ახალი ამბები

აგულაშვილი: არის მაგალითები, როცა ეკლესიისთვის 1 ლარად გადაცემული ფართები შემდეგ ყიდვა-გაყიდვის ობიექტი აღმოჩნდა

13 მაისი, 2014 •
აგულაშვილი: არის მაგალითები, როცა ეკლესიისთვის 1 ლარად გადაცემული ფართები შემდეგ ყიდვა-გაყიდვის ობიექტი აღმოჩნდა

“სახელმწიფო და მართლმადიდებლური ეკლესია უნდა შეთანხმდნენ. ეს შეთანხმება უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე და უნდა ემყარებოდეს გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებს, რადგან არ შეიძლება ვინმეს განსაკუთრებული უფლებები მივანიჭოთ რაიმე ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებით. მე მომხრე ვიქნებოდი, რომ ისტორიული დოკუმენტების, საარქივო ჩანაწერების შესწავლა მოხდეს და გაირკვეს, რა ქონებას ფლობდა ეკლესია საქართველოს გაწითლებამდე. ამის შესწავლის შემდეგ, სადაც შესაძლებელია ის მიწები დაუბრუნდეს ეკლესიას, ხოლო რაც სახელმწიფოს საკუთრებაში არაა და დაბრუნება ვერ მოხერხდება, მხარეები უნდა შეთანხმდნენ, ფინანსური კომპენსირება მოხდება, თუ ქონებრივი.

 

ისიც არის, რომ შესაძლებლობები ყველას თანაბრად უნდა მიეცეს და თუ ხდება ისე, რომ ვიღაცას ქონება გადაეცა ერთი ლარით, ასეთი პირობით სარგებლობა ყველას უნდა შეეძლოს. სახელმწიფოს ქონების განკარგვის წესები უნიფიცირებული უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის,” – აცხადებს გიგლა აგულაშვილი.

გიგლა აგულაშვილი
გიგლა აგულაშვილი

 

დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ეკლესიას სხვადასხვა ქონება საკუთრებაში გადაეცა, თუმცა ამ ქონების განკარგვა შემდეგ სხვა მიზნებით მოხდა: 

 

“არის სამწუხარო მაგალითები იმისა, როდესაც სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემული ფართები ნაცვლად შესაბამისი მიზნობრიობისა, მაგალითად, რეზიდენციის ან ეკლესიის მოსაწყობად, სამწუხაროდ, შემდეგ ყიდვა-გაყიდვის ობიექტი აღმოჩნდა. ახალმა მფლობელმა გაყიდა, ოღონდ უკვე არა სიმბოლურ ფასად. ასეთი შემთხვევები დამაფიქრებელია სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ის ამგვარ თხოვნებს განიხილავს. სახელმწიფო უნდა დარწმუნდეს მიზნობრიობაშიც და ალბათ შემდეგ უნდა ჰქონდეს თვალის მიდევნების შესაძლებლობაც, რომ მომავალი გადაწყვეტილების მიღებისას უფრო ზუსტი ინფორმაცია მოითხოვოს და გააკონტროლოს კიდეც.”


შეგახსენებთ, რომ “ნეტგაზეთმა” საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა ქონების გადაცემა მოითხოვა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სახელმწიფოსგან 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის მაისამდე პერიოდში. სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, საპატრიარქომ ამ პერიოდში საქართველოს მასშტაბით 7 მილიონამდე კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემა მოითხოვა. ასევე, მოთხოვილი სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობები, ნივთები და ა.შ.. 

მასალების გადაბეჭდვის წესი