ახალი ამბები

საფეხბურთო ნაკრების ახალი ფორმა ეროვნული დროშის ფერების გარეშე

4 მარტი, 2014 • • 4118
საფეხბურთო ნაკრების ახალი ფორმა ეროვნული დროშის ფერების გარეშე

ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის სამსახურის უფროსი თათა ბურდული ამბობს, რომ “უეფამ” კომპანია adidas–ის მიერ შეკერილი ახალი ფორმის არჩევის საშუალება რამდენიმე ფედერაციას მისცა, თუმცა კატალოგში წარმოდგენილი მაისურებიდან საქართველოს დროშის ფერებში არც ერთი არ ყოფილა:

 

“მაისურების დამზადება არა მარტო დროშის ფერებში, არამედ ფედერაციის კორპორატიულ ფერებშიც ხდება ხოლმე, მაგრამ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ენიჭება ნაციონალურ ფერებს. ჩვენ პირდაპირი ურთიერთობა adidas–თან არ გვქონია, ეს იყო “უეფას” პროგრამა, “უეფამ” 10–ზე მეტ ფედერაციას გაუკეთა შეთავაზება და გადასცა სათამაშო ფორმები და ეკიპირება. ამ შემთხვევაში ამ შეთავაზებისთვის გაკეთდა საერთო კატალოგი ყველა ფედერაციისთვის, ფედერაციებს შეეძლოთ იქიდან აერჩიათ მხოლოდ მაისურები და დამატებითი შესწორების გაკეთების საშუალება არ გვქონია. თუმცაღა ჩვენ მივმართეთ მათ და ვუთხარით, რომ ლურჯი ჩვენს ნაციონალურ ფერებში არ არის და იქნებ იყოს თეთრი წითელი ზოლით, მაშინ გაკეთდა მათი მხრიდან განმარტება, რომ მოცემული კატალოგი არ შეიცვლება რომელიმე კონკრეტული ფედერაციის სურვილის შესაბამისად და ეს კატალოგია, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ”, – აცხადებს თათა ბურდული.

 

მისივე თქმით, ფედერაციაში ახლა რებრენდინგი მიმდინარეობს და სექტემბრამდე როგორც ფედერაციას, ასევე, ეროვნულ ნაკრებს ახალი ლოგო ექნება:

 

“ფედერაციაში ახლა მიმდინარეობს რებრენდინგი, რომელიც შარშან თებერვალში დაიწყო და 2016 წლის შესარჩევი ეტაპისთვის დასრულდება, შესარჩევი ეტაპის დასაწყისი არის მიმდინარე წლის სექტემბერი, პირველი თამაში გვაქვს სექტემბერში. სექტემბრამდე ფედერაციას ექნება ახალი ლოგოტიპი და საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც ექნება ახალი ლოგო. ჩვენი გადაწყვეტილებით ნაკრების მაისურზე დაიწერება Georgia  და არა GFF, რადგან ხაზი გვინდა გავუსვათ იმას, რომ ეს ბიჭები არა ფედერაციის სახელით, არამედ საქართველოს სახელით თამაშობენ. ეს შემდგომი გაყიდვების გაზრდის მხრივაც უკეთესია, ძალიან ბევრ ფედერაციას აქვს ასეთი მიმართულება, რომ მაისურზე აქვთ ქვეყნის სახელი და არა ფედერაციის ლოგო. თუმცა არის, მაგალითად, პოლონეთს ნაკრები, რომლის ფორმასაც აქვს სახელმწიფო გერბი და ფეხბურთის ფედერაციის გერბი მაისურზე, ორივე ერთად. ამ შემთხვევაში ჩვენ, ვინაიდან სექტემბრამდე არ გვექნებოდა ახალი ლოგოტიპი გარდამავალ ეტაპზე არ გვინდოდა დაგვეწყო ძველი ლოგოტიპით, გადავწყვიტეთ სახელმწიფო გერბით გვესარგებლა, რომელიც უეფას მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს, არ არის აკრძალული და საქართველოს შესაბამის კანონსაც არ აქვს არანაირი აკრძალვა გერბის გამოყენებასთან დაკავშირებით”


მასალების გადაბეჭდვის წესი