა იყო, ეგრევე იქ მირბოდნენ. როცა კუბოს გამოასვენებდნენ ხოლმე, ესენი მის ქვეშ გადაირბენდნენ. დღემდე არ ვიცი რატომ, მაგრამ ებრაელებში ეს ცუდის ნიშნად მიიჩნევა და ამიტომ ისინი ფულს აძლევდნენ ბიჭებს, რომ ისევ უკან გადმოერბინათ, იმავე გზით”, – იხსენებს ალა და ამბობს, რომ ის მენტალური სხვაობა, რაც იყო, მხოლოდ ხუმრობის დონეზე იჩენდა ხოლმე თავს.

რაოდენ შაბლონურადაც უნდა ჟღერდეს, ებრაელებს ხშირად ფულთან კონტექსტში ახსენებენ. ალექსეიც ამ რაიონში ცხოვრობდა ბავშვობაში. როგორც ის ჰყვება, შაბათობით ბევრ ფულს შოულობდა ხოლმე:


“შაბათობით იუდეველები ცეცხლს არ ანთებენ ხოლმე და ჩვენ გვეძახდნენ შინ და ჩვენც მანეთად ვუნთებდით ხოლმე ასანთს. ეს ფული კინოში წასასვლელად მშვენივრად გვყოფნიდა”, – სიცილით ჰყვება ალექსეი.

 

დღეს თუ გაივლით ებრაული უბნის ქუჩებში, ზოგიერთ სახლზე დაინახავთ აბრას, რომელიც იუწყება, რომ თქვენ წინაშეა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი და მისი დანგრევა ან აღება არ შეიძლება.


ხშირ შემთხვევაში ეს არის ძველთაძველი აგურის და ხის სახლები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავრობამ არ იცის, რა მოუხერხოს ამ უბანს. არქიტექტურული ძეგლების აღსადგენად ფული არ არის და ამასთან, იმ ადამიანებსაც, რომელთა სახლებიც 2008 წლის აგვისტოში დაიწვა, სადღაც უნდა მისცენ საცხოვრებელი. ამ სახლების გვერდით ახალი კერძო სახლები შენდება, რაც ასეთი არქიტექტურული ძეგლების გვერდით ერთგვარ სიურეალისტურ სურათს ქმნის.

ძველი და ახალი სახლები ებრაულ უბანში
ძველი და ახალი სახლები ებრაულ უბანში

ძველი და ახალი სახლები ებრაულ უბანში
ძველი და ახალი სახლები ებრაულ უბანში


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი