მთავრობის გადაწყვეტილებას მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.
ის ამ ფაქტს მიესალმება და აღნიშნავს, რომ მსგავსი საკითხები “საზოგადოებისა და საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს”.
“ხელისუფლების მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან გაზიარებული, კანაფის კანონის გამოწვევაზე, პასუხობს საზოგადოებაში არსებულ განწყობასა და მოლოდინს. ეს იყო ის რაც ჩემ სამ თვიან კამპანიის დროს ყველგან მოვისმინე ხალხისგან, უპირველეს ყოვლისა დედებისგან, საქართველოს ყოველ რეგიონში … მიხარია რომ ამ საერთო დასკვნამდე მივედით რამეთუ ასეთი საკითხი საზოგადოების და საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს”, – წერს ზურაბიშვილი ფეისბუქზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ილია II-სთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს.
მარიხუანის სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის წარმოება/ექპორტზე გატანასთან დაკავშირებით ინიციატივის ერთ-ერთი ავტრორი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იყო.
როგორც ივანიშვილმა სამ ტელეწამყვანთან ინტერვიუში აღნიშნა, მარიხუანის სამედიცინო/კოსმეტიკური მიზნებისთვის წარმოებითა და ექსპორტზე გატანით შესაძლოა ქვეყნის ბიუჯეტში მილიარდი დოლარი ან უფრო მეტი შევიდეს.
თუმცა კანონპროექტს მოჰყვა საზოგადოების ნაწილისა და საპატრიარქოს კრიტიკა, რის შემდეგაც პარლამენტმა კანონპროექტი შეაჩერა.